ჯონ კირბი სი ძინპინის ვიზიტის შედეგებზე: ვერ დავინახეთ ისეთი რამ, რაც დაგვაიმედებდა, რომ ომი შეიძლება მალე დასრულდეს

0
257
20 Views

ჩვენ გვჯერა და ამაზე საჯაროდაც გვითქვამს, რომ ჩინეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება და უდანაშაულო უკრაინელების ხოცვაში პუტინისთვის დახმარების გაწევა. ასევე საჯაროდ გვაქვს ნათქვამი, რომ ასეთ ნაბიჯს კონკრეტული შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩინეთს აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკა და დიდი გავლენა მსოფლიოში. მათ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ამ გავლენის გამოყენება იმისთვის, რომ პუტინს კიდევ უფრო მეტი უკრაინელის მოკვლაში დაეხმარონ. რაც შეეხება რუსეთში სი ძინპინის ვიზიტის შეფასებას, ჯერჯერობით ვერ დავინახეთ ისეთი რამ, რაც დაგვაიმედებდა, რომ ომი შეიძლება მალე დასრულდეს. პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ დასავლეთი და უკრაინა ამაზე უარს ამბობენ – ეს, რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა. ასე რომ არა მგონია, რომ ამ ვიზიტის შედეგად გამოჩნდა ისეთი რამ, რაც უახლოეს მომავალში ომის დასრულების შესაძლებლობაზე მიანიშნებდა“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ოფიციალური ვიზიტი რუსეთში დასრულდა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის გარშემო ვითარების რეგულირების საფუძვლად ჩინეთის სამშვიდობო გეგმის გამოყენება შეიძლება.

Cesko