რეზო გაბრიაძის საიდუმლო მუზეუმი და დარდი საყვარელ ქალზე – გენიოსის ცხოვრების უცნობი დეტალები

November 11, 19:32
0
12 views

რეზო გაბრიაძე ერთ-ერთი იმ ,,კეთილ ჯადოქართაგანია” მსოფლიოში, ვინც კაცობრიობა უკეთესობისკენ შეცვალა. 2021 წლის ივნისის შუა რიცხვებში მას საქართველო და მთელი მსოფლიო დაემშვიდობა და ქართველი ერის საკრალურ ადგილას – მთაწმინდაზე – განუწესა სამუდამო განსასვენებელი. ჟურნალი ,,სარკე” უერთდება საყოველთაო მწუხარებას ამ უდიდესი დანაკარგის გამო, თუმცა ისიც ცხადია, რომ რეზო გაბრიაძე მხოლო ფიზიკურად დაგვშორდა, ის ისევ ადამიანებთან არის, ოღონდ სხვა განზომილებიდან…

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრს სათავეში ახლა მისი ვაჟი, ლევან გაბრიაძე, უდგას. რეზო გაბრიაძეს ორი შვილი დარჩა. ანა გაბრიაძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ლევანის დედა, ელენე ჯაფარიძეა, რომელსაც კროშკას ეძახდა.

გენიალური ადამიანის ცხოვრების უჩვეულო და აქამდე უცნობ დეტალებზე ,,სარკეს” მისმა ახლო მეგობარმა, ფიზიკოსმა გია მაჩაბელმა უამბო:

-რეზო ის კაცი იყო, რომელსაც არავისი არაფერი სჭირდებოდა, მაგრამ სულ უნდოდა, ვინმე ყოფილიყო მის გვერდით, რომელსაც მოსწონდა ის, რასაც აკეთებდა. რჩევებსაც კითხულობდა. აფიშა მაქვს, სადაც წერია, რომ იდეა ჩემი იყო, თუმცა სინამდვილეში, მგონი, მაინც მისი იდეა იყო. „ალფრედი და ვიოლეტა“ – ასეთი პიესა ჰქონდა მარიონეტების თეატრში და მადლობას მიხდიდა ამ იდეის გამო, მაგრამ არ მახსოვს, რა იდეა იყო ჩემი. მე, უბრალოდ, ვეხმარებოდი.

– ,,სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი” – მისი ფრაზაა. როგორი იყო მისი სიყვარულის ამბავი?

– ელენე დაინახა თუ არა, მაშინვე შეუყვარდა. სულ გამოპრანჭული დადიოდა მაშინ და მის მოხიბვლას ცდილობდა. სამწუხაროდ, ელენეს ახლა ალცჰეიმერის დაავადება აქვს და ფაქტობრივად აღარაფერი ახსოვს. ახლა ამბობს, მახსოვს, გაბრიაძე ჩემი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ მასზე არ გავთხოვილვარო.

ალბათ მისთვის კარგიც არის ეს ამბავი, რადგან ვერ ხვდება, რომ რეზო მისგან წავიდა. პროფესიით მუსიკოსია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. რეზო ბოლომდე გიჟდებოდა კროშკაზე, მაგრამ მას აღარ ახსოვს. ბოლოს ამბობდა, რატომ უნდა ვცხოვრობდე ვიღაც გაბრიაძესთან ერთად, მე ხომ არასოდეს ვყოფილვარ მისი ცოლიო. რეზო ამ ამბავსაც ძალიან განიცდიდა…ზედმეტად ნიჭიერი კაცი იყო. ხატავდა, ძერწავდა, წერდა…

-გარდაცვალების მიზეზი რა გახდა?

– ბოლოს ფიბროზი დაემართა. ძალიან ბევრ სიგარეტს ეწეოდა თავის დროზე და ჟანგბადი ვეღარ მიეწოდებოდა ფილტვებს. ცხვირში სულ ჟანგბადის აპარატი ჰქონდა, რაც არასწორი იყო. ვფიქრობ, ამით ფაქტობრივად მოიკლა თავი. მანამდე ძალიან ჯანმრთელი პიროვნება იყო, არაფერს ეპუებოდა, მაგრამ ბოლოს ძალიან მოდუნდა.

კორონავირუსი რომ დაიწყო, ჩაიკეტა და სახლშიც არავის უშვებდა. ეშინოდა ვირუსის. რაღაცნაირად ხელი ჰქონდა ყველაფერზე ჩაქნეული.

შეჩვეული იყო, რომ არაფერი ემართებოდა. ბევრსაც სვამდა თავის დროზე და ვეღარ ჩერდებოდა. ამის მიუხედავად, გაუთავებლად შემოქმედებით პროცესში იყო. გონება ძალიან ძლიერი ჰქონდა და ვერაფერმა წაართვა, თუმცა ბოლო პერიოდში ვერ სუნთქავდა, იტანჯებოდა და ხშირად გადაჰყავდათ საავადმყოფოში. მერე იქიდან მირეკავდა, მიშველე რამეო.

ერთხელ მეუბნება, ორი უშველებელი თეთრხალათიანი კაცი მოდის და ცივ წყალს მასხამენ თავზეო. მართლა კი არ ასხამდნენ, მთელი ცხოვრება ფსიქოტროპიულ წამლებს სვამდა, საავადმყოფოში უწყვეტდნენ ხოლმე მიცემას და ასეთი რაღაცები მაშინ ემართებოდა.

– ამხელა გენიოსს?..

– დიახ, სწორედ ასეთი გონების პატრონები არიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში ასე. მას ბევრი რამ ეპატიებოდა თავისი ნიჭის გამო. უაღრესად კეთილი ადამიანი იყო და განიცდიდა, როცა რამეს არასწორად გააკეთებდა.მე დეპრესიაშიც არასოდეს მინახავს, რადგან არ ეცალა ამისთვის. გაუთავებლად მუშაობდა.

ალბათ არც იცით, რომ არსებობს რეზოს მუზეუმი, სადაც კაციშვილს არ უშვებდა. ირაკლი ტრიპოლსკი შეუშვა და აჩვენა. ირაკლიმ ჰკითხა, თუ არავინ ნახავს, რად გინდაო. იქ ინახება მისი ნახატები, ფაიფურის თოჯინები… ალბათ ახლა გახსნიან.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko