ნიკა მელია დავით კეზერაშვილს Facebook-ზე მიმართავს და ავტომობილთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე წერს:
„პრაქტიკულად გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არც ერთი წითელი ხაზი. დღეს „საჩუქრების” წამოძახებაზე გადავიდნენ“.
მელია განმარტავს, რომ საუბარია ავტომობილზე, რომლითაც მელია რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა. მისი თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ სჭირდებოდა დაცვა და, შესაბამისად, დამატებითი ავტომობილი. მელია წერს, რომ დაცვას ოჯახის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი გადასცა, თავად კი პარტიის ავტომობილით სარგებლობდა, რომელიც კობა ნაყოფიას თხოვნით „ნაცმოძრაობას“ ზაზა ოქრუაშვილმა ათხოვა.
„ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დავით კეზერაშვილი, დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?“ – წერს მელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების დროს მელიას მიუღია საჩუქრები და ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის.