,,იმ ადამიანებთან ვალში ვართ, ვინც მწუხარებისას გვერდით გვედგა” – იმედო კახიანი 86 წლის გახდა

0
496
27 Views

საქართველოს სახალხო არტისტს, იმედო კახიანს, 12 მაისს 86 წელი შეუსრულდა. ასაკმა მოგონებების გაღვიძება იცის. მოგონებებში კი ყველაზე მეტად ბავშვობის წლები ეძვირფასება. სასიხარულო ბევრი კი არაფერი იყო ნახევრად მშიერ ბავშვობაში, მაგრამ იყო მთავარი – სიყვარული და ერთსულოვნება, რაც დღეს ადამიანებს ძალიან გვაკლია.

თვლის, რომ სამყაროში ქალისა და მამაკაცის ტრფობა ყველაზე სწორი, ლამაზი და მისაღებია. სიჭაბუკეში აირჩია მშვენიერი გოგონა ცხოვრების თანამგზავრად და ნახევარ საუკუნეზე მეტია, ერთად მიუყვებიან ცხოვრების მიხვეულ-მოხვეულ გზა-შარას.

ბატონი იმედო ,,სარკეს” უამბობს: დედა ჩემს ექიმობაზე ოცნებობდა და მეც სამედიცინო ინსტიტუტს მივაშურე. ქულები დამაკლდა და გარეთ დავრჩი. ჩემი მეზობელი ნოდარ ფირანიშვილი თეატრალურ ინსტიუტუტში პირველ კურსზე სწავლობდა. ისე დამიხატა ის გარემო, რომ დამითანხმა იქ ჩაბარებაზე. საბუთები შევიტანე, მეორე დღეს კი შესარჩევი ტური იყო დანიშნული.

ერთ დღეში რა უნდა მესწავლა. ფირანამ, ასე ვეძახდი ნოდარს, მითხრა, საჭიროა, ისწავლო ლექსი, იგავ-არაკი, ნაწყვეტი პროზიდანო. ავიჩიე იგავ-არაკი, ვაჟა-ფშაველას ,,არწივი” და ,,ამოდის, ნათდება”. ფირანამ მითხრა, მთავარია, ხმამაღლა, გაბრწყინებულმა წაიკითხოო.

მოვიდა ჩემი რიგი. შევედი დარბაზში, სადაც მაგიდას ჩემთვის უცნობი ადამიანები უსხდნენ, მომანათეს პროჟექტორები და მითხრეს: ,,აბა, დაიწყეთ”. დავჭექე. დავამთავრე, მაგრამ ხმას არავინ იღებს.

დიდი პაუზის შემდეგ მელოტმა, შავგვრემანმა კაცმა მითხრა: ,,აიღე სკამი, მოდი და ჩვენ წინ დაჯექი”. დავჯექი. ,,იცი, რა წაიკითხე?” – მეკითხება. ,,როგორ არა, ვაჟას ,,არწივი”,- ვპასუხობ. ,,მერე?”… ვფიქრობ, რა უნდა. როგორც ფირანამ მასწავლა, დავჭექე, არ შემშლია.

“ახალგაზრდავ, რა სჭირს არწივს?” – ისევ მეკითხება. ,,დაჭრილია”, – ვპასუხობ. ,,ჰოდა, ეს ძლიერი ფრინველი, თავისუფლების სიმბოლო თუ დაჭრილია, სტკივა და უღირსი მტერი ძიძგნის, არ გეცოდება?” – მკითხა. ,,დიახ”, – ვუპასუხე. ჰოდა, მაშინ რა გიხარია, რა გაყვირებსო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სხვა ნომრებიც დიდად არავის მოსწონებია. არაფერი მითხრეს, ისე გამომიშვეს. ვბრაზობდი, ეს სად მომიყვანა ფირანამ, თავი შევირცხვინე-მეთქი.

მეორე დღეს, როგორც წესი, პლეხანოვზე ,,ვაბირჟავებდი”. რუსთაველისკენ გახედვაც არ მინდოდა. ისედაც არ დავდიოდით პლეხანოველები რუსთაველზე, უბნის ღალატად ითვლებოდა. მოვიდა ფირანა და ძალით წამიყვანა. თეატრალურ ინსტიტუტის კედელზე, სარკმელში სიები იყო გამოკრული, 450 კაციდან 40 კაცამდე დასულიყო. ჩემი გვარი ეწერა, პირი დავაღე გაოცებისგან. ორი კვირა ვიმეცადინე და დრამის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.

– და ამის მერე ძალიან მალე გამოჩნდით კინოში.

– დიახ, პირველ კურსზე ვიყავი. რეჟისორი შოთა მანაგაძე იღებდა ,,საბუდარელ ჭაბუკს”. თეატრალურში გვითხრეს, მთავარი გმირი, გოგიტა, უკვე არჩეულია, მისი თანატოლი ბიჭები გვჭირდება და ხვალ პირველკურსელები გასინჯვაზე მოდითო. ყველანი წავედით. რეჟისორი გვესაუბრა. უცებ გვერდით მდგომს მიუბრუნდა და უთხრა, ამ ყმაწვილს გაუკეთეთ გრიმი და სასინჯი ფოტოები გადაუღეთო. შემდეგ შემატყობინეს, მთავარ როლზე დაგამტკიცესო.

– ამავე პერიოდში მოხდა თქვენს ცხოვრებაში მთავარი მოვლენა – გაიცანით მომავალი მეუღლე.

– ჩემი ქალბატონი ,,საბუდარელი ჭაბუკის” სინჯებზე გავიცანი. ციცინოს როლის სინჯებზე მთელი თბილისის ლამაზი გოგოები მიდიოდნენ. მეორე დღეს პლეხანოვზე შემხვდა და თითქოს ვერ მიცნო, ისე ჩამიარა. მე კი ისე მომეწონა, გადავწყვიტე, დავახლოვებოდი და შევძელი კიდეც, თავი შევაყვარე.

– მოდით, ეს ამბავი ქალბატონმა ფლორამ გააგრძელოს.

ფლორა: იმედო სიმპათიური ბიჭი იყო, ხალისიანი, ნიჭიერი. დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ,,ბირჟაზე” ატარებდა. როგორ გავბედავდი, სახლში მეთქვა, ასეთი ბიჭი მიყვარს-მეთქი. 5 წელი გვიყვარდა ერთმანეთი, მხოლოდ ბოლო წელს გავუბედე მამას და ვთხოვე, ნება დაერთო, ცოლად გავყოლოდი. მაშინ გაპარვა იყო მოდაში, მაგრამ ამას ჩემს ოჯახს ვერ ვაკადრებდი. ვარჩიე, საყვედურები ამეტანა, მაგრამ სიმართლე მეთქვა, რომ მიყვარდა.

– ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად მოდიხართ. მსახიობ მამაკაცს, მით უმეტეს, სიმპათიურს, ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა, იქნებოდა მუდმივი გადაღებები, ქეიფები… არ ეჭვიანობდით? როგორი ქმარი იყო ბატონი იმედო?

ფლორა: საუკეთესო მეუღლე იყო და არის, ასევე – კარგი მეოჯახე, მზრუნველი მამა და ბაბუა. კი, ყველაფერი იყო ჩვენს ოჯახში. თვეობით გადაღებებზე იყო, უყვარდა ქეიფი, თამადობა, დროსტარება. ბევრჯერ ღამის 2 საათზე მოსულა მეგობრებთან ერთად და დილამდე მოულხენიათ. მე არ ვარ ეჭვიანი და არც არასდროს მოუცია ამის საბაბი. ეტყობა, ძალიან ჭკვიანი იყო და ოდესმე თუ გვერდზე გაუხედავს, მე არასდროს გამიგია.

დღემდე ვთვლი, რომ ჩვენი შეხვედრა ბედნიერი იყო და საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ სიძე. დედაჩემმა 102 წელი იცოცხლა და სულ გვეუბნებოდა, ბოღმით არ უნდა იცხოვრო, ბოღმა აბერებს და კლავსო.

მეც და იმედოც სულ ვფიქრობთ, რომ იმ ადამიანებთან ვალში ვართ, ვინც ჩვენი მწუხარების დროს ჩვენ გვერდით იდგა, ვინც ცხოვრების გზაზე გვიმეგობრა, ვინც კეთილი სალამი გვითხრა და მოგვეფერა. ვცდილობთ, ვალი სიკეთით და სიყვარულით დავაბრუნოთ.

Cesko