“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, პიროვნება, რომელმაც “ტვ პირველის” ჟურნალისტზე იძალადა, სავარაუდოდ, “ოცნების” მაღალჩინოსნის ნათესავია.ნოდარ მელაძის თქმით, არსებული ინფორმაცია ზუსტდება და დიდი ალბათობით, სწორედ ეს ნათესაური კავშირი გახდება ჟურნალისტზე მოძალადე და ევროკავშირის დროშის ჩამომხევი მამუკა ანდღულაძის თავისუფლების გარანტი.
არცერთი ადამიანი პასუხისგებაში არ არის მიცემული ბოლო თვეების განმავლობაში, იმის გამო, რომ ჟურნალისტებს ან საქმიანობაში ხელი შეუშალეს ან ფიზიკურად გაუსწორდნენ ან სხვა სახის ძალადობა განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოძიებაც ამ შემთხვევაში არის ფასადური, ადამიანმა ევროკავშირის დროშის ჩამოგდებაში და შემდეგ მისი თანამოაზრეებისთვის დასაწვავად გადაცემაში მიიღო და ეს ადამიანი დაკითხვაზეც კი არ იყო დაბარებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი, რომელმაც “ტვ პირველის” ჟურნალისტზე იძალადა, იმყოფება ახლო ნათესაურ კავშირში “ოცნების” ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, ახლა ვამოწმებთ ამ ინფორმაციას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნათესაური კავშირი გახდება მისთვის ხელშეუხებლობის გარანტია”, – ამბობს ნოდარ მელაძე.
ამ დრომდე არ დაუკავებიათ “ტვ პირველის” ჟურნალისტზე თავდამსხმელი რადიკალი, რომელმაც პარლამენტის სასახლიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხია.
როდესაც ტვ პირველის ჟურნალისტმა მისი იდენტიფიცირება შეძლო და კითხვების დასასმელად სახლში მიაკითხა, მოძალადე მამაკაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ის მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რომლითაც გადაღებას აწარმოებდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “TV პირველის“ ჟურნალისტის მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.