ნანუკა გულუა ჟურნალ „თბილისელებს” უზიარებს, როგორია დედობის სიტკბო:
ბევრი მეუბნება, გაგიმართლა, გოგოც გყავს და ბიჭიცო. გეტყვით, რომ სამი და ვართ და სუპერ გამართლებაა ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ჩემი დები. კარგ შვილს სქესი არ აქვს. რატომღაც, ზუსტად ვიცოდი, რომ ორი გოგო მეყოლებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მუცელში მეორეც გოგო მყავდა (იცინის). თუმცა, ჩემს უფროს გოგოს უსაყვარლესი ძმა ჰყავს. ძალიან მინდა, კიდევ ჰყავდეთ დედმამიშვილი და ამიტომ, კიდევ მომიწევს გოგოს გაჩენა (იცინის).
სხვათა შორის, ჩემი შვილები არ მგვანან, გავუჩინე ჩემს ქმარს ზუსტი ასლი და მისი იდენტური შვილები. კახას ვეუბნებოდი: კიდევ კარგი, რომ უფრო ადრე არ შევხვდით ერთმანეთს, თორემ ზუსტად ვიცი, მინიმუმ ათი შვილის მშობლები ვიქნებოდით-მეთქი (იცინის). გვიან შევხვდით ერთმანეთს, ათ შვილს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ თუ ღმერთი ინებებს, აუცილებლად კიდევ გვეყოლება. სანამ გავთხოვდებოდი, სულ ვაკონტროლებდი საკუთარ წონას, გარეგნობას, კილოგრამებს… სხვა საფიქრალი არ მქონდა. ახლა, ეს ჩემთვის პრიორიტეტი აღარ არის. რასაკვირველია, მაქვს მიზნად დასახული, რომ ჩავდგე ფორმაში, მივიდე იმ წონამდე და იმ სილუეტამდე, რომელზეც მე ვოცნებობდი და შევძელი წლების წინ, ისე, რომ არ დავისტრესო, არ ვიტირო, არ ვინერვიულო და ყოველ დილით არ ვიდგე სასწორზე. ნელ-ნელა, ჯანსაღი კვებითა და ჰორმონების დალაგებით მივალ იქამდე, სადამდეც უნდა მივიდე. მე უნდა ვიყო კარგ ხასიათზე, გამოვიყურებოდე ლამაზად იმ ტყავში, რომელშიც ახლა ვარ და უნდა მივიღო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. მომატებულ კილოგრამზე შფოთისა და დარდის თავი ნამდვილად არ მაქვს, არც დეპრესიაში ჩავარდნის.