იტალიური მედიის შეფასება: კვარაცხელია ბურთით იარაღია, ყოველთვის გადამწყვეტი

0
1433
17 Views

„ნაპოლიმ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, მას შემდეგ, რაც „ემპოლი“ 2:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი მიუხედავად იმისა, რომ გოლის და საგოლე პასის გარეშე დარჩა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სხვა ყველაფერთან ერთად, მან ორივე გოლში დიდი წვლილი შეიტანა, რაც იტალიურ მედიას ცხადია არ გამორჩენია.

Mediaset 7 ქულა: „სპალეტიმ პირველი ტაიმის განმავლობაში წამითაც არ მოასვენა და დეტალების სრულყოფას ცდილობდა. თუმცა, ქართველი ჩვეულებრივი იარაღია, როცა ბურთი აქვს, ანგარიშიც მისი ხარისხის წყალობით გაიხსნა“.

Calciomercato.it 7 ქულა: „ბურთთან რბილი შეხებით ტკბება, თანაგუნდელებთან კოორდინირებულად მუშაობს, მისი მოქმედება ხსნის ანგარიშს და მეორე გოლიც მისი დარტყმის შედეგია. როგორც ყოველთვის, გადამწყვეტი“.

Tuttomercatoweb 7 ქულა: „ჩვეულებრივ, გადამწყვეტი ეპიზოდებში. ორივე გოლში ჰქონდა წვლილი და „ემპოლის“ დაცვას საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა“.

Tuttonapoli 7 ქულა: „ბურთთან ყოველი შეხება ბრწყინვალებაა. დარტყმა, რომლის შედეგადაც ოსიმენმა გაიტანა. „ემპოლი“ ხშირად ორი მეტოქით ეთამაშებოდა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა გამოსავლის პოვნას და გათავისუფლებას“.

Calciomercato.com 7 ქულა: „ემპოლის“ ავტოგოლი შორეულ ძელთან მისი ფუნჯით დახატული პასით გავიდა. ასევე მონაწილეობს მეორე გოლში“.

Calcionapoli1926 6.5 ქულა: „ყოველთვის კარგად ახერხებს საგოლე შანსების შექმნას. ყოველთვის თამამია, რომ ეცადოს თანაგუნდელებისთვის სივრცის შექმნა“.

Eurosport 7.5 ქულა: „ჟელინსკიზე პასით შეცვალა შეტევის მიმართულება, რაც ბრწყინვალე მოქმედება იყო, შემდეგ მეორე გოლშიც მონაწილეობს. კიდევ ერთხელ გადამწყვეტი.

Corriere Dello Sport: „ფეხბურთს შთამბეჭდავი ბუნებრიობით ხატავს, მისთვის ყველაფერი მარტივია. ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. პირველივე მცირე უყურადღებობაზე, თამაშგარის ხაზის დაუცველობის გამო სპალეტისგან ინგლისურად საყვედურს იღებს. მეორე ტაიმში დაღლილობისგან სუნთქვა შეეკრა, მაგრამ ეს ნორმალურია“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია და „ინტერს“ (სანამ ამ ტურის მატჩს ჩაატარებს) 18 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 3 მარტს, რომის „ლაციოს“ შინ დაუპირისპირდება.

pia.ge

Cesko