„კადრები არაფერზე არ მეტყველებს, ყველაფერზე მეტყველებს ფაქტები“ – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს, რომელზეც სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება კუჭის ოპერაციას და ასევე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაბალკალორიული საკვების მიღებას უკავშირდება.
„600 დღე ხომ დაგვტანჯეს, საზოგადოება დატანჯეს სააკაშვილის თემის გარშემო. 600 დღე, სააკაშვილი ვითომ კვდებოდა და საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველ დღე. აი ამაში გვაცხოვრეს 600 დღე.
გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა. ერთი, ეს არის კუჭის ოპერაციის რეკლამა და მეორე, ჩვენ ვამბობთ ამდენი ხნის განმავლობაში – მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები საკუთარი ოჯახის წევრებს. ეს ნორმალურია? ეს ხომ ფაქტებია. გაზომილია კალორაჟი, შეგიძლიათ ზუსტად იგივე მოცულობის საკვები შეიტანოთ მაღალი კალორაჟით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე ანგარიშით გამოსვლისას.