გენერალი მარკ მილი: რუსეთს არ სურს ომი ნატოსთან ან შეერთებულ შტატებთან, ხოლო ნატოს და შეერთებულ შტატებს არ სურთ ომი რუსეთთან

0
274
24 Views

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა მიმდინარე წელს პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწევენ.

„მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარის მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ალბათობა, ვფიქრობ, ეს ძალიან რთული იქნება და გულწრფელად რომ ვთქვათ, არ მგონია ამის ალბათობა მიმდინარე წელს იყოს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ რუსებმა უზარმაზარი ზიანი განიცადეს. მათი დანაკარგები დიდია. მათი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. მათი სახმელეთო ძალები, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დაზარალდა“, – აღნიშნა მარკ მილიმ გამოცემა Foreign Affairs-თან ინტერვიუში.

„ვფიქრობ, რომ რაციონალური ხალხი, როგორც რუსეთის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი, დასკვნამდე მივა – ვფიქრობ, თვეების განმავლობაში ან ერთი ან ორი წლის განმავლობაში – ისინი დაასკვნიან, რომ დანახარჯი აღემატება სარგებელს, და რაღაცის გაკეთების დრო დადგება, ყოველ შემთხვევაში, მოლაპარაკების თვალსაზრისით. ეს დრო შეიძლება ახლა არ იყოს – აზრების წაკითხვა არ შემიძლია. არ ვიცი, როდის იქნება პუტინი მზად ამის გასაკეთებლად, მაგრამ გარკვეულ მომენტში, თუ ის რაციონალურია, მან ეს უნდა გააკეთოს. მას შეეძლო ამის გაკეთება ამაღამ. მას შეეძლო ომის დასრულება ამაღამ. რა თქმა უნდა, მას რუსული პოლიტიკის შიგნით პოლიტიკური შეზღუდვები აქვს. მაგრამ მათ მოუწევთ ამის გარკვევა, რადგან ისინი ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.

გენერალმა მარკ მილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას ინტერესებშია სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს.

„რუსეთს არ სურს ომი ნატოსთან ან შეერთებულ შტატებთან, ხოლო ნატოს და შეერთებულ შტატებს არ სურთ ომი რუსეთთან. ასე რომ, ამ კუთხით ეს ყველას ინტერესებშია და უკრაინას რა თქმა უნდა არ სურს ომის ასეთი მასშტაბები მის ტერიტორიაზე. ასე რომ, ყველას ინტერესებშია, რომ არ მოხდეს ესკალაცია. ესკალაციის შესაძლებლობა ძალიან რეალურია. ომები უაღრესად ემოციურია. არის უზარმაზარი შიში, არის სიამაყე, არის ინტერესი, ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება, სხვადასხვა ხარისხით. ასე რომ, ესკალაციის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

Cesko