საქართველოში გამართული ქორწილები ულამაზესი დეკორაციებით, განათებებითა თუ ყვავილებით ხშირად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას და ამ დაუვიწყარი ემოციებით შექმნილი დღის შესახებაც შემდეგ დიდხანს საუბრობენ ხოლმე, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში გამართულმა 500-კაციანმა ქორწილმა „ტიკ-ტოკ” პლატფორმა სრულად მოიცვა.
საქმე ისაა, რომ მეგი ირემაძემ და გიგა გორაძემ, რომელთა 4 წლიანი სიყვარულის ისტორია, 19 სექტემბერს ქორწილით დაგვირგვინდა, დამსწრე საზოგადოება გრანდიოზული ტორტით გააკვირვეს.
ქორწილისთვის შექმნილი 16-სართულიანი ტორტით მოხიბლული და აღფრთოვანებული ადამიანების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რესტორანმა „რენესანსი” წყვილის ტორტის გაჭრის კადრები გაავრცელა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებებიც მოჰყვა.
ულამაზესი ქორწილის შთამბეჭდავ დეტლსა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატულ უარყოფით რეაქციებს Fortuna.ge-სთან თავად მეგი ირემაძე ეხმაურება.
ამბობს, რომ მსგავსი სახის კომენტარები არ სწყინს, რადგან ბავშვობის ოცნება აისრულა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ცოლად გავყევი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ, ამიტომ ზოგიერთი ადამიანის უარყოფითი კომენტარი ტორტთან ან მის ფასთან დაკავშირებით, საერთოდ არ მწყინს. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ ქორწილი გრანდიოზული კაბა მომერგო და ტორტიც გრანდიოზული ყოფილიყო.
გულწრფელად გითხრათ, ძალიან გამიკვირდა ზოგიერთის რეაქცია. ჩვენ ყველას პატარ-პატარა ოცნებები გვაქვს, შეიძლება არ გვინდოდეს ძვირადღირებული მანქანა ან მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობა, მაგრამ დიდი სურვილი გვქონდეს ერთი ბედნიერი დღე თუნდაც ასეთი გრანდიოზული ტორტით აღვნიშნოთ.
მესმის, შეიძლება ვიღაცამ თქვას, ამდენი ფული ტორტში როგორ დახარჯაო, მაგრამ ნუთუ ოცნებების ასრულება შეზღუდული გვაქვს?
ტორტის დიზაინი კონდიტერ ლუიზა ვარშანიძესთან ერთად მოვიფიქრე. თავდაპირველად 10 სართულით დავიწყეთ და საბოლოოდ 16 სართულზე ავედით, პეპლებით გავაფორმეთ, პირდაპირ დარბაზში ორი დღე-ღამე კეთდებოდა, მთელ ამ პროცესში პირადად ვიყავი ჩართული, ყველა მნიშვნელოვან დეტალს ვაკვირდებოდი. ეს ტორტი 10 000 ლარი დაგვჯდა.
ძალიან ბევრი ცუდი კომენტარი იწერება – „ვის ეჯიბრებოდით”, „რად გინდოდათ”, არავის ვეჯიბრებით, უბრალოდ ბავშვობის ოცნება ავისრულე…”
წყარო: stily.ge