უკრაინა F-16-ების ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოყენებას შეძლებს – პატრიკ რაიდერი

0
147
21 Views

უკრაინის არმია შეძლებს F-16 ავიაგამანადგურებლები თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოიყენოს, კერძოდ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტთა სამიზნეებზე თავდასხმისთვის. მათი რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო რთულია. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, იუწყება „ამერიკის ხმა“.

რაიდერის თქმით, F-16-ის მაღალტექნოლოგიური სისტემა მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას არა მხოლოდ მართვისთვის, არამედ მისი შენარჩუნებისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

„უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერების კოალიცია „რამშტაინის ფორმატის“ ფარგლებში ძალიან მტკიცედ მუშაობს დანიასთან და ნიდერლანდებთან, ასევე, შეერთებულ შტატებთან, რათა უზრუნველყოს არა მხოლოდ უკრაინელი პილოტების, არამედ უკრაინელი ტექნიკოსების მომზადება, ასევე, მუშაობს ამ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საკითხებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ოპერირება იმ საფრთხის პირობებში, რომლის წინაშეც უკრაინელი პილოტები აღმოჩნდებიან“, – განმარტა გენერალმა.

რაიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გადაწყვეტს, როგორ გამოიყენოს ისინი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. შეერთებული შტატები საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს, რათა უკრაინელებს შეეძლოთ ავიაგამანადგურებლების გამოყენება, შენარჩუნება და მართვა.

გენერალმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები რეგულარულად თანამშრომლობს უკრაინელ პარტნიორებთან მათ საჭიროებებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დაცვასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას.

„ჩვენ ეტაპობრივად ვმუშაობდით უკრაინელებთან, რათა გაგვეგო მათი საჭიროებები და განგვევითარებინა მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაცავად არის საჭირო. ჩვენ ახლახან უკრაინას მივეცით უფლება, გამოიყენოს აშშ-ის საბრძოლო მასალა საზღვარზე საპასუხო ცეცხლისა და თავდაცვითი დარტყმისთვის“, – აღნიშნა მან.

ამავე დროს, პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმებთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა. ვაშინგტონს არ სურს, დაინახოს „არასასურველი შედეგები, ესკალაცია, რამაც შესაძლოა, ეს კონფლიქტი უფრო გააფართოოს და უკრაინის საზღვრებს გარეთ გადაიტანოს“.

რაიდერმა დასძინა, რომ აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან, რათა თავიდან აიცილოს უფრო ფართო ომი.

„აშშ არ ებრძვის რუსეთს. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს რუსეთთან, მაგრამ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის თავდაცვის უფლებას და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან მუშაობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია“, – დასძინა მან.

Cesko