თბილისის საქალაქო სასამართლოში “ვაკის პარკში” მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან. ემოციური სიტყვით მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა.
“უკვე მოვითხოვ, წარმოადგინოთ, რა ახალი გარემოებები გაგაჩნიათ. რამდენჯერმე ახსენეთ “მაღალი ძაბვა“, ხომ არ მეშლება? 220 და 380 ვოლტი არ არის მაღალი ძაბვა. 360 ვოლტი – ასეთი საერთოდ არ არსებობს. ვიმეორებ, მე მესმის, რომ არ გაქვთ სპეციფიკური ცოდნა, მაგრამ როდესაც ადამიანის პატიმრობას ითხოვთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ და ისე გააკეთეთ განცხადებები, ძალიან გთხოვთ.
თქვენ თუ გინდათ, რომ უბრალოდ მე ვიყო პატიმრობაში, მითხარით და ვიქნები პატიმრობაში.უბრალოდ, ვერ გავიგე დანარჩენი ადამიანები რა საფუძვლით უნდა იყვნენ პატიმრობაში? პატივცემულო მოსამართლევ, მე მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა – დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და ჩემ შემთხვევაში, მე ღმერთის წინაშე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, გთხოვთ, ამ ადამიანებს შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება. მეტი არაფერი მინდა“, – მიმართა მანამდე კიდევ ერთხელ ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
წყარო: siaxle. club