ათობით ქართველ “კანონიერ ქურდს” უკრაინაში შესვლა აეკრძალა, გაიყინა მათი საბანკო ანგარიშები – დეტალები

November 14, 22:06
0
90

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანონი ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ უკვე ამუშავდა. შავ სიაში მოხვედრილია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის შავი სამყარო.

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მოღვაწეობს.

უკრაინა სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ არა თქვენთვის – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ სიტყვებით კრიმინალურ ავტორიტეტებს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა, როდესაც უკრაინის რადას სანქციების პაკეტი წარუდგინა.

ე.წ. შავი სია უკრაინის უსაფრთხოების საბჭომ უკვე დააკორექტირა. სანქციები დაუწესდა 550-ზე მეტ კანონიერ ქურდს და კრიმინალურ ავტორიტეტს. მათი დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა.

ათობით ქართველ კანონიერ ქურდს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. გაიყინა მათი საბანკო ანგარიშები და ასევე ჩამოერთვათ დროებითი ბინადრობის უფლება.

“კანონიერი ქურდი” კახა ორაგველიძე ერთ-ერთია სანქცირებულთა შორის. უკრაინაში კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ის ქვეყნიდან გააძევეს. ორაგველიძის ადვოკატისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ამჟამად მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა ყვება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში ნამდვილად იყო დეპორტირებული, სასამართლოს განაჩენის შემდეგ კი, ქვეყანა დატოვა.

ე.წ. შავ სიაშია “კანონიერი ქურდი” დავით გერლიანიც, რომელიც ბოლო ხუთ წელში უკრაინიდან 4-ჯერ გააძევეს. მან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ყალბი პასპორტით მაინც მოახერხა და მის მიმართ ისევ დეპორტაცია განხორციელდა.

არსებული კანონმდებლობის საფუძველზე ე.წ. კანონიერ ქურდებს საქართველოში მკაცრი სასჯელი ელით, რის გამოც, ბოლო წლებში მათი განსაკუთრებული კონცენტრაცია მეზობელ თურქეთში ხდება. სამართლის ექსპერტები ამბობენ, რომ ქართველი “კანონიერი ქურდები” სწორედ თურქეთიდან ცდილობენ საკუთარი გავლენების სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გავრცელებას.

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტებისგან შემდგარი ქსელი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სხვადასხვა რეგიონში მათი საქმიანობა მოიცავს ბინების ძარცვას, დიდი ოდენობით თანხების გამოძალვას და ბიზნესებზე არაფორმალური კონტროლის დამყარებას.

Cesko