ამბასადორში ხანძრის გაჩენისთვის დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნება

0
310
21 Views

ამბასადორში ხანძრის გაჩენისთვის დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასტუმრო ამბასადორში ცეცხლი 31 მარტს, დაახლოებით, 18:10 საათზე გაჩნდა.

ადგილზე გავრცელებული კადრებიდან ჩანდა, რომ ცეცხლი სასტუმროს ბოლოს სართულს ეკიდა, ხოლო მეხანძრე-მაშველები მის ჩაქრობას ცდილობდნენ.

ხანძრის სრული ლიკვიდირება დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხერხდა.

შსს-ის ინფორმაციით, ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით ამბასადორის ერთ-ერთი სტუმარი 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროში ბრალდებულმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით.

უწყების განმარტებით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, — ნათქვამია განცხადებაში.

Cesko