შიდა ქართლში, ახალგაზრდა კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელების მიზნით, უღებდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულს გუშინ კასპის ერთ-ერთ სოფელში ჰქონდა ადგილი. ინციდენტი სოფლის ცენტრში, დღის საათებში მოხდა, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიცაა განთავსებული.
როგორც თვითმხილველები განმარტავენ, მამაკაცი 10 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა. შედეგად მცირეწლოვანმა ბავშვმა, იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“ბავშვები თამაშობდნენ სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან. მოვიდა ჩვენი სოფლის მცხოვრები, თავის 10 წლის ბავშვთან ერთად და უთხრა ეს ბიჭი სცემეო. 9 წლის ბავშვზეა საუბარი. არავინ გააშველოთ თორემ დაგხოცავთო, ყვიროდა და ვიდეოს უღებდა. მიდი, მოკალიო თავის შვილს ეუბნებოდა. 9 წლის ბიჭი ისე სცემა 10 წლის ბიჭმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და გვიან ღამით გამოწერეს. პოლიციამ იცის ყველაფერი მაგრამ ჯერ კაცი არ დაუკავებიათ”,- გვეუბნება თვითმხილველი.
ცნობისთვის, როგორც ფერმაში ამბობენ, მამაკაცმა დანაშაული ოჯახებს შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე ჩაიდინა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რა მუხლით ჯერჯერობით შსს პრესცენტრში ვერ ამბობენ. პოლიციამ მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ჩვენი ინფორმაციით, ამოიღო. უცნობია ამოღებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავის ტელეფონი, რომლითაც ძალადობის ამსახველი ვიდეოა გადაღებული.