„უფრო მკაცრი გადაწყვეტილებებია მისაღები, თუნდაც მიზნობრივ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია“ – ნიკოლოზ გამყრელიძე

November 14, 23:07
0
7 views

„უფრო მკაცრი გადაწყვეტილებებია მისაღები, თუნდაც მიზნობრივ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია“ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა “ანალიტიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ის თვლის, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის დაბალი მაჩვენებლის გამო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დროულად ვერ გამოსწორდება და სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის უწყებთაშორის საბჭოს უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო.

„მქონდა მოლოდინი, რომ „მწვანე პასპორტი“, მეტად „იმწვანეპასპორტებდა“, ვიდრე მხოლოდ დავუშვათ კაფე-ბარში, რესტორანში და ფიტნეს კლუბში“, – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს, რომ პანდემია ინფრასტრუქტურულად, ლოგისტიკურად და ადამიანური რესურსების მხრივ დიდ რყევებს იწვევს და თუ სერიოზული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ის არსად წავა.

„რეგულაციების გამკაცრების მხრივ უფრო მეტის მოლოდინი მქონდა. არ ვიცი ეს რეგულაციები რამდენად მოგვცემს შედეგს. სამწუხაროდ იმ შტამებისთვის, რაც ახლა ცირკულირებს 60%-იანი იმუნიზაციის მაჩვენებელი არ არის საკმარისი. ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ვაქცინაციის ამ ნიშნულზე არიან კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, მაგრამ ის ქვეყნები სადაც ვაქცინაცია 80%-მდე ავიდა, იქ ფაქტობრივად პანდემია დამთავრებულია. ჩვენ ახლა 33-34%-ზე ვართ გაჭედილები, ანუ გადაწყვეტილება იმის შესაბამისი უნდა იყოს, რომ ვაქცინაციის მაღალი ნიშნული ავიღოთ.

იმ სტიმულირებით თუ რეგულაციით, რაც მიიღეს 35%-ზე ვიქნებით თუ 40%-ზე ეს სურათს მნიშვნელოვნად არ შეცვლის, მნიშვნელოვნად არ შეამცირებს ჯანდაცვის სექტორის დატვირთვას და სამწუხაროდ, კვლავ დიდი დანაკარგები გვექნება. ამიტომ მგონია, რომ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებებია მისაღები, თუნდაც მიზნობრივ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია.

ყოველდღიურად ქვეყანა საშუალოდ 50 ადამიანს კარგავს და პირველადი აცრების რაოდენობა 1 000-2 000-ია, ფაქტია რომ იმ ნიშნულთან ვართ, როდესაც ნებაყოფლობით აცრის პოტენციალი თითქმის აღარ არის. დემოკრატიის განვითარებაში ჩვენ განვითარებულ ქვეყნებს ვერ შევეჯიბრებით და მათ მიიღეს ეს საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებები, რათა მეტი ადამიანი გადარჩეს.

თუ არ მივიღეთ უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეს პანდემია არსად წავა… 2 თვე მოვა გადაგვივლის, მერე ბუნებრივად ჩაცხრება და ისევ წამოვა. იქნებ მანამდე მედიკამენტი გამოიგონონ და ამ იქნების იმედად ხომ არ ვიქნებით, როდესაც ეს იარაღი (ვაქცინაცია) გვაქვს ხელში“, – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

Cesko