ლილუაშვილის უწყება 4 000 ფერად სამიზნეს ყიდულობს – ტენდერის დეტალები

November 15, 06:34
0
3 views

გრიგოლ ლილუაშვილის უწყებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მალე 4 000 ფერადი სამიზნე ექნება, რომელიც 80 გრამიან ქაღალდზე იქნება დაბეჭდილი, უწყებამ ქაღალდის ფერადი სამიზნეების შესასყიდად უკვე გამოჰყო 10 000 ლარი.

დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერ შედგა ორი პატაკი, რომლის შემდგომაც 28 ოქტომბერს შედგა სხდომა, რომელსაც ესწრებოდა სუს-ის 12 მაღალჩინოსანი, დიახ, 12. აქვე განმარტებულია, რომ ვერ ესწრება სხდომას მე-13 მაღალჩინოსანი. ოქმს 12 ხელმოწერა აქვს.

4 000 ქაღალდის ფერადი სამიზნის საყიდლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 12 მაღალჩინოსნის შეკრება – ალბათ, ლოგიკურია, განსაკუთრებით ამ დროს, თორემ, ისე, ხომ არ მოსცდებოდნენ საქმეს?

მიწოდების ვადაა – 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

ტენდერი 7 ნოემბერს გამოცხადდა, მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო და 6 800 ლარი წარმოადგინა ფასი, შესაბამისად, სუს-ს, სამიზნეებისთვის გამოყოფილი 10 000 ლარიდან, 3 200 ლარი, ასე ვთქვათ, მორჩა.

მას შემდეგ, რაც სუს-იდან სავარაუდო ჩანაწერები წყალივით მოედინება, ალბათ, ფიქრობდით, რომ ისინი მოსასმენ აპარატურაზე გამოაცხადებდნენ ტენდერს, მაგრამ, როგორც ხედავთ, სროლაშიც ვარჯიშობენ ხოლმე. იმედია, ეს ვარჯიში შედეგს გამოიღებს და გასართობად არ ვხარჯავთ ფულს, იმედია, ამ ვარჯიშის შედეგი მართლაც სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად იქნება გამოყენებული!

საინტერესო იქნებოდა შედეგების ნახვაც, რომელი მაღალჩინოსანი როგორ ისვრის.

Cesko