გასულ კვირას დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ახალგაზრდა წინამძღვარი, თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ მამაო გასულ წელს კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამა თეიმურაზი თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა…
გიორგი ხელაძე (მამა თეიმურაზის მეგობარი, სტიქაროსანი): მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ნელ–ნელა უკეთესობისკენ მიდიოდა. ასეთი რამ თუ მოხდებოდა, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მოულოდნელად გული გაუჩერდა, საბოლოო დიაგნოზი ასეთი დაისვა. მიუხედავად იმისა, რომ გული იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც არ აწუხებდა. მის გარდა გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ მართლა ყველაფერზე პრბლემა ჰქონდა, მაგრამ ბოლოს გულმა უღალატა.
„ნელ-ნელა დაიწყო ეს ყველაფერი, გასულ სექტემბერში. აღმოჩნდა, რომ ფილტვებში ჰქონდა პრობლემა – ანთება. შემდეგ დამძიმდა მისი მდგომარეობა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. იქ, დაახლოებით, 20-25 დღე გაატარა. აქედან თითქმის ერთი კვირა ხელოვნურ კომაში ჰყავდათ. გვეუბნებოდნენ, რომ ფილტვებში მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მერე მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავიდა და სახლში გამოგვიშვეს. თუმცა, რა თქმა უნდა, მკურნალობას აგრძელებდა. შემდეგ კოვიდიც დაუდასტურდა, ამანაც გაართულა მდგომარეობა. ფილტვების 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა, მაგრამ უფლის წყალობით, გადარჩა. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა. სახლში მკურნალობის პერიოდში იყო მცირედი გართულებები, მაგრამ უძლებდა და ცხოვრებას აგრძელებდა.
საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, ბევრი რამ არ ახსოვდა. ამბობდა, თავიდან დავიბადეო. თავიდან სისუსტეები ჰქონდა, მაგრამ მერე და მერე ჩვეულებრივ, აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ახლა უკვე იმდენი დრო იყო გასული, რაც კარგად გახდა, ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო.
გარდაცვალებამდე ორი-სამი დღით ადრე ვნახე და ვერ ვიფიქრებდი, თუ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო. რომ დამირეკეს მამაოსთან მოდიო, არ ვიცოდი, თუ უკვე გარდაცვლილი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. ისეთ მწვავე მდგომარეობას გადაურჩა, როცა იმედს ა იძლეოდნენ და ახლა ყველაფერი ისე უცებ მოხდა, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარით. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე არაფერს აღარ ჰქონდა აზრი.
მამაო 30 წლის იყო, რვა წელია, რაც სასულიერო პირია – აქედან ერთი წელი დიაკვანი იყო, შვიდი წელი – მღვდელი. როგორც ვიცი, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა იყო, ვინც იმ პერიოდში მოძღვრად აკურთხეს“, – განუცხადა “თბილისელებს” გიორგი ხელაძემ.
წყარო: თბილისელები