„ეს ბრძოლა არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, ბრძოლის მაღალი ინტენსივობის პირობებში რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა გაუჭირდება და გამოიფიტება.
„ჩემი აზრით, სჯობია, ისევ გაგრძელდეს გამომფიტავი ომი, როცა რუსეთი კონტრშეტევით კი არ დამარცხდება, არამედ გამოიფიტება და ვეღარ შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ ვნახეთ უკრაინის უპირატესობა კიევთან, ხერსონის და იზიუმის გათავისუფლება. ყველა ამ ოპერაციებში უკრაინამ წარმატებას მიაღწია იმიტომ, რომ რუსეთი გამოიფიტა,“ – დარწმუნებულია პოლკოვნიკი.
ნატოს სამიტზე გაჟღერდა, რომ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის საჭირო F 16-ებს, მაგალითად, უკრაინა 2024 წლის გაზაფხულზე მიიღებს. ნიშნავს ეს იმას, რომ ომი უკრაინაში 2024 წელსაც ვერ დასრულდება?
„თუ რამე არ ჩამოიშალა რუსეთის შიგნით, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუ არ გატეხა რუსეთი მომქანცველმა ომმა, შესაძლოა, ეს ომი 2025 წელსაც გაგრძელდეს,“ – გვიპასუხა პოლკოვნიკმა. „ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო ლაშა, რა მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაში კონტრშეტევის დაგვიანებამ და შენელებულმა ტემპმა? ზელენსკი CNN-თან ამბობდა: „მინდოდა, კონტრშეტევა გაცილებით ადრე დაგვეწყო, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ თუ კონტრშეტევა მოგვიანებით დაიწყებოდა, მაშინ ჩვენი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დანაღმული იქნებოდა. ჩვენ მტერს ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას, მეტი ნაღმები განათავსოს და მოამზადოს საკუთარი თავდაცვის ხაზი“.
გარკვეული პოლიტიკური მოლოდინები შეიქმნა, რომ სწრაფად მიაღწევდა უკრაინა წარმატებას. გრძელვადიან ომთან გვაქვს საქმე. რუსეთზე საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რომ თავდაცვა მოემზადებინა. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ უკრაინას მომზადებულ თავდაცვასთან ექნებოდა საქმე. ამიტომაც, გამომფიტავი ომი გაგრძელდება.
უკრაინას შეუძლია, ამ ტემპს მოუმატოს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაგვიანებულია კონტრშეტევა. ჩვეულებრივ კონტრშეტევებს ახორციელებს უკრაინა გარკვეულ მიმართულებებზე, გარკვეულ მიმართულებაზე ისევ რუსეთი ახორციელებს შეტევებს.
უკრაინას, ცხადია, სურს, სწრაფი შედეგი აჩვენოს საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ არარეალისტურია მოლოდინი, რომ წელს დაასრულებენ ომს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის დაგეგმვა არარეალისტურია. რუსეთს აქვს გაცილებით მეტი სარაკეტო საშუალებები, ვიდრე უკრაინას, გაცილებით მეტი არტილერია და საცეცხლე საშუალებები. ამ დროს უკრაინა არის შეტევაზე.შენ როცა შეტევას ახორციელებ და მოწინააღმდეგეს მეტი რესურსი აქვს, უნდა იცოდე, რომ გაუგონარი რისკები შეგხვდება. სწორედ ამ რისკის გამოა უკრაინა რომ ძალიან ფრთხილად მოქმედებს. უკრაინა ცდილობს, პირადი შემადგენლობის დანაკლისი მაქსიმალურად მცირე ჰქონდეს.
ჩემი აზრით, სჯობია, ისევ გაგრძელდეს გამომფიტავი ომი, როცა რუსეთი კონტრშეტევით კი არ დამარცხდება, არამედ გამოიფიტება და ვეღარ შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ ვნახეთ უკრაინის უპირატესობა კიევთან, ხერსონის და იზიუმის გათავისუფლება. ყველა ამ ოპერაციებში უკრაინამ წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ რუსეთი გამოიფიტა.
რუსეთი იგივე მეთოდით დამარცხდება სხვაგანაც.
- თუმცა ზელენსკის არ დაუმალავს საყვედური, რადგან მას დროულად და შესაბამისი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობა სჭირდება წარმატების მისაღწევად.
ზელენსკი ცდილობს მაქსიმუმის მიღებას, მაგრამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შეიარაღების მიწოდებაზე. იგივე F16-ის ავიაცია რომ მიაწოდონ უკრაინას, შემდეგი პრობლემა იქნება ის, თუ რომელი აეროპორტები მოახერხებენ მის გამოყენებას. შემდეგ დასჭირდებათ დამატებით „პატრიოტის“ სისტემები. ეს ომია, ომი მშიერი ხახაა…
უკრაინას ეხმარებიან გეგმაზომიერად, ეს რთული პროცესია, მით უმეტეს, დასავლეთში რთულია გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ საკითხზე. ზელენსკის საქმეა, რომ უსაყვედუროს დასავლეთს, მაგრამ დახმარებას მიიღებს უკრაინა ისე, რომ ესკალაცია იყოს თანმიმდევრული.
ყველას გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, როგორც ჰოლივუდის კინო, თანაც 24 საათში, მაგრამ რეალურად გრძელვადიან ომთან გვაქვს საქმე.
- F 16 უკრაინას გადაეცემა 2024 წლის გაზაფხულზე. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ომი 2024 წელს არ მთავრდება?
თუ რამე არ ჩამოიშალა რუსეთის შიგნით, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუ არ გატეხა რუსეთი მომქანცველმა ომმა, შესაძლოა, ეს ომი 2025 წელსაც გაგრძელდეს. მე არასდროს მითქვამს, რომ ეს ომი მალე დამთავრდება.
პრიგოჟინის ამბოხის მაგვარი რამ თუ განმეორდება რუსეთში, არ ვიცი, მაგრამ შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლების წარმოებით, ეს ომი წელს ვერ დასრულდება F 16-ების მიწოდების შემთხვევაშიც. უკრაინა უკეთეს შედეგს დადებს F16-ების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ომში გამარჯვებისთვის, არა მგონია, რომ ეს საკმარისი იყოს.
- პროგოჟინის ამბოხის მსგავსი პროტესტის განმეორებას რატომ ელით, ხედავთ ამის ნიშნებს?
ეს უკმაყოფილება არსად წასულა, პროტესტი რუსულ ჯარში იზრდება და შესაძლოა, ნებისმიერ დროს აფეთქდეს. ეს ძალიან გაუთვალისწინებელი ფაქტორია. არავინ იცის, როდის ამოუვა ყელში რუს ჯარისკაცებს და როდის ჩასცხებენ თავში მეთაურებს, ეს ეშმაკმა იცის.
ჩემი აზრით, ამ ომის წარმატება არ არის სწრაფ შეტევებსა და სწრაფ კონტრშეტევებში. ამ ომის წარმატება არის იმაში, რომ რუსეთს ეომო, ეომო, ეომო და ის გამოიფიტება. გამოფიტული რუსეთის შემთხვევაში კი, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება იქნება ძალიან ადვილი. რუსეთს არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის მომზადებული პირადი შემადგენლობა, რაც სჭირდება ომის წარმოებას.
- რომ მოამზადოს თავდაცვის ორგანიზების პარალელურად?
ვინ უნდა მოამზადოს ეს? ვისაც უნდა მოემზადებინა ეს ხალხი, ბევრი მათგანი დაეხოცათ, ან ომში არიან ჩართული, ომობენ. ხალხი რომ არ ჰყავდათ მომზადებული, ამიტომ დაიწყეს ბელარუსში ჯარისკაცების მომზადება. ბელარუს ინსტრუქტორებზე კიდევ რა გითხრათ: მათ იციან, როგორ უნდა სცემონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, როგორ დაარბიონ, მაგრამ სამხედრო მომზადება ეს არ არის.
- პრიგოჟინიც სავარაუდოდ ბელარუსში მუშაობს ხომ ჯარისკაცების გადამზადების კუთხით?
პრიგოჟინი ახლა არის ბელარუსის, ან რუსული მიწის ქვეშ ისე ღრმად, რომ მას ვერავინ იპოვის – პრიგოჟინი მკვდარია. პრიგოჟინის და პუტინის არავითარი შეხვედრა არ მომხდარა. ვინმემ ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები, ან ვიდეო ნახეთ? მთავარი შეცდომა, რაც პრიგოჟინმა დაუშვა, არის ის, რომ რუსეთისნაირ ქვეყანაში, როცა ტახტისთვის ბრძოლას იწყებ, იმარჯვებ, ან კვდები. პრიგოჟინმა რაღაც მესამე გზის გამონახვა სცადა ლუკაშენკოსთან შეთანხმებით, მაგრამ პრიგოჟინი დარჩა მხოლოდ სახელი და გვარი – ჩამოაცვეს ტომარა და სადღაც ჩაფლეს.
ამიტომაც, ჭკვიანი ხალხი ახლა ხვდება, რომ პრიგოჟინი მოკლეს, მასისთვის კი, გზავნილია ის, რომ მას აპატიეს, რადგან პრიგოჟინის განცხადებები პოპულარული იყო. ამიტომ მოიფიქრეს, რომ თითქოს პრიგოჟინი შეხვდა პუტინს და მისი ერთგულება დაუდასტურა კრემლში.
რა პრობლემა იყო აბა ერთი ვიდეო ჩაეწერა და გაევრცელებინა? შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მე თუ ვერკვევი რამეში, ვიტყვი, რომ პრიგოჟინი მკვდარია უკვე.
- ნატოს სამიტზე გაკეთებული განცხადებებიდან რა გამოჩნდა თქვენთვის: რა მიიღო უკრაინამ და რა – საქართველომ?
საქართველოს შემთხვევაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ რუსეთისკენ ვიხრებით. უკრაინამ კი, მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერის დაპირება, ასევე დაპირება, რომ ის გახდება ნატო-ს წევრი. უკრაინამ ვერ მიიღო ე.წ. თაიმლაინი, დროში გაწერილი გეგმა, მაგრამ მას არ დასჭირდება ნატოში გასაწევრიანებლად MAP და სხვა პროცედურების გავლა.
- რა პირობა უნდა დააკმაყოფილოს ამისთვის უკრაინამ?
რეალისტები უნდა ვიყოთ, პირობა ერთადერთია: უკრაინამ ომი უნდა მოიგოს. ომი როცა დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, ამ ომის შემდეგ უკრაინას არათუ პირობებს წაუყენებენ, არამედ შეეხვეწებიან, ნატოს წევრი გახდეს.
არ ვიტყვი, რომ ეს ომი მრავალი წელი გაგრძელდება, მაგრამ ეს გრძელი ომია. ჯერჯერობით ამის წინაპირობა არ არის, რომ ვთქვათ, ეს ომი წელს დამთავრდება, ან გაისად. მე მჯერა, რომ ასეთ გამომფიტავ ომს უკრაინა მოიგებს. ყველა პირობა უკრაინის მხარესაა.
- გამომფიტავი ომის მიუხედავად რუსეთი ახერხებს გაძლიეროს თავდაცვითი ზოლი. ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთს შესაძლოა გაუჭირდეს შეტევის გაგრძელება, მაგრამ შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა.
როგორ მოახერხებს ამას? ყოველდღიურად მიმდინარეობს მაღალი ინტენსივობის ბრძოლები, მაგრამ არის ფრთხილი, მაღალი ინტენსივობის ზონები. დამრტყმელი ავიაციის მიღება უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტური შეტევები განახორციელოს, მალე წავიდეს წინ.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყველა იარაღს აქვს თავისი საპირწონე იარაღი. რუსეთის ყველაზე დიდი სისუსტე არის ის, რომ არ ჰყავს მომზადებული ცოცხალი ძალა. მან ცოტ-ცოტა შეუძლია საიდანღაც დაამატოს, მაგრამ, მაგალითად, 100 ათასი კაცი რომ მოამზადო ხარისხიანად, გჭირდება 20 ათასი ინსტრუქტორი. სად ჰყავს რუსეთს 20 ათასი ინსტრუქტორი?
- პოდოლიაკი ომის შესაძლო გაყინვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ ომი ვერც წლობით გაგრძელდება და არც გაიყინება, რადგან ომი ძალიან ძვირი ჯდება, რუსეთმა კი პრაქტიკულად დახარჯა ყველაფერი, რაც კი ამისათვის ჰქონდა.
პოდოლიაკს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს და მის განცხადებას უნდა ვენდოთ. მე გეტყვით, რომ ეს ომი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, რუსეთი ალბათ იმაზე უფრო ადრე გამოიფიტება, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ ეს ბრძოლა არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით.
თუ უკრაინა განაგრძობს შეტევას, რუსეთი ვერ მოახერხებს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვას. თუ უკრაინა დათანხმდება პირობებს და მაღალი ინტენსივობის კონფლიქტი გადაიქცევა დაბალი ინტენსივობის კონფლიქტად, როგორც ჩვენ გვაქვს, მაგალითად, აფხაზეთში, მაშინ გაიყინება ომი და რუსეთი მოახერხებს ოკუპირებული ტერიტორიის დაცვას.
ამ პირობებში კი, როცა უკრაინა არანაირ შეთანხმებას არ თანხმდება და ბრძოლას განაგრძობს, რუსეთი ვერ მოახერხებს ვერაფრის დაცვას.
- ხედავთ ამის პირობას, რომ უკრაინა შეიძლება წავიდეს შეთანხმებაზე?
ვერ ვხედავ. იმ მცირე საშუალებებითაც კი, რაც უკრაინას გააჩნია, მას შეუძლია განაგრძოს ბრძოლა ყველა მიმართულებით, რუსეთს კი, დამატებით ახალი ძალების მოზიდვის შესაძლებლობა არა აქვს.
დღეს უკვე კარგად ესმის ყველას – რუსეთისთვის დათმობა ნიშნავს იმას, რომ შემდეგი კონფლიქტი იქნება უფრო აგრესიული და რთული. ჯობია, აგრესიული რუსეთი დამარცხდეს ახლა, როცა ამის ყველა რესურსია.
- ჩანს, რომ დასავლეთშიც ასე უყურებენ ამ საკითხს, რომ ომი არ უნდა შევიდეს ჩიხში?
ზოგი იაზრებს ამას, ზოგი – ვერა. ვხედავთ, რომ დასავლეთი განაგრძობს დახმარებას.
- რამდენად გააქტიურდა ისევ ბირთვული ომის საფრთხე განსაკუთრებით კასეტური საბრძოლო მასალების უკრაინაზე გადაცემით? F 16-ის უკრაინისთვის გადაცემასაც რუსეთი აფასებს ბირთვული ომის საფრთხედ. ლავროვმა „ლენტასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „აშშ და მისი ნატოელი სატელიტები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს“, ასევე: „საბრძოლო მოქმედებებისას რუსი სამხედროები არ დაიწყებენ იმის გარკვევას, აღჭურვილია თუ არა ამ ტიპის ყოველი კონკრეტული თვითმფრინავი ბირთვული იარაღის გადასატანად“.
ეს ომია, კასეტური იარაღია მართლაც ის იარაღია, რომელიც უპირატესობას მისცემს უკრაინას, რადგან ის ძალიან ეფექტურია ჩასანგრებული მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის.ბირთვული იარაღი ერთადერთია, რაც მუქარისთვის დარჩა რუსეთს, სხვა რამ აღარ აქვს მას არსენალში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მუქარაა, რადგან თეორიულადაც რომ განვიხილოთ ბირთვული ომი დასავლეთს და რუსეთს შორის, ბირთვული შეკავება არ ითვალისწინებს იმას, რომ შენ ბირთვული იარაღი გაქვს და ელოდები, რუსეთი როდის გესვრის. ბირთვული შეკავება ნიშნავს იმას, რომ დროულად გაიგო, მოწინააღმდეგე აპირებს თუ არა ბირთვული იარაღის გამოყენებას და მას დაასწრო. ბირთვული შეკავების სტრატეგია სწორედ ამას ითვალისწინებს. ამ ომში აშკარად გამოჩნდა რუსეთის გიგანტური ჩამორჩენა ტექნოლოგიებში. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ტექნოლოგიებშიც იგი გიგანტურად ჩამორჩება დასავლეთის ქვეყნებს. ეს კარგად იცის რუსეთმაც.
ჰიტლერის გერმანიას ჰქონდა ქიმიური იარაღი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში არ გამოუყენებია. ასეთი ფაქტი დაფიქსირებული არ არის. ძალიან კარგად იცოდა ჰიტლერმა, რომ დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, გაცილებით მეტი ჰქონდა ეს ქიმიური იარაღი. ამიტომ ასე ადვილი არ არის მასობრივი დაზიანების იარაღის მასიურად გამოყენება.
თუმცა ეს ახდენს გავლენას იმაზე, რომ დასავლეთის ესკალაცია რუსეთთან არის ნელი და თანმიმდევრული. ხომ გახსოვთ, ომის პირველ დღეებში მხოლოდ „ჯაველინები“ მისცეს უკრაინას, შემდეგ გადასცეს წინ წასული იარაღი. დღეს უკვე უკრაინას ისეთი შეიარაღება აქვს, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყანა იოცნებებდა ასეთ შეიარაღებაზე. ამიტომაც, დასავლეთი არ დგამს სწრაფ ნაბიჯებს.
როდესაც სამხედროები საფრთხეებს ვაფასებთ, უნდა გაითვალისწინო მოწინააღმდეგის მოქმედების კურსი. ამ დროს არსებობს მოსალოდნელი კურსი, სახიფათო კურსი, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ის თუ მოხდა, ყველაზე რთულ შედეგებთან გვექნება საქმე.
- რუსეთში რა იცვლება? პუტინის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მას რეალურად დაკარგული აქვს ძალაუფლება.
მეც ვფიქრობ, რომ პუტინს დაკარგული აქვს ძალაუფლება, მაგრამ გამოჩნდება ეს მალე. ჩემთვის აშკარა იყო ის, რომ პრიგოჟინი დაისჯებოდა, თუმცა ვფიქრობდი ასევე, რომ დასჯიდნენ შოიგუს და გერასიმოვს. თუ ისინი საბოლოოდ ვერ დასაჯა პუტინმა, ეს იქნება ინდიკატორი იმის, რომ პუტინი რეალურად ძალაუფლებას ვერ ფლობს – ნამდვილი დიქტატორი ამათ ყველას დასჯიდა.
- თქვენი დაკვირვებით რომელი ფრთა ძლიერდება ახლა რუსეთში: ეფესბეს, თუ სამხედროები?
ძნელი სათქმელია ეს. ჩანს უკვე, რომ პუტინს უწევს გარკვეული ძალების კარნახით მოქმედება. ეს შეიძლება იყოს თავდაცვის სამინისტრო, ეფესბე, ოლიგარქები, სადაზვერვო სამსახური. ეშმაკი გაიგებს, რა ხდება რუსეთში ახლა.
ვფიქრობ, რუსეთში დიდხანს ვერ გაძლებენ ასეთი სახით ინტენსიური ომის შენარჩუნებას. პრიგოჟინის ამბოხმა აჩვენა სისუსტეები რუსეთის შიგნით. რუსებს აუცილებლად მოუწევთ გარკვეული ოკუპირებული ტერიტორიების თავისით დატოვება.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge