ტექსელის კუნძულზე ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

0
283
18 Views

ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.

მემორიალური დაფის დიზაინის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოქანდაკე-რესტავრატორი, დავით (დევი) ხმალაძე, ხოლო ინიციატივა ეკუთვნის ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს, თინათინ სვანიძე-ვენკოს. მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს და მემორიალური მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ასევე კუნძულ ტექსელის მერმა, მიხილ აუთდენჰაგმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა, თიკა სვანიძე-ვენკომ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა რთველ ებრაელთა მსოფლიო რაბინი, იაკობ გალუგაშვილი.

ტექსელის კუნძულზე ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ შეხვედრა გამართა ტექსელის მერთან, მიხილ აუთდეჰაახთან. მან მადლობა გადაუხადა ტექსელის მერს ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმის პროექტის განხორცილების მხარდაჭერისათვის.

ვლადიმერ კონსტანტინიდი ასევე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც სამინისტრო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. მან ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

Cesko