ქალი, რომლის მკვლელობაც, სავარაუდოდ, შვილიშვილმა შეუკვეთა, დაპირისპირების მიზეზებს ჰყვება

0
743
18 Views

ქალი, რომლის შვილიშვილსაც მისი ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ჩვენებაში აცხადებს, რომ შვილიშვილზე სესხის გამო განაწყენებული იყო.

როგორც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, ბებიამ ალექსანდრე საყვარელიძეს 10 000 აშშ დოლარი ასესხა, რაც მას არ დაუბრუნებია.

“მარტში, 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემს მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყავდა. აღნიშნულზე ალექსანდრეს ჩემთვის არც უპასუხია, არც უცდია ბოდიში მოეხადა და არც კონტაქტზე გამოსულა. მე იმდენად გავბრაზდი ალექსანდრეს საქციელზე, მითუმეტეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ, რომ ჩემს შვილს, ილონას ვუთხარი, როცა გარდავიცვლებოდი, ჩემს ქონებას ანდერძით დავუტოვებდი ვალერიან ჯიქიას და არა ალექსანდრე საყვარელიძეს”, – აცხადებს ქალი, რომლის ჩვენებასაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრე საყვარელიძემ ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც, მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა.

საყვარელიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის ,,კ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Cesko