ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის, ენისა და საქართველოს შესახებ ცოდნის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციაა – ბექა ოდიშარია

0
231
37 Views

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროს კახა ხანდოლიშვილს და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, ანა ლუკავას შეხვდა.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამინისტროს მიერ ქართული დიასპორის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების ფუნქციონირებასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ოდიშარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობით საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება და ამ კუთხით სამინისტროს ძალისხმევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის, ქართული ენისა და საქართველოს შესახებ ცოდნის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციაა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა, მათი სამეცნიერო პოტენციალის სრულყოფილი გამოყენება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში”, – განაცხადა ოდიშარიამ.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია უცხოეთში ქართველოლოგიური ცენტრების ფუნქციონირების გაძლიერება და გაზრდა, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის უმაღლესი განათლების მიღების გამარტივება და ხელშეწყობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიასპორის მიმართულებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე საჭიროა გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა, დარგობრივი უწყებების, ექსპერტებისა და დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით.

Cesko