“მამა გაბრიელმა მომცა თავისი ფოტო და მთხოვა, გამიმრავლეო… იქ ატყდა ამბავი, ცას სწვდებოდა ჩემი ლანძღვა”- ამბები მამა გაბრიელზე

0
510
27 Views

მამა გაბრიელზე ბევრი საინტერესო და ჯერ არ მოსმენილი ისტორიის გაგება, მისი სულიერი შვილებისგან შეგიძლიათ. ერთ-ერთი მათგანი, ვინც წმინდა მამას, 90-იან წლებში, სამთავროს დედათა მონასტერში მდებარე კელიაში სტუმრობდა, ქეთევან ბექაურია:

 გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც სამთავროს მონასტრის იუთუბარხზეა განთავსებული.

ქეთევან ბექაური: ხშირად ამბობდა, ნეტავ იმ დროსო… ერთხელ შევბედე და ვკითხე, რატომ ამბობთ, მამა გაბრიელ, გუშინდელ დღეზეც, ეჰ ნეტავ იმ დროს-მეთქი? იმიტომ რომ მე მაშინ ვსწავლობდი ღმერთსო…

მომცა თავისი ფოტოსურათი და მთხოვა, გამიმრავლეო. მერე ჩუქნიდა ყველას თავის ფოტოს. მეც პერიოდულად ვუმრავლებდი. ერთხელაც 40 ცალის დაბეჭდვა მთხოვა. დავბეჭდე, მაგრამ მასთან მიტანა დამიგვიანდა. აი, იქ ატყდა ამბავი, ცას სწვდებოდა ჩემი ლანძღვა, მიწასთან ვიყავი გასწორებული.  მერე, ერთ-ერთი მორწმუნე ქალბატონი გამოგზავნა ჩემთან სახლში. ფოტოები საწერი მაგიდის ზედა უჯრაში, ქაღალდის ქვეშ მქონდა შეცურებული, საგულდაგულოდ შენახული. არავინ იცოდა ოჯახში, სად მედო მამა გაბრიელის ფოტოები. ამ ქალს დედამ გაუღო კარი, მამა გაბრიელმა გამომგზავნა, ფოტოებისთვისო. ქეთინო სახლში არ არის და არ ვიცი, სად უდევსო, მიუგო დედამ. ამ ქალბატონმა ადგილი პირდაპირ დაუსახელა, სადაც მქონდა შენახული. დედამ ნახა ფოტოები და გაატანა. შინ დაბრუნებულს დედამ მომიყვა ეს ამბავი. საიდან იცოდი, ფოტოები სად იყო შენახული-მეთქი, გაოცებულმა ვკითხე დედას. შენ არ უთხარი იმ ქალბატონსო?… მოკლედ, გავგიჟდი. მამა გაბრიელმა ყველაფერი იცოდა…

***

ერთხელ მთხოვა, დაო, რამე მძივები ან მბზინავი ქსოვილი ხომ არ გაქვს, ღვთისმშობლის მიძინება მინდა შევამკო და არაფერი მაქვსო.  თუ რამე მძივები გამაჩნდა და ლამაზი ნაჭერი, გულით ჩავუტანე. ბედნიერი ვიყავი. ისე გაუხარდა, გაგიჟდა, პატარა ბავშვივით ტირილი დაიწყო. უკან რომ წამოვედი, ვფიქრობ, ნეტა, ერთი თეთრი მძივი ჩემთვის დამეტოვებინა-მეთქი? (რა არის, ბრძოლას რომ აიკიდებ?) სულ უბრალო მძივზე ვფიქრობ. ამდენი რად უნდოდა-მეთქი? მეორე დღეს რომ ჩავედი, ვხედავ, ის თეთრი მძივი მარჯვენა ხელზე უკეთია და მეუბნება, ქეთევან, ყველაზე მეტად ეს მძივი მომეწონა, ხელიდან არ ვიშორებ, ჩემი ფსკვნილია და ზედ ვლოცულობო. უცებ ისე გავთავისუფლდი, ბედნიერი გავხდი…

***

ერთხელ, მის კელიაში, მამა გაბრიელი წევს და მასთან სულ მთლად გვერდით ვზივარ. დედა, ისეთი საყვარელია, ისე არტისტულად იქცევა, თამაშობს, გვაგიჟებს; ქუდი მოიხადა და ვეცი, ან როგორ გავბედე?! და სამჯერ ვაკოცე შუბლზე! აი, იქ ატყდა უბედურება! როგორ გაბედე და შუბლზე როგორ მაკოცე, შე ქუჩის ქალო?! 40 წლის ბერი ვარ და ჩემი წაწყმედა გინდოდაო? მესროლა ქვაბის სახურავი, მილიმეტრებში ამცდა. გამომაგდო ლანძღვა-თათხვით, მიწასთან გასწორებული. მომაძახა, კარგად დაიხსომე, ღმერთთან მიახლოება ცეცხლთან თამაშია იცოდეო. ყველას გააგებინა, მაკოცაო. მონასტერსაც ხომ უნდა გაეგო? არ დავინახო აქ მოთრეული, არ გაუღოთ მაგას სამთავროს კარებიო.

მამა გაბრიელთან სიარულით ისეთი სულიერი კომფორტი მაქვს, რომ იმის იქით არაფერი მინდა… არადა, მასთან ურთიერთობა, მოულოდნელობებით სავსე იყო. როდის გაბრაზდებოდა, არასოდეს ვიცოდით. ერთხელაც ვიღიმი, გახარებული ვარ და უცებ მოისროლა სკამი. აბა, მიპასუხე ქალო, რისთვის დაეთრევი ჩემთან? ახალგაზრდა ქალი ხარ, მე ორმოცი წლის ბერი ვარ. რა საერთო გაქვს ჩემთან, ჩემი წაწყმედა გინდაო? არ ჩერდება. მიპასუხეო და რაღაც უნდა ვუპასუხო. არადა, ვეძებ პასუხს. ბოლოს ვეუბნები, მამა გაბრიელ მომენატრეთ-მეთქი. ვაი, ჩემ დღეს, რომელი ნატო ვაჩნაძე მე ვარ, რომ მოგენატრეო? ისევ გამლანძღა, გავიდა გარეთ, მონასტერს გააგებინა, ჩემი მონატრების გამო დადის თურმე აქო…

წყარო: პრაიმტაიმი

Cesko