მსახიობი გიორგი ყიფშიძე დეტალურად ლაპარაკობს მის პოლიტიკურ არჩევანზე, მიმდინარე აქციებზე და იმ პრეტენზიებზე, რაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობასთან აქვთ. გიორგი ყიფშიძე ასევე ამბობს, რომ თბილისის მერობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და რამდენიმე წელიწადში კენჭს იყრის. მისი თქმით, დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელი მისი მერობით კმაყოფილი იქნება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე
“ძალიან მინდოდა ეს მეთქვა, მსახიობი მსახიობია, სპორტსმენი – სპორტსმენია, პოლიტიკოსი არაფერი არ არის, მატყუარაა. მე ასეთი უკონტაქტო მთავრობა და ხალხი არ მინახავს, ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. როგორ შეიძლება ამდენი ხალხი გამოვიდეს და… კი, იქ ბევრი “ნაციც” არის, ეგენი აფუჭებენ მთელ ამინდს.
გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს, წინა ხაზზე დგას აქციებზე, ვეხვეწები, გამოდი მანდედან, შარია-მეთქი. რამე რომ მოუვიდეს, შაჰიდის ქამარს გავიკეთებ და ვისაც გადავეყრები, ალაჰ აკბარს ვეტყვი…”
მთავრობაზე…
“არ იყო კაცური მამუკა მდინარაძისთვის ხელის დარტყმა, თან ზურგიდან რომ მიეპარა. კეფაში რომ ხიო, შეიძლება მოკლა მაგ დროს ადამიანი. მოეტრიალებინა და მერე დაემტვრია ცხვირ-პირი, ეგ უფრო ნაღდი იქნებოდა.
ან გოგა ხაინდრავა, ძმაო, რა დაგემართა. ახალგაზრდები არიან, ეს არის მთავარი. შენ ნახევარი ფეხი სამარეში გაქვს, ნახევარი საქართველო ახალგაზრდები არიან. თქვენ ხართ დრაკონები.
თქვენ გაუნათლებლებო, დრაკონი იცით რა არის. აი, მიშა რომ ჩამოსვით, მიშა მეზიზღება, სხვები რომ დასხედით იმ სკამზე, ზუსტად მიშები გახდით. თუ იცით, ეს ნაწარმოები, კაცი მოკლავს დრაკონს და იმ ავლადიდებით მონუსხული, მის სკამზე დაჯდება, ბრჭყალები გამოუვა და გადაიქცევა დრაკონად. ვინც იმ სკამზე ჯდება ყველანი დრაკონები ხართ, ამიტომ პრინციპია შესაცვლელი”.
თბილისის მერობაზე
“პირდაპირ ვიტყვი, “ნაცები” არ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, მე ვარ “გირჩის” მომხრე, ნული აგრესია აქვთ და გემოვნებიანი ხალხია.
აქვე მინდა ვთქვა, მე მინდა, გავხდე თბილისის მერი. ბავშვობიდან “მევასებოდა” და მესიზმრებოდა დედაქალაქის მერობა, მგონია, რომ ამ ქალაქს დავალაგებ, ისე, რომ არცერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება. კახა კალაძემ რა ქნა, თავი მოიჭრა. არ არის მაგის საქმე.
ჩავდგები ფორმაში, მივიღებ ცოდნა, რაც ამისთვის საჭიროა და მერე ვნახოთ, ვინ უფრო მაგარი მერი იქნება დედაქალაქის. ჯერ ახალგაზრდა ვარ მერობისთვის 46 წლის ვარ. 50 წელს მივუკაკუნებ, მოვწესრიგდები და დავლაგდები”.
რა არ მოსწონს მთავრობის ქმედებებში
“ეს რომ არ ვთქვა, არ შემიძლია, რაც ესენი მოვიდნენ, თავიანთი დრო სახელმწიფოსთვის რომ დაეთმოთ, ეგ დრო დაუთმეს, მიშასი და მიშისტების ლანძღვას. წავიდა ის კაცი და გააკეთე ისე, რომ მე შენ გაქო.
მარტო არჩევნების წინ რომ იწყებთ რაღაცების კეთებას, ხალხის დასანახად, გადით პერიფერიებში, მანქანის გიტარები ტყდება, ისეთი გზებია, მარტო იქ არის გზები დაგებული, სადაც ჩინოსანი ცხოვრობს.
ეს ხალხი ვინც არის მთავრობაში, არის სარეველა ბალახი, დროა ახალგაზრდები მოვიდნენ. ახალი აზრებით და ისინი გადაგვარჩენენ ყველას. მე ახალგაზრდებში არ გავდივარ, მე მაქსიმუმ მერი ვიყო ქალაქის.
ერთხელ მაინც ხალხის მოთხოვნა, რომელიც ლეგიტიმურია, შეგისრულებიათ? – თითქოს დიდი კედელია თქვენსა და ხალხს შორის, თავს იტყუებთ, რომ ხალხს უყვარხართ.
განათლებაზე რატომ არავინ ზრუნავს, შესაბამისად, ეს არის საქართველოს მომავალი. როგორც გაანათლებთ და მიხედავთ ბავშვებს, 15-20 წელიწადში ასეთი საქართველო დაგხვდებათ, ფული ამაში უნდა ჩადოთ. ასევე სამედიცინო სფეროში. ყველა ქართველი თურქეთში გარბის, რომ ანალიზები გაიკეთოს. თურმე საქართველოში ქიმიკატები არ არსებობს, რომ ვერ ადგენენ კიბო გაქვს თუ არა.
და კიდევ ერთი, მოწრუპულ საქართველოში, მიწის გაყიდვა არ შეიძლება, შეიძლება იჯარით გადასცე 20-30 წლით და ისიც გაყიდო? – რასისტი არ ვარ, მაგრამ გამხადეთ. სადაც დავდივარ, ყველგან ინდუსები და არაბები “ბლატაობენ”. ტურიზმზე არ ვსაუბრობ, ისინი ჩამოდიან და მიწებს ყიდულობენ. რატომ ყიდით კახელებო, გეზარებათ მიწაზე მუშაობა?”
პანჩურსა და “გირჩზე”
ვაიმე, როგორი გაბრაზებული ვარ ამ მთავრობაზე. ცალმხრივად არაფერი ხდება, არც სიყვარული და არაფერი. მთავრობასა და ხალხს შორის როდესაც გაწყვეტილია კონტაქტი, იმ მთავრობას პანჩური უნდა ამოარტყას ყველამ.
“გირჩში” იცი, როგორი “სასტავია”? – გისმენს, ანალიზს გაუკეთებს და გადაგიჭრის პრობლემას. აქ რომ ვინმეს რამეს ეუბნები, არავინ არ გისმენს, თავი ჰგონიათ შენზე მაღლა სხვა იერარქიაში. ბიძინა ივანიშვილი აძლევს საბაბს და ჯიბეებს ფულებით უტენის.
მომისმინეთ, მთელი ცხოვრება ასე ხდებოდა, ჩინოვნიკები მილიონებს იპარავდნენ, შემდეგ მოხსნიდნენ ან ციხეში მიდიოდნენ, გამოდიოდნენ და რჩებოდათ ის ფული, მოვითხოვ კანონს, რომ უნდა ჩამოერთვათ ყველაფერი და ციხეშიც უნდა ჩასხდნენ.
ოღონდ მიტინგზე არ დავინახო ეს აფერისტი პოლიტიკოსები. არ გამოვიდნენ სიტყვით, მელია, შმელია და ვიღაცები. მაგათ ჰგონიათ, რომ ამათ რომ ჩამოვაგდებთ, ესენი მოვლენ. თუ ვინმე მოსასვლელია, მოვა “გირჩი”.