“რამდენიმე წლის წინ მითხრა, ჩემი წასვლის დღე რომ დადგება, ჩემ გვერდით იყავიო; ვერ ვიყავი…” – მაკა მახარაძე თემურ ჩხეიძეზე

0
366
26 Views

მაკა მახარაძე თემურ ჩხეიძეს და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსნებს და ამბობს:

“ნოემბერი, რომელიც ასე მიყოლებით სიხარული იყო, ახლა მიყოლებით ცრემლებია… მაინც არ ვუშვებ, რომ არ არის თემური, მაგრამ რეალობა ასეთია და მძიმეა. დრო არ კურნავს, ეჩვევი. რადგან ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, მგონია, რომ თავის სახლშია. ნანი რა დღეშია, სხვა საქმეა. ახლახან პრემიერა ითამაშა. კარგადაც ითამაშა. ემიგრანტ ხანდაზმულ ქალს თამაშობს და ისეთი ტექსტი აქვს, არ ატირდეს, არ გაფუჭდეს-მეთქი, ვფიქრობდი და მე გავფუჭდი დარბაზში.

საკუთარ დაბადების დღეზე სევდიანი იყო ყოველთვის. თემური მთელი ოჯახისთვის მაგალითი იყო. და არამხოლოდ ოჯახისთვის, ყველასთვის. ერთხელ დამესიზმრა, ქვევიდან მიყურებდა, სევდიანი იყო. დილით სანთელი დავანთე…

თემურთან დაკავშირებით მახსენდება მხოლოდ სიკეთე. იყო რაინდი. სარეპეტიციოში შესვლისას, არ არსებობდა, გოგონა სტუდენტები თავისზე წინ არ გაეტარებინა. სულ წინ უშვებდა, მერე შედიოდა თვითონ. თემური ჩემთვის იყო შუქი ფანჯარაში.

კლინიკაში, სანამ დამძიმდებოდა, ვნახე და აჟიტირებული საუბრობდა, იუმორი ჰქონდა საოცარი. შენ ცუდად არ ხარ-მეთქი, ვუთხარი. არ ვიმჩნევდი. ფერმკრთალი კი იყო… ბოლო საუბარი ვერ მოვახერხე, ვერ შევედი მასთან… რამდენიმე წლის წინ მითხრა, ჩემი წასვლის დღე რომ დადგება, ჩემ გვერდით იყავიო. ვერ ვიყავი… საფლავზე მარტო მისვლა არასდროს მიყვარდა. ახლა მარტო მირჩევნია მივიდე და ველაპარაკო.

 

ყურადღებიანი, მზრუნველი, თბილი იყო ყოველთვის. მამაჩემთან, კოტე მახარაძესთან, საოცარი მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდა. თემური ხაზს უსვამდა, კოტემ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშაო. მართლა ასე იყო, არ იპრანჭებოდა. კოტე თემურისთვის ზე მამა იყო. მართლაც განსაკუთრებულად ექცეოდა, რომ დედაჩემისათვის სიყვარული დაემტკიცებინა.

ჩვენ შვილი გვყავს და კიდევ რად გვინდაო, მედიკოს ეუბნებოდა მამა. მიუხედავად იმისა, რომ თემურს მამის მხრიდან არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა და მუდმივად კონტაქტში იყვნენ. თემურის მამა არაჩვეულებრივი მსახიობი და პედაგოგი ნოდარ ჩხეიძე გახლდათ, ბაბუა – გიორგი ქუჩიშვილი.

მე რომ დავიბადე, თემური ექვსი წლის იყო. მე და ჩემი უმცროსი ძმა კოტეს ირონიულად ვეუბნებოდით, თემურს რომ გადაჰყევი, ჩვენ ისე არ გადაგვყოლიხარო. მართლა გადაჰყვა, დიდი სიყვარული ჰქონდათ. შემოქმედებითი კამათიც მოსდიოდათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამაა.

დედაჩვენი ისეთი იყო, ვერც ერთი ვერ ვგავართ მას. თემურს დედას თვალები ჰქონდა, თვალებიდან სითბო გამოსჭვიოდა. მედიკოს მიმტევებლობის საოცარი თვისება ჰქონდა, აი, ეს ჰქონდა თემურს მისგან. მე არ გამიგია, ჩემს ძმას ვინმეს მისამართით საყვედური ეთქვას. ყოველთვის თავის თავზე იბრალებდა, ჩემი ბრალია, არ უნდა მექნაო…“ – იხსენებს მაკა მახარაძე “პრაიმტაიმთან”.

“პრაიმტაიმი”

Cesko