ლუკაშენკომ პოლონეთის ნამდვილი სახე წარმოაჩინა

November 17, 21:11
0
87

„წყლის ჭავლის გამოყენება ყინვიან ამინდში მიუღებელია“, — განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს კომისარმა ნილ მუიჟნიექსმა. თუმცა მან ეს 2014 წლის თებერვალში თქვა, როდესაც კიევის მაიდანი მოინახულა და უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების მიერ „ძალის გადამეტებული გამოყენება“ დაგმო.

როგორც ჩანს, ევროპის საბჭოსა და მისი აწ უკვე ყოფილი კომისრის მუიჟნიექსის ასეთსავე მტკიცე და ერთმნიშვნელოვან რეაქციას ახლაც უნდა ველოდოთ, რომელიც ამჟამად ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ევროპული ოფისის დირექტორია. როგორც მახსოვს, ეს ორგანიზაციაც ასევე მრისხანედ გმობდა ძალოვნების მიერ წყლის ჭავლის გამოყენებას ცხელ ამინდშიც კი. მაგალითად, როდესაც ჩინეთის ხელისუფლება ჰონკონგში არასანქცირებულ დემონსტრაციებს შლიდა, Amnesty International-ი აცხადებდა, რომ წყლის ჭავლი საშიში იყო მომიტინგეების ჯანმრთელობისთვის.

სამშაბათს პოლონეთ–ბელარუსის საზღვარზე ნულოვან ტემპერატურაზე პოლონელმა ძალოვნებმა არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი მიგრანტების წინააღმდეგ, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ. მაგრამ არც ევროპის საბჭოს, არც Amnesty International-ს აქამდე არ გამოუჩენიათ ისეთი ოპერატიულობა, როგორიც მათ კიევში ან ჰონკონგში ხელისუფლების ქმედებებზე გამოავლინეს.

გაეროში განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ პოლონეთის საზღვარზე წყლის ჭავლის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა წამყვანმა ტელეარხმა იმავე დღეს აჩვენა კადრები, რომლებზეც პოლონელების მიერ წყლის ჭავლისა და შუქბგერითი ყუმბარების გამოყენებაც კია აღბეჭდილი.
თუმცა ეს კადრები ზოგ შემთხვევაში ძალიან არაობიექტურად შუქდებოდა. მაგალითად, CNN-ის რეპორტიორმა მეთიუ ჩენსმა, რომელიც თავადაც მოჰყვა წყლის ჭავლის ქვეშ, თავის სიუჟეტში განაცხადა, რომ ახლოაღმოსავლელი მიგრანტები პოლონელ მესაზღვრეებს ქვებსა და ყუმბარებსაც კი ესროდნენ. და თუ საუბარი მართლაც არის ყუმბარებზე, მაშინ წყლის მფრქვეველი მანქანების ამოქმედება უკვე აღარ ჩანს გადაჭარბებულად. ხოლო იმ ფაქტს, რომ ჩენსის გარდა მიგრანტებისთვის ყუმბარები არავის შეუნიშნავს, CNN-ის მაყურებელი არ აუღელვებია.

ВВС-ს მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტ სტივ როზენბერგს მიგრანტებისთვის არც ყუმბარები შეუმჩნევია, არც ბომბები და არც ჭურვები. სამაგიეროდ მან პოლონელების მიერ სპეცსაშუალებების გამოყენებას მარტივი ახსნა მოუძებნა: დამნაშავეა მინსკი. როზენბერგმა გასაგებად აუხსნა მაყურებელს, რაც ხდებოდა: „ეს ის სურათია, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს სურს აჩვენოს მსოფლიოს. ბელარუსი ცდილობს წარმოაჩინოს ევროპა გულგრილად, სასტიკად და არაადამიანურადაც კი“.
გამოდის, რომ თუ ბელარუსებს ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდათ, მათ ეს გამოუვიდათ. თუმცა ჩენსს, როზენბერგსა და მათ კოლეგებს მაინც გვინდა ვკითხოთ: ეს პოლონურად გადაღებილი ბელარუსული წყლის მანქანები რწყავდნენ უბედურ ლტოლვილებს პოლონეთის ტერიტორიიდან თუ ევროპა ახლა მართლაც იმდენად სასტიკია და არაადამიანური, რომ ნულოვან ტემპერატურაზე წყლით ასველებს ადამიანებს?
სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, როგორი რეაქცია ჰქონდათ დაშლის ამ სასტიკ მეთოდზე უცხოეთში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერებს, რომლებიც გამუდმებით არიან აღშფოთებულები მინსკელი ძალოვნების, მათი აზრით, გაუმართლებლად სასტიკი ქმედებებით. ევრორადიომ (ბელარუსული ოპოზიციური რადიო, რომელსაც ვარშავაში აქვს ბაზა და ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდება) გამოკითხვა ჩაატარა იმის თაობაზე, გამართლებულია თუ არა წყლის ჭავლის გამოყენება ყინვაში. და აუდიტორიის დიდმა უმეტესობამ ერთმნიშვნელოვნად მოიწონა ეს ქმედება.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პოლონეთშიც კი ისმის ჯანსაღი ხმები, რომლებიც თავიანთი ძალოვანების არაადეკვატურ ქმედებას გმობენ არც ისე მასშტაბური კრიზისის პირობებში — ყოველ შემთხვევაში, ევროპის სხვა კრიზისებთან შედარებით. მაგალითად, ვიდეოკადრებმა, რომელზეც ჩანს, როგორ ყრიან მესაზღვრეები მავთულხლართებს მიღმა მტირალ ბავშვებსა და მათ დედებს, აღაშფოთა ცნობილი პოლონელი მსახიობი და მომღერალი ბარბარა კურდე-შატანი. მან ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ასე დაახასიათა თანამემამულეთა საქციელი: ეს უგულო, უტვინო, უყველაფრო მანქანები არიან, რომლებიც ბრმად ასრულებენ ბრძანებებს… მკვლელები!“
მსახიობი მაშინვე იქცა დევნისა და ოსტრაკიზმის ობიექტად. მისთვის მოიცალეს პროკურატურამ და ანტიპოლონიზმის მონიტორინგის ცენტრმა (ასეთი სტრუქტურებიც არის ქვეყანაში). ხოლო იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზებრომ, სკანდალზე საპასუხოდ, განაცხადა, რომ ამზადებს ცვლილებებს ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში, რათა გამკაცრდეს პასუხისმგებლობა „პოლონეთის სახელმწიფოს ან ქვეყნის იმიჯის წინააღმდეგ ჯაშუშობასა და დეზინტეგრაციულ ქმედებებზე“.

მინისტრს აშკარად სჯერა, რომ მსახიობის აღშფოთება ძალოვანების მხრიდან ბავშვების მიმართ ბარბაროსული ქმედებების გამო უფრო მეტად აფუჭებს ქვეყნის იმიჯს, ვიდრე თავად ძალოვანების ქმედებები. მაგრამ თითქმის ვერაფერი შელახავს იმიჯს იმაზე მეტად, ვიდრე წყლის ჭავლის გამოყენება გაყინული ადამიანების წინააღმდეგ. და, მაინც, მუქარამ მსახიობზე იმოქმედა — ის იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა მესაზღვრეების მიმართ გამოთქმული მკაცრი სიტყვებისთვის. კურდეი-შატანმა დაწერა: „მე ორი შვილის დედა ვარ. არ შემიძლია ვუყურო ტანჯვას, განსაკუთრებით ბავშვებისას. მე არ ვიღებ ასეთ სამყაროს და ვერასდროს მივიღებ. ჩემი ემოციები ასეთი ვიდეოს ყურებისას არ შეიცვლება… მაგრამ მე ბოდიშს გიხდით არასათანადო ენისა და ლანძღვის გამო“… თუმცა მსახიობის ბოდიში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დევნას შეაჩერებს.
როგორც ხედავთ, პოლონეთში ძნელია გააკრიტიკო მთავრობა მიგრანტების მიმართ არაადამიანური მოქმედების გამო. სხვათა შორის, ამ სიტყვას და, მით უმეტეს, სიტყვას „ლტოლვილები“ პოლონეთის ხელისუფლება და მასმედია ​​საგულდაგულოდ გაურბიან. საზღვარზე მომხდარი მოვლენების აღწერისას ისინი ერთხმად იყენებენ სიტყვას „უცხომიწელები“. ეს აადვილებს მოქალაქეების ცნობიერებაში მათთვის ადამიანის სახის წაშლას, ვის წინააღმდეგაც ჯარი, ტანკები და წყლის ჭავლია გადასროლილი.

სწორედ ამიტომ პოლონურ მასმედიაში პრაქტიკულად არ არსებობს მასალები, რომლებიც საზღვარზე წარმოქმნილი პრობლემების ნამდვილ მიზეზებს გააანალიზებდა. ეს გერმანელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ აღნიშნონ, რომ ევროპაში პოლონეთის გავლით იჭრებიან მაინც ადამიანები, და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და რისთვის იყენებს მათ. მაგალითად, ბრანდენბურგის მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიქაელ შტუბგენმა განაცხადა: „ეს არის ჰიბრიდული ომი. მაგრამ ლტოლვილები ადამიანები არიან. <…> ჩვენ უნდა შევასრულოთ ჰუმანიტარული ვალდებულებები“. ევროპა საგანგაშო დროში ცხოვრობს, თუ საზოგადოებას იმის შეხსენება სჭირდება, რომ „უცხომიწელებიც“ ადამიანები არიან.
იმავე მიზეზით — ლტოლვილების დეჰუმანიზაციის მიზნით — დასავლური მედია ცდილობს ყველაფერში ბელარუსი და, რა თქმა უნდა, რუსეთი დაადანაშაულოს. მხოლოდ ძალიან ცოტა სვამს კითხვას, რა არის ჩვენ თვალწინ დატრიალებული ადამიანური ტრაგედიის რეალური მიზეზი? ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი მიატოვა და მათთვის სრულიად უცხო ქვეყნებში შეჭრას ცდილობს. ერთ-ერთ ასეთ იშვიათ მაგალითად იქცა ჰოლანდიური გაზეთი NRC, რომელმაც გამოაქვეყნა რეპორტაჟი ერაყის ქურთისტანიდან, სადაც ახლა ბევრს აბოდებს მინსკში გაფრენის იდეა.

ეს რეპორტაჟი ევროპაში, პოლონეთში მცხოვრებლებმა უნდა ნახონ, რომლებიც ლტოლვილებს სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ისინი შეიტყობენ, რომ ბევრ მათგანს უბრალოდ არსად დასაბრუნებელი აღარ აქვს. NRC 37 წლის ქურთს ესაუბრა, რომელმაც სახლი გაყიდა, რათა ბილეთები შეეძინა თავისთვის, მეუღლის, დედისა და სამი შვილისთვის, მაგრამ ფული მაინც არ ეყო. ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯისკენ მას ლუკაშენკომ ან პუტინმა კი არ უბიძგეს, არამედ სრულიად გამოუვალმა მდგომარეობამ, რომელშიც ამერიკელების მიერ „გათავისუფლებული“ და მათ მიერ გამოყენებული თავდადებული ქურთები აღმოჩნდნენ. ეს არის ის, რასაც ვერ ნახავთ CNN-ის რეპორტაჟებში და, მით უმეტეს, პოლონურ მასმედიაში.
შემთხვევითი არ არის, რომ ვლადიმირ პუტინმა ბოლო ინტერვიუში გაიხსენა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი კრიზისზე: „ეს არის მიზეზები, რომლებიც თავად დასავლეთის ქვეყნებმა შექმნეს, ევროპულმა ქვეყნებმა. ისინი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ხასიათისაა. სამხედრო იმიტომ, რომ ყველამ მიიღო მონაწილეობა, ვთქვათ, ერაყში ოპერაციებში და ახლა იქ ბევრი ერაყელი ქურთია; ისინი ავღანეთშიც იბრძოდნენ ოცი წლის განმავლობაში, და ახლა იქ უფრო და უფრო მეტი ავღანელია“.

ეჭვგარეშეა, რომ ავღანეთში ვითარების გაუარესებასთან ერთად (მასობრივი შიმშილის საფრთხე ამ ზამთარში რეალურად დგას), იქიდან ლტოლვილთა ნაკადი კოლოსალურ ხასიათს მიიღებს. პოლონელები კი ირწმუნებიან, რომ ავღანელები ცენტრალური აზიიდან მიფრინავენ მათთან. ეყოფა კი ევროპას საკმარისი წყლის ჭავლი ამ ლაშქრების შესაკავებლად? თუ ვინმე მაინც მიხვდება, რომ პრობლემების მოგვარება მათი წარმოშობის ადგილზე ჯობს, და დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც დასავლეთის ძალისხმევით (გაითვალისწინეთ, იგივე პოლონელების მხარდაჭერით) არიან დანგრეული?
ყოველ შემთხვევაში, რუსეთი მოუწოდებს ევროპას, მეორე გზით წავიდეს, უარი თქვას სასოწარკვეთილი ადამიანების მიმართ სისასტიკეზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პოლონელების საქციელს აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა:
„მიმაჩნია, რომ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სროლები მიგრანტების თავზე ბელარუსის სახელმწიფოს მიმართულებით — ეს ყველაფერი ასახავს საკუთარი ქმედებების დამალვის სურვილს. შეუძლებელია მათ არ ესმოდეთ, რომ ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმასა და მსოფლიო თანამეგობრობის სხვა შეთანხმებებს არღვევენ. <…> ამ შემთხვევაში პოლონეთი მძვინვარებს. ბრიუსელის ხელმძღვანელობა ღია, „შიშველ“ ორმაგ სტანდარტებს მიმართავს, რითიც თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებს“.

სწორედ ამიტომ არის კიდეც ზოგჯერ სასარგებლო ევროკომისრებისა და უამრავი უფლებადამცველისთვის თავიანთივე სიტყვების შეხსენება, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება მიუღებელია. ერთიც ვნახოთ და აგვიხსნიან, რა განსხვავებაა იანუკოვიჩის „ტოტალიტარულ“ წყლის ჭავლსა და ვარშავის „დემოკრატიულ“ ჭავლს შორის.

ვლადიმირ კორნილოვი

წყარო: https://sputnik-georgia.com/20211117/lukasenkom-polonetis-namdvili-saxe-warmoacina-262146863.html

Cesko