“პირდაპირ გეუბნებით, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს! საშიშ, შეუქცევად პროცესში ვართ შესული” – მამუკა არეშიძის მძიმე პროგნოზი

0
12563
30 Views

“პირდაპირ გეუბნებით, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს! საშიშ, შეუქცევად პროცესში ვართ შესული”, – ამის შესახებ მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

– ქვეყანაში დღეს არსებული ძალიან რთული და საშიში ვითარება უნდა გაითვალისწინოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ და პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ. სულ ცოტა ხნის წინ ქეთი დუმბაძეს გაუვრცელეს ამბავი, თითქოს მისი ბაბუა შულავერის კომისიის წევრი იყო. ჯერ ერთი, ტყუილია, მისი ბაბუა ისეთივე მსხვერპლი იყო, როგორიც ბევრი სხვა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში. თუმცა დავუშვათ, ეს სიმართლეა, ძებნა რომ დავიწყოთ, იცით, რამდენის ბაბუა აღმოჩნდება ბოლშევიკური მთავრობის, მათ შორის შულავერის კომიტეტის წევრი? პირდაპირ გეუბნებით, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს! ამ ამბავზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მიხვდეთ, თუ რაოდენ საშიშ, შეუქცევად პროცესში ვართ შესული. როდესაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება და მეორე მხრივ კი თავად საზოგადოების ნაწილი ისე მწვავედ არის დაპირისპირებული ერთმანეთთან, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების დროსაც კი ვერ ახერხებენ კონსოლიდაციას.

– ამ ვითარებას ის ფაქტი ხომ არ ართულებს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს საზოგადოებასთან უფრო მეტად გახსნილი იყოს და კრიტიკულ კითხვებსაც უპასუხოს? უფრო ნათლად უპასუხოს კითხვებს ვერტმფრენებზე და თუნდაც იმაზე, რატომ არ მიმართეს მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის?

– დაზუსტებით არ ვიცი, რატომ არ მიმართეს დასახმარებლად მეზობელ ქვეყნებს, ვფიქრობ, დიდი მასშტაბის სამუშაო არ იყო. მეზობლებმა დახმარება მეორე დილით შემოგვთავაზეს, როდესაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები უკვე აქტიურად მუშაობდნენ. რაც შეეხება ვერტმფრენებს, ამ დრომდე ეს საკითხი მოგვარებული უნდა ყოფილიყო, თუმცა არასერიოზული იყო იმის მოთხოვნა, რომ ღამით ჩამოფრენილიყვნენ სტიქიის ზონაში. ძალიან რთულია ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით მუშაობა ისეთი რელიეფის რეგიონში, როგორიც შოვია. თქვენ სწორად შენიშნეთ, ხელისუფლება კრიტიკას იმსახურებს იმის გამო, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანა.

ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნაპრალი დიდი ხანია გაჩნდა და უბედურება ის არის, რომ ეს ნაპრალი არ მცირდება, პირიქით. დღეს ხალხს მარჩიელობა უწევს იმის თაობაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. შესაბამისად, საქმეში ჩაუხედავ პირებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ვერსიები გაავრცელონ სოციალური ქსელების საშუალებით. სწორედ ამის შედეგი იყო ისეთი შეთქმულების თეორიების გავრცელება, როგორიც არის ის, რომ თითქოს რუსმა დივერსანტებმა 2008 წლის 8 აგვისტოს აღსანიშნავად შოვის ტერიტორია დანაღმეს და ა.შ. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ სოციალური ქსელი ეფექტურად უნდა გამოიყენოს საზოგადოების ინფორმირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმართლესაც აღარავინ დაგიჯერებს. განგრძეთ კითხვა

Cesko