„კუბოს კეთება ჩემთვის „სემიჩკასავით“ არის…“ – ვინ არის ქალი, რომელიც ყველანაირ სადურგლო სამუშაოს ასრულებს, თავისი “ცეხიც” აქვს და არანაირი შეკვეთის არ ეშინია

0
555
27 Views

ძნელია, იყო ქალი და შეეჭიდო კაცის საქმეებს, როცა სახლში მამაკაცი არავინაა. კიდევ უფრო ძნელია, როცა თვეების წინ საყვარელი შვილი დაკარგე და მაინც გიწევს არანორმალური შრომა, მხოლოდ იმიტომ, რომ სულიერად და ფიზიკურად გადარჩე. ასე უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს ჩვენი რესპონდენტი ია კიპაროიძე, რომელიც სურამში ცხოვრობს და ხის ავეჯს, ჩიტის ბუდეებს, „სასახლეებს“ ამზადებს. „კუბო ჩემთვის „სემიჩკასავითაა“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი გია ჯაჯანიძის ერთ-ერთ გადაცემაში. „სასახლეების“ დამზადების სულაც არ ეშინია. მეტიც. შეუძლია, დღეში ორი, სამი კუბო ააწყოს თავიდან ბოლომდე.

მე და ჩემი მეუღლე თანაკლასელები ვიყავით. მეუღლე 18 წელია, აღარ მყავს. ადრე ნორმალური სამსახურიც მქონდა, გალანტერიაში ვმუშაობდი. მერე დეკრეტში რომ გავედი, ბავშვი შემეძინა და სახლში დავრჩი. ჩემი მამამთილი ხელოსანი იყო. ეზოში პატარა ცეხივით გვქონდა. მამამთილი მუშაობდა და ჩემი ქმარი ეხმარებოდა. თავიდან, ფარდის „კარნიზებით“ დავიწყეთ… მერე ჩემს ქმარს ნევროზი დაემართა. აღარ მუშაობდა. ვინც იცის, საშინელი ავადმყოფობაა ნევროზი. რომ გავჩერებულიყავით, როგორ უნდა გვეცხოვრა. არ მოვასვენე, ვეუბნებოდი, მოდი, ვიმუშავოთ, მე მოგეხმარები-მეთქი… ამასობაში მეც შევისწავლე ხელობა.

შემდეგ ქმარი დამეღუპა. 33 წლის იყო ისიც და მეც 33 წლის ვიყავი. რა მექნა? ხელობა კარგად ვიცოდი. ცეხი სახლში მქონდა. დავდექი და დავიწყე მეც დაზგასთან მუშაობა. ერთი პერიოდი ჩემი ძმა მოვიყვანე დამხმარედ, მუშაც მყავდა. ძალიან ბევრი შეკვეთა გვქონდა. კარ-ფანჯრები, სკამები, მაგიდები… ყველაფერს ვაკეთებ, დივან-სავარძლების გარდა. ადრე ლამინატი არ იყო და ყველაფერს სულ ხისგან ვამზადებდით. სამზარეულო, საძინებელი…

ოცდაათ წელზე მეტია, ამ ხელობაზე ვმუშაობ. კი, ერთი პერიოდი თავი მივანებე. ქალი ვარ, ამდენი კარის, ფანჯრის, სკამის კეთება აღარ შემიძლია, დასვენება მინდა-მეთქი და თავი მივანებე. მაგრამ იმდენი კლიენტი მყავდა, სახლში მაკითხავდნენ, მთხოვდნენ… ავდექი და უფრო კარგი ცეხი გავაკეთე, ყველაფერი თანამედროვე შევიძინე და თავიდან დავიწყე. მივეჩვიე.

ჩემი მამამთილი აკეთებდა ხოლმე „სასახლეებს“. ადრე არ იყო ასე, არსად იყიდებოდა. მხოლოდ ჩვენთან, ოჯახში მოდიოდნენ შეკვეთებზე, გვთხოვდნენ. ვუყურებდი და ვისწავლე. ძალიან ბევრი გამიკეთებია, დღეში ზოგჯერ ორი, სამიც და ყველანაირი. ახლა მუხისას აღარ ითხოვენ, ძალიან ძვირია. ნაძვით და წაბლით ვამზადებ.

ყველანაირ „სასახლეს“ ვამზადებ. შიგნიდან ვაკრავ ატლასის სარჩულს, ბალიშს ვუდებ. თავისი ყველაფრით. ჩემთვს არაფერი მაქვს გაკეთებული, ერთადერთი ტელევიზორის მაგიდა ავაწყვე და ისიც ბავშვებმა წამართვეს – სულ სხვებს უკეთებ, ჩვენთვის არაფერს აკეთებო.

ექვსი თვეა, რაც ბიჭი გარდამეცვალა. ფილტვები ჰქონდა დაზიანებული, ვირუსმა უფრო იმოქმედა… რა თქმა უნდა, ჩემთვის ძნელია ამ მდგომარეობაში მუშაობა, მაგრამ რა ვქნა? იძულებული ვარ, გავაკეთო, ზოგს რა უნდა, ზოგს – რა. ნელ-ნელა გავედი და ვმუშაობ, რომ ცოტა გული გადავაყოლო”, – განუცხადა “თბილისელებს” ია კიპაროიძემ.

თბილისელები

Cesko