ახალციხის კლინიკა „იმედის“ აწ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. ინფორმაციას ადვოკატმა მას სემდეგ გაავრცელა, რაც ის მედიკოსის ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს პროკურატურაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის გასაცნობად მივიდნენ.
ოჯახის ადვოკატის, ნინო ამაღლობელის განცხადებით, მათ პროკურატურამ დასკვნა არ გადასცა, თუმცა დოკუმენტს ადგილზე მცირე ხნით გაეცნენ. დასკვნის მიხედვით, მეგი ბაქრაძე ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.
„დასკვნა არ გადმოგვცეს. გვქონდა ერთ საათზე მეტი საუბარი. შეგვითანხმდნენ, რომ ხუთ სამუშაო დღეში, მომდევნო კვირის პარასკევს გადმოგვეცემა დასკვნა. რა მიზეზითაც ახლა არ გადმოგვცეს, განმარტეს, რომ ამას დადგენილებაშიც ჩაწერენ. საბოლო ჯამში, მოვახერხეთ მხოლოდ გაცნობა ზედაპირულად. დასკვნა საკმაოდ მოცულობითია. დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად ანაფილაქსიური შოკი წერია“,–აცხადებს ადვოკატი, ნინო ამაღლობელი.
თუ რა გახდა ანაფილაქსიური შოკის გამომწვევი მიზეზი, მომდევნო კვირას, ადვოკატებისთვის დასკვნის გადაცემის შემდეგ გახდება ცნობილი.
კლინიკა „იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ცუდად 2021 წლის 18 მარტს გახდა. იმავე დღეს ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალი 19 მარტს გარდაიცვალა.
კლინიკა „იმედში“ გაცემული ჯანმრთელობის ცნობაში ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების რამდენიმე სავარაუდო მიზეზი ეწერა, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქცია, რაც ამ დროის მონაცემებით ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა. მიზეზებს შორის ეწერა ფილტვის ემბოლიაც. ლევან რატიანის განცხადებით მათ კლინიკაში პაციენტი „სამბალიანი კომით შეიყვანეს“. ექთნის გარდაცვალების დეტალებზე დღემდე არ საუბრობდნენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში აცახადებდნენ, რომ ექსპერტიზის პასუხს ელოდებოდნენ. რა პოზიცია ექნება სამინისტროს მომხდარზე, ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: sknews.ge