„ჩემი და ჩემი შვილების ფოტოებს ჯვრები ჰქონდათ დასმული, თვალები ამოთხრილი“ – რას გაექცა შაინინა ამერიკაში

0
888
25 Views

პოპულარული ტელესახე ნინო ბარათაშვილი, მეტსახელით შაინინა, ორი წელია, რაც ამერიკაში გაემგზავრა და იქ თავშესაფარი მოითხოვა. წასვლას წინ უძღოდა შემაშფოთებელი, მეტიც, საშიში ამბავი, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა.

დედამიწის მეორე ნახევარსფეროზე ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ ნინო ბარათაშვილი “სარკეს” უყვება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

– ჩემს ცხოვრებაში მოხდა სრულიად აუხსნელი, გაუგებარი და საშიში ამბავი. ჩემს მშობლებს ჰქონდათ სახლი სოფელ დიღმის ცენტრში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მეც მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი განსაკუთრებით ძვირფასი გახდა ჩემთვის, უფრო სწორად, ყველაფერი, რაც სახლში იყო, მათი ხელშენავლები ნივთები. მე და ჩემი შვილები ამ სახლში დიდ დროს ვატარებდით.

მოგეხსენებათ, დიღომი თბილისიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა, ახლა კი ტერიტორიულადაც თბილისს ეკუთვნის. ერთ დღეს ჩემი სახლი გატეხეს, გატეხეს არა გასაქურდად, არამედ გასანადგურებლად, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამას, რადგან ყველაფერი, რაც სახლში იყო, ნამსხვრევებად აქციეს. განსაკუთრებით შემზარავი იყო ფოტოსურათების ნახვა, ჩემი, ჩემი შვილების სურათებს წითელი საღებავი ჰქონდა გადასხმული, ჯვრები დასმული, თვალები ამოთხრილი, თითქოს მიმანიშნებდნენ, რომ ისევე გამისწორდებოდნენ, როგორც ამ სურათებს.

– რა იყო ეს, მუქარა პირადად თქვენ მიმართ თუ რაიმე გაურკვეველი სექტის ქმედება

– ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ჩემთან პირად საკითხზე ანგარიშის გასწორება არავის ენდომებოდა, რადგან არავისთან პირადი კონფლიქტი არ მქონია და საერთოდაც განაწყენებული ადამიანები არ მყავდა. მეუღლესაც ძალიან დიდი ხნის წინ გავშორდი. არც პოლიტიკური და პროფესიული კუთხით შეიძლებოდა ეს შურისძიება ყოფილიყო. მე არ ვიყავი გამოკვეთილად ოპოზიციური ან ხელისუფლების მხარის პოზიციების გამომხატველი. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი გამაჩნდა და გამაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუნდაც განსხვავებული აზრისთვის არავინ დამსჯიდა. მივხვდი, რომ იმ სახლში მე ვეღარ ვიცხოვრებდი, იმ ადამიანებთან ვერ მექნებოდა ურთიერთობა. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ხომ გაგიგონიათ. როგორც კი ამერიკაში ჩამოვედი, ეს სახლი ინტერნეტით გავყიდე.

ძალიან შემეშინდა. ვერ ვიგებდი, საფრთხე საიდან მემუქრებოდა. ქუჩაში გასულსაც კი საშინელი შეგრძნება მეუფლებოდა, მეგონა, მითვალთვალებდნენ, მოკვლას მიპირებდნენ. ასეთ პირობებში ნამდვილად ვერ დავრჩებოდი ჯანმრთელი. შვილებმა და მეგობრებმა მირჩიეს, აქაურობას გავრიდებოდი. ასე გადავწყვიტე წასვლა.

Cesko