რატომ არ შეუშვეს ევროპარლამენტარი სააკაშვილთან ციხეში? – რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე

November 14, 22:54
0
5 views

ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ანა ფოტიგას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილთან სხვა პატიმრებთან შედარებით, მნახველთა მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია.

„ბევრი ფაქტორი მიიღება მხედველობაში, როცა კონკრეტული პირის დაშვებაზე მიიღება გადაწყვეტილება, მათ შორის, სხვა ნებართვების სიმრავლე და ა.შ. მე მგონი, აქვე უნდა ვთქვა, სააკაშვილის მონახულებასთან და ამ კუთხით ნებართვების გაცემასთან დაკავშირებითაც, რომ სააკშვილს ნამდვილად არასდროს შექმნია პრობლემა და მთელი ამ ხნის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი იყო თუნდაც, გაცემული ნებართვები, ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად სახეზეა. ამიტომ არ მგონია ზედმეტი შეფასებების გაკეთების და ვარაუდების გამოთქმისთვის ბევრი საფუძველი არსებობდეს. არ ვიცი, უნდა გავარკვიოთ, შეიძლება რამე ტექნიკური მიზეზი არსებობს, ყოველ შემთხვევაში, აქ ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმეს რამეს უმალავენ და ამ მიზეზის გამო უარი შეიძლება ყოფილიყო ნათქვამი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა პატიმართან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალია მონახულების მაჩვენებელი, არ მახსოვს, ამხელა შესაძლებლობა ვინმე პატიმარს ჰქონოდა. სააკაშვილის მხარის სასარგებლოდ პოლიტიკურად სრულიად მიკერძოებული ადამიანებიც კი უპრობლემოდ, დაუბრკოლებად ახერხებენ შეხვედრებს მარტივი გზით. არ შეიძლება მიზეზად განვხილო და ეჭვად მქონდეს, რომ შეიძლება ვარაუდობდნენ, რომ ვინმეს რამე დაუმალონ და არ აჩვენონ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, თუ რა კონკრეტული მიზეზით ეთქვა ანა ფოტიგას სააკშვილის მონახულებასთან დაკავშირებით უარი, სარჯველაძე პასუხობს, რომ ეს „იუსტიციის სამინისტროს უნდა კითხონ და კონკრეტულ ახსნას მიაწვდიან”.

„მეც ვვარაუდობ, ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ეს აიხსნა და ეს ლოგიკურია. მე რომ ვავარაუდობდე, რომ იქ არ შეშვების მიზეზი იყო ვინმესთვის რამე დაემალათ, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მართლაც შემაშფოთებელი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვხედავ საკითხს ასე”, – განაცხადა სარჯველაძემ.

Cesko