ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

0
799
20 Views

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი მხატვარი მიშა გოგრიჭიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მიშა გოგრიჭიანი დაიბადა 1967 წელს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, მისი ფერწერული ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში და დამთვალიერებელს თავი დაამახსოვრა მინიმალისტური ხელწერით. 1990-იანი წლების ბოლოს მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას „შეუზავა“ და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების რამდენიმე სერია.
საქართველოში დაბრუნებული მიშა გოგრიჭიანი თანამშრომლობდა „დედიკას გალერეასთან“, სადაც მისი ნამუშევრები ხშირად იყო გამოფენილი. 2010 წელს გაიხსნა მისი პირველი გამოფენა – „მამაჩემის მონადირე ძაღლები“. ამას მოჰყვა გამოფენები: „ალპინისტის დღიური“ (2013), „სცადეთ კიდევ ერთხელ“ (2014), „პროცენტები“ არტისტერიუმის ფარგლებში (2015), „მხატვრის სახლი“ (2016), „კლასი/ბედნიერი ბავშვობა“ (2017 ), „თუ არ შეგიძლია ფრენა, ისწავლე ვარდნა“ (2018). 2019-2020 წლებში მიშა გოგრიჭიანი მონაწილეობდა „დედიკას გალერეაში“ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში სახელწოდებით „პერ ასპერა“ და „მიყვარს ყავა, მიყვარს ჩაი.“ გარდა ამისა, ხელოვანი აქტიურად მონაწილეობდა ედინბურგის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონისა და სხვა ქალაქების ჯგუფურსა თუ პერსონალურ გამოფენებში.
2021 წელს კულტურის სამინისტრომ პროექტის – „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” – ფარგლებში სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო და შეიძინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდებში დაიდო ბინა. მათ შორის არის მიშა გოგრიჭიანის ფერწერული ტილოც – „გალოთებული ინტელიგენტი“.

Cesko