მაკლერი, რომელსაც 600-მდე დაზარალებული მილიონი ლარის მითვისებაში ადანაშაულებს, დაკავებულია. პოლიციელებმა ის რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში აიყვანეს.
ქალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა დანაშაულებრივი სქემა, რომლითაც ის სავარაუდოდ მოქმედებდა, გაშიფრულია.
თბილისელი მაკლერი, ჯერ დაგირავების მსურველების ნდობაში შედიოდა შემდეგ დიდი ოდენობით თანხას ართმევდა და მესამე პირისგან ნაქირავებ ბინაში უშვებდა საცხოვრებლად. თავიდან ქირასაც იხდიდა, თუმცა რამდენიმე თვეში ქრებოდა.
უძრავი ქონების აგენტი, რომელსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხანგრძლივი პატიმრობა ელის, ელისო ცუცქირიძეა. “კურიერი PS-მა” ის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. მაკლერი აცნობიერებს პასუხისმგებლობას და ამბობს, რომ თანხას დაზარალებულებს დაუბრუნებს, თუმცა ამისთვის დროს ითხოვს. ამ დროის განმავლობაში კი დაზარალებულები მათსავე ნაგირავებ ბინებში ცხოვრობენ მაგრამ ისე, რომ თან ქირასაც იხდიან.
უძრავი ქონების აგენტი, რომელსაც ბევრი მომჩივანნი ჰყავს, წლების განმავლობაში ნდობაში შედიოდა მომხმარებლებთან, წრე ერთია- ერთმანეთის რეკომენდაციით მისულები, ამიტომ დაზარალებულები ეჭვობენ, რომ სქემა იყო პირამიდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩამოიშალა.
დაზარალებულთა მცირე ნაწილს უძრავი ქონების აგენტმა გირაოს თანხის სანაცვლოდ გარანტად მიწის ნაკვეთები შესთავაზა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ესეც წინასწარ გათვლილი სქემის ნაწილი იყო. აღმოჩნდა, რომ მიწები არც სასოფლო სამეურნეოდ და არც სამოსახლოდ ვარგა. დაზარალებულებს თანხის სანაცვლოდ მხოლოდ უსარგებლო ჭაობები, ხევები და რიგ შემთხვევაში, ელექტრო გადამცემი ბოძები შერჩათ.
პირამიდას ჩამოშლისთანავე უძრავი ქონების აგენტი მიიმალა. აღარ პასუხობდა დაზარალებულების სატელეფონო ზარებს და გააუქმა ოფისი, სადაც ხელშეკრულებები გაფორმდა. ამიტომ მიაკითხეს ნოტარიუსს, რომელიც ამტკიცებს, რომ საბუთებში იურიდიული ხარვეზი არ ყოფილა – პრობლემა კი მხოლოდ უპირობო ნდობა იყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უძრავი ქონების აგენტს ზარალის ანაზღაურება და 7-იდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.