გაცემულია ასიათასობით ლარი – ვინ დათანხმდა საახალწლო კონცერტზე სიმღერას

0
2756
2,545 Views

ამ დროის მონაცემებით, საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება ხობში, თელავში, ფოთში, ბოლნისში, წყალტუბოში, ახალციხეში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, ზუგდიდსა და სამტრედიაში.

ჯამში დაგეგმილ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან 528 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

ხობი – საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიებაზე იმღერებს “ღამის შოუ გაბუნიასთან ერთად“, რაშიც ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯება.

თელავი – ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა ნაძვის ხის ანთების ღონისძიების მომსახურება, რაშიც ბიუჯეტიდან 63 953 ლარს და 64 თეთრს ხარჯავს. 21 დეკემბერს ჩანიშნულ ღონისძიებას გააფორმებენ: არჩილ ნიჟარაძე, გიორგი კუხიანიძე, დავით მაზანაშვილი, ნიკა ნიკვაშვილი, სალომე ბაკურაძე და ქეთევან გაბისიანი.

ფოთი – 22 დეკემბერს ფოთში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იმღერებენ “ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ და “მიქსტურა“. კონცერტისთვის მერია ბიუჯეტიდან 45 000 ლარს ხარჯავს, საიდანაც „ღამის შოუს ბენდს“ 30 ათასს, ხოლო „მიქსტურას“ 15 ათასს უხდის.

ბოლნისი – მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი 28 დეკემბრის საახალწლო კონცერტში გამარტივებული შესყიდვით 10 000 ლარს ხარჯავს. კონცერტზე ჯგუფი „ფორტე“ იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, იმღერებს პაატა გულიაშვილიც, რომელსაც ბიუჯეტიდან 7 654 ლარს გადაუხდიან.

წყალტუბო – 24 დეკემბერს “საახალწლო სოფლის“ გახსნაზე “მიქსტურა“ იმღერებს, რაშიც ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დაიხარჯება. ღონისძიებაზე იქნება “მოსიარულე დრამერიც“ (გიორგი ბექაური), რომლის მომსახურებაშიც 4 600 ლარი იხარჯება.

ახალციხე – საახალწლო ღონისძიებები 20, 21 და 29 დეკემბერს არის დაგეგმილი. კონცერტებზე იმღერებენ ნინო (ნუცა) ბუზალაძე, ზურაბ (ზუკა) ხუციშვილი და მირზა მოდებაძე და გიორგი ნიკოლაძე („ნიკოლშოუ“). ბუზალაძეს 18 ათას ლარს, მოდებაძეს 8 ათას ლარს, ხუციშვილს 10 ათას ლარს, ხოლო ნიკოლაძეს 5 ათასს ლარს გადაუხდიან. ჯამში ბიუჯეტიდან 41 000 დაიხარჯება.

რუსთავი – დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან დავით მაზანაშვილს მუსიკალური მომსახურებისთვის 12 500 ლარს, ხოლო ჯგუფ “ურსას“ 20 200 ლარს უხდიან. საცეკვაო პროგრამისთვის (სულ 60 მოცეკვავე) 18 750 ლარი იხარჯება.

ბორჯომი – 20 დეკემბერს ბორჯომის ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მომსახურებას “ჯორჯიან დრამ სქულისგან“ შეიძენენ, რაშიც 24 845 ლარს ხარჯავენ. 31 დეკემბერს კი საახალწლო ღონისძიება გაიმართება, სადაც ჯგუფი „იბერია“ იმღერებს. „იბერიას“ 21 000 ლარს უხდიან.

საგარეჯო – საახალწლო ღონისძიება დაგეგმილია 30 დეკემბერს. ღონისძიებას გააფორმებს ჯგუფი “რეგიონი“, რომელსაც 30 ათასს ლარს გადაუხდიან.

ქუთაისი – საახალწლო ღონისძიებას გააფორმებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, რომელსაც ბიუჯეტიდან 53 572 ლარს უხდიან.

ლაგოდეხი – ლაგოდეხის მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში აღნიშნულია, რომ 26 დეკემბერს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ჯგუფი “სტატუსი“, 29 დეკემბერს კი საახალწლო კონცერტზე ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი იმღერებენ. “სტატუსს“, ჯოხაძეს და ბადურაშვილს ჯამში 33 250 ლარს გადაუხდიან. თუმცა გუშინ განცხადება გააკეთეს ნინი ბადურაშვილმა და ანრი ჯოხაძემ და აღნიშნეს, რომ საახალწლო კონცერტებზე არ იმღერებენ. ამასთანავე, ლაგოდეხში 30 დეკემბერს დაგეგმილია ჯგუფი “ურსას“ კონცერტიც, რომელსაც 25 250 ლარს გადაუხდიან.

ზუგდიდი – 31 დეკემბერს საახალწლო და საშობაო ღონისძიება გაიმართება, სადაც „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ იმღერებს. ამ შემთხვევაში ჯამში 50 000 ლარი იხარჯება.

სამტრედია – 25 დეკემბერს ნაძვის ხის ანთებისა და საახალწლო ღონისძიებაზე ჯგუფი „რეგიონი“ (ლაშა ნოზაძე) იმღერებს, რომელსაც 25 000 ლარს გადაუხდიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შესყიდვამდე სამტრედიის მერიას გამარტივებული შესყიდვა ამავე მუსიკოსთან 44 160 ლარზე ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მოგვიანებით გაიხმო შესყიდვა და საბოლოოდ, 25 ათასს ლარად შეიძინა მომსახურება.
წყარო : https://newsline.ge/

Cesko