“ზელენსკი პრეზიდენტის როლს დასავლეთის მიერ დაწერილი სცენარით თამაშობს, თან ძალიან კარგად” – დიმა ლორთქიფანიძე

0
308
17 Views

რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, ანადგურებს თუ არა ზელენსკი რუსულ ურდოს წარმატებით? ასევე, ბაიდენის კიევსა და ვარშავაში ვიზიტებისა და მკითხველისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე “საერთო გაზეთს” ესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ სამხედრო სპეცოპერაცია, რომელიც, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, მთელი კაცობრიობისთვის უდიდესი ტრაგედიაა. ამ ომმა უკრაინის სახელმწიფოს, ხალხს, განაჩენი უკვე გამოუტანა. ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანზე საუბრისგან გლობალური დასავლეთი თავს იკავებს. სახეზეა მხოლოდ ომის რიტორიკა და ესკალაციისკენ მოწოდება. ერთი განცხადება მაინც თუ გსმენიათ გაეროს ტრიბუნიდან იმის შესახებ, რომ მხარეები უნდა დაზავდნენ და ომი შეწყდეს. ან რომელიმე ზესახელმწიფოს ლიდერისგან თუ გაგიგონიათ, რომ ომის გაგრძელების თავიდან აცილების ერთადერთი გამოსავალი სამშვიდობო მოლაპარაკებაა, თუნდაც, მინსკი-1-ის და მინსკი-2-ის შეთანხმების კონტექსტში, რომელიც აღიარებული იყო არა მხოლოდ საფრანგეთის, გერმანიის, ბელორუსის, რუსეთისა და უკრაინის, არამედ გაეროსა და ეუთოს მიერაც. გაეროს რეზოლუციით მიღებული სამშვიდობო პირობა დაირღვა. ზელენსკი 2019 წელს ხელისუფლებაში ერთადერთი დაპირებით მოვიდა: მას დონბასში ყველა სახის საომარი მოქმედება უნდა შეეწყვიტა და ისეთი ტიპის მოლაპარაკებების მოედანი შეექმნა, რომელიც უკრაინაში გარანტირებულ მშვიდობას უზრუნველყოფდა, განსაკუთრებით, მის აღმოსავლეთ ნაწილში _ დონბასსა და ლუგანსკში. დაპირება ბლეფი აღმოჩნდა. ზელენსკი პრეზიდენტად სწორედ ამ დაპირების გამო აირჩიეს, თუმცა მან მთელი უკრაინა სისხლისმღვრელ ომში ჩაითრია, რაც უკრაინის მოსახლეობის მინიმუმ 3/4-ისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და მიუღებელი იყო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ზელენსკი, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი არ არის და არც პოლიტიკოსი გახლავთ, არამედ იგი პრეზიდენტის როლს თამაშობს, თანაც _ საკმაოდ კარგად. ის პროფესიონალი მსახიობია და იმ სცენარით თამაშობს, რომელიც დასავლეთმა დაუწერა. დიახ, მისი პატრონი ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკის გამტარებელი გლობალური პოლიტიკური სისტემაა. დღეს ლონდონი იმ ბრიტანული ძალების მთავარი დირიჟორია, რომელსაც ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და თავად უკრაინა წარმოადგენენ. თუ ასე გაგრძელდა, უკრაინისგან ნამსხვრევებიღა დარჩება. გასაგებია, რომ ომის პროპაგანდისტულ რიტორიკას არც საწყისი გააჩნია და არც დასასრული. რეალური მხოლოდ ომის სასტიკი სახეა, რასაც ათასობით ადამიანი ეწირება. როცა საუბრობენ: ზელენსკიმ რუსული ურდო დაამარცხაო, ეს მხოლოდ ომის შეჩერების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ომი კი გრძელდება და წისქვილის დოლაბს ემსგავსება, რომელიც ნელ-ნელა ტრიალებს, გზად ყველაფერს ფქვავს და როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: რეალურად, ნატო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ომობს და, შესაბამისად, მხარედ გვევლინება. ნატოს უცვლელი ხელწერაა, ესა თუ ის საკითხი ყოველთვის სხვისი ხელით მოაგვაროს.
ვხედავთ, რომ დასავლეთი უკრაინის სტრატეგიულ-თავდასხმით შეიარაღებას განაგრძობს, რამაც შეიძლება ბირთვული ომის საფრთხემდე მიგვიყვანოს. ბირთვული ფაქტორის მნიშვნელობის გაზრდა წარმოსათქმელად ადვილია, მაგრამ კაცობრიობისთვის ეს გლობალურ კატასტროფას ნიშნავს. რუსეთმა ბალტიის ზღვაში გაიყვანა ფლოტი, რომელიც მთლიანად ბირთვული ქობინებით არის შეიარაღებული. წყალქვეშა გემი `ბელგოროდი~ რომელიც ზღვაში იყო გასული, უკვე დაუბრუნდა დისლოკაციის ადგილს, ოღონდ, 200 ტონით შემსუბუქებული აღჭურვილობით. 200 ტონით `ბელგოროდის~ შემსუბუქება იმაზე მეტყველებს, რომ მან სადღაც დატოვა და თავისუფალ ცურვაში გაუშვა `პოსეიდონის~ სახელით ცნობილი ტორპედოები. აღსანიშნავია, რომ მათ მსოფლიო ოკეანეებში 20-წლიანი უწყვეტი მოძრაობის ციკლი გააჩნიათ. დიახ, ოცი წლის განმავლობაში მათ 250 მეტრ სიღრმეში ავტონომიური მოქმედების დაუბრკოლებელი გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ. ტორპედოების პოვნა და რადარზე დაფიქსირება, უბრალოდ, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ბირთვული საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. თუკი ერთი კვირის წინ ამის შანსი 65% იყო, დღეს 80%-ს აღწევს. ეს ის კოზირია, რომელიც გამოყენებული იქნება შემდეგი პრინციპით: რუსეთი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე ვერ ზიდოს. თუკი გლობალურ მსოფლიოს, ომის ინსპირატორებს, სურთ იხილონ, თუ რაზეა წამსვლელი რუსეთი, ამასაც მოესწრებიან. მაგრამ სამწუხაროდ, ამის მომსწრე მთელი კაცობრიობა იქნება. რადგან, თუნდაც, ტაქტიკური ბირთვული იარაღის აფეთქებების სერია უკვე გლობალური მესამე მსოფლიო ომის მომასწავებელი იქნება. ეს აისახება, მაგალითად, ტაილანდში, ასევე, ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბული მდგომარეობის ესკალაციაში; ახლო აღმოსავლეთში: გამწვავდება მდგომარეობა ამერიკასა და ირანს, ისრაელსა და ირანს შორის; წინ წამოიწევს სირიის წინააღმდეგ დროებით გაყინული კონფლიქტიც. ანუ, ეს ომი მთელ მსოფლიოს მოიცავს და კონტინენტთაშორისი დაპირისპირების სახეს შეიძენს, რაც მოშლის ტრადიციულ ეკონომიკურ კავშირებს, ასევე, მთელ კაცობრიობას უღრმეს, უმძიმეს კრიზისში ჩაითრევს. ამ კრიზისიდან გამოსავალი, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაა. სხვა შემთხვევაში, აქ მოგებული არავინ დარჩება. ეს ჩვენი ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისი იქნება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, მხარეები მინსკი-2-ის შეთანხმებას დაუბრუნდნენ, რაც მშვიდობას დაამყარებდა, მაგრამ ამისთვის არც აშშ, არც დიდი ბრიტანეთი, არც ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო მზად არ არის. ამასობაში, ევროკავშირი რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმას არ აპირებს. აქაც ორმაგი სტანდარტია. საქართველოს გავლით, ფოთის პორტიდან ბულგარეთში თხევადი აირის უდიდესი რაოდენობა მიედინება. ანუ, ევროკავშირი ენერგომატარებლების მიღებაზე უარს ვერ ამბობს. რუსეთი კი ენერგომატარებლების სანაცვლოდ ევროპიდან მილიარდობით შემოსავალს იღებს, რასაც თავისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ახმარს. როცა საუბრობენ: ზელენსკიმ ურდოებს სძლია, რუსეთს ამარცხებსო, ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის სამობილიზაციო რეზერვი 18 მილიონი ჯარისკაცია, ხოლო ოპერატიული რეზერვი _ 3 მილიონი. დღეის მდგომარეობით, საომარ მოქმედებებში მონაწილეობა დაახლოებით 480 ათასმა ადამიანმა მიიღო. აბა, ნახეთ, ოპერატიული რეზერვის _ 3 მილიონის რა ნაწილია პროპორციულად 480 ათასი ადამიანი?! ჰქონია თუ არა რუსეთის ფედერაციას შესაძლებლობა, რომ თავისი სტრატეგიული ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანოს? ანუ, უკრაინის აღმოსავლეთით დაწყებულ ბრძოლებს კიდევ ორი ფრონტი დაემატოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 170 ათასი ჯარისკაცი ყირიმშია მობილიზებული. ათი ათასობით ჯარისკაცია ბელორუსშიც. ეს ორი ფრონტი დღეს გაჩერებულია. სამხრეთის ანუ, ყირიმის და ოდესის ფრონტი, რომელსაც არმიის გენერალი ალექსეი კიმი ხელმძღვანელობს, აბსოლუტურად უმოქმედოდაა. ისინი არ ომობენ, არამედ გარკვეული მოქმედებებისთვის ემზადებიან. არ ვიცი, ეს სტრატეგიული შეტევაა, თუ თავდაცვითი ინიციატივა. მაგრამ ფაქტია, რომ სამხრეთის არმია გაჩერებულია და მოქმედებების დასაწყებად მზადყოფნაშია. ასევეა ჩრდილოეთის არმიაც, რომელიც ბელორუსის სამხრეთით არის მობილიზებული. მე თუ მკითხავთ, ამ ეტაპზე საომარი მოქმედებები ვინმეს უპირატესობით კი არ მიმდინარეობს, არამედ ყველაფერი ახლა იწყება. ეს ევროპას, გლობალურ ეკონომიკას ურტყამს, საიდანაც რუსეთი თავის სარგებელს იღებს.
დაზვერვები _ ბრიტანული `მი-6~, ისრაელის `მოსადი~ და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ყურადღებას შემდეგზე ამახვილებენ: მარტის პირველი ნახევარი მოსამზადებელი პერიოდია იმისთვის, რათა რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს, რომლის მიზანი მხოლოდ ხარკოვის ან კიევის ალყაში მოქცევა კი არ არის, არამედ, ომის მთელი უკრაინის პერიმეტრზე გაშლაა. ამ შემთხვევაში, სამხრეთის ფრონტის სტრატეგიული ამოცანა შეიძლება იყოს სწორედაც დნესტრისპირეთამდე მიღწევა – აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ სამხედრო რუსულ ბაზამდე, სადაც, დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობაა. თუ ასე მოხდა, მოლდოვას რა ბედი ეწევა, აბსოლუტურად გაუგებარია. შეძლებს თუ არა გლობალური დასავლეთი, ამ შემთხვევაში, მოლდოვას ახალი ანექსიისგან დაზღვევას, გაურკვეველია. ასე რომ, ბირთვული საფრთხის საშიშროების გარეშეც, შესაძლოა, სასტიკი ომის მომსწრე გავხდეთ.
რაც შეეხება ბაიდენის ვიზიტს კიევსა და ვარშავაში, ეს ესკალაციის ზრდას ემსახურებოდა. თუკი რუსეთმა ოპერატიული ალყის შემორტყმა განიზრახა და ამან მთელი უკრაინის საზღვრები მოიცვა, ეს ომი ევროპას გადაედება. შეუძლებელია, ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული მოქმედებები რომელიმე მხარის კონტროლს დაექვემდებაროს და ამან ასახვა მეზობელ სახელმწიფოებზე არ ჰპოვოს. მეორე მსოფლიო ომის დროს, სადაც რამდენიმე ფრონტი იყო გახსნილი, ბრძოლები 1300 კილომეტრზე მიმდინარეობდა. დღეს რუსეთ-უკრაინის ომი 1100 კილომეტრზეა გადაჭიმული. თუ ფართობი პოლიტიკური საზღვრების პერიმეტრზე კიდევ უფრო გაიზარდა, აქ უკვე საქმე წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფასთან გვექნება, რადგან ამ ომში ჩათრეული აღმოჩნდება მოლდოვა, რუმინეთი, პოლონეთი, ბელორუსი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. თუ ნატო და რუსეთი ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ბირთვული საფრთხე 95%-მდე აიწევს, გლობალურ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება. აი, რის ესკალაციას ახდენს ვაშინგტონი. როგორც ჩანს, ვაშინგტონმა ვირუსული ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებით კაცობრიობის დამონების გლობალისტური პროგრამა ახლა ცხელი ომის ფაზით შეცვალა, რამაც ბირთვული საფრთხეების სისტემების გამოყენებით იგივე მიზნები უნდა უზრუნველყოს. აშშ უკრაინელ ხალხს მართლა რომ უფრთხილდებოდეს, უკრაინის ხელისუფლებას აიძულებდა, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო. თუნდაც მინსკი-2-ის შეთანხმება აღედგინა. აშშ ვალდებულია, როგორც მსოფლიო ჰეგემონმა, მხარი მშვიდობას დაუჭიროს, მაგრამ ამაზე სიტყვასაც არ ძრავს. უკრაინელი ხალხის შებრალებას არავინ აპირებს. ასე რომ იყოს, `აბრაამსებსა~ და `ლეოპარდებს~ კი არ გადასცემდნენ…
სამწუხაროდ, დასავლეთის მიზანი უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლაა…

Cesko