ადამიანის ცნობა ძალიან ძნელია. მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება ენდო, ისიც ყოველთვის არა. არავინ იცის, როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. მით უფრო ვერასდროს იტყვი, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი. რადგან, შეიძლება, სწორედ შენი მეგობარი გექცეს მტრად და განხეთქილების „ვაშლად”. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, რომელიც უცებ აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი ქმარს ართმევს…
დოდოშკა (37 წლის): მთელი ჩემი ცხოვრება არაპროგნოზირებადი და უჩვეულო მოვლენებით აღსავსე აღმოჩნდა. წინასწარ ვერაფერი გავთვალე და გავითვალისწინე. ვერ დავაბრალებ საკუთარ თავს იმას, რომ სულელი აღმოვჩნდი – ასე ნამდვილად არ არის. ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი ბუნებრივი იყო.
ვენდობოდი ქმარსაც და ჩემს უახლოეს მეგობარსაც – ეს ხომ ასეც უნდა იყოს?! რამე განსაკუთრებული ვთქვი? ჩემი მომავალი ქმარი რომ გავიცანი, დაქალი უკვე მყავდა. ძალიან მიყვარდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, ყველაზე საძულველ ადამიანად თუ იქცეოდა. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ახლაც არ მძულს.
ვერ ვახერხებ, რომ შევიძულო. მიუხედავად იმისა, რომ არ დამინდო და ბოლომდე გამიმეტა. რაც შეეხება ჩემს ქმარს – ის კიდევ უარესად მოიქცა. არადა, როგორ ვენდობოდი, როგორ მჯეროდა მისი…
თავი ბედნიერი მეგონა. ერთხელაც არ შემპარვია ჩემს ქმარში ეჭვი. როგორ ვიფიქრებდი, თუ შეეძლო, ხელის ერთი მოსმით დაემთავრებინა ყველაფერი, გაეწყვიტა ყველა ძაფი, რაც ჩემთან აკავშირებდა…
დაევიწყებინა წარსული და ცხოვრება სხვა ქალთან „სუფთა ფურცლიდან“ დაეწყო. მერე ვისთან? – ჩემს ბავშვობის მეგობართან, ჩემს დაქალთან. ერთი წელი გავიდა, მაგრამ ჩემი ჭრილობა ისევ პირშეუკრავია. ისევ მტკივა და მტანჯავს. ჩემი ქმარი, რომელიც ჩემთვის საყრდენი უნდა ყოფილიყო, არც შეყოყმანებულა, ისე გამომიტანა განაჩენი.
– თქვენი ქმარი ამჟღავნებდა ინტერესს თქვენი მეგობრის მიმართ?
– ასე მარტივად რომ ყოფილიყო საქმე… ჩემთვის ძალიან დიდხანს დარჩა შეუმჩნეველი მათი წარმოუდგენელი ღალატი. შეიძლება იმიტომაც, რომ ასეთი წარმოუდგენელი იყო. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მე და ჩემს ქმარს ცხრა წლის განმავლობაში იდეალურად გვქონდა ყველაფერი.
– ანუ, არ ჩხუბობდით და არც კი კამათობდით?
– როგორ არ ვკამათობდით… რომელი წყვილი არ ჩხუბობს და კამათობს?! ასეთი რაღაც წარმოუდგენელია და მეც არ დავიწყებ აბსურდის მტკიცებას. ამ ყველაფერს აქვს თავისი კრიტერიუმი. მიმაჩნია, რომ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. სიყვარულიც იყო…
– ანუ, რომ არა საბედისწერო ქალი, ერთად ბედნიერად იცხოვრებდით?
– არ ვიცი. ახლა უკვე ძნელია ამის მტკიცება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ისინი ერთად არიან. მე კი, ორი შვილით, მარტო დავრჩი. თან, ისე საზიზღრად, გულისამრევად მოხდა ყველაფერი… ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს ვამჩნევდი.
– ღალატი და სხვასთან წასვლა ერთბაშად არ მომხდარა?
– რა თქმა უნდა. მაგრამ დავაზუსტებ, სხვასთან კი არა, ჩემს დაქალთან. საღამოობით კი აგვიანებდა სახლში, მაგრამ ამას მტკივნეულად არ აღვიქვამდი. იმდენად მჯეროდა მისი, ვერც კი დავუშვი, რომ ამ დროს სხვა ქალთან ატარებდა. არც მიფიქრია, თვალთვალი დამეწყო ან შემემოწმებინა. მჯეროდა, რადგან მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ შორის ტყუილი არ იქნება.
მაშინვე ვიგრძნობ, თუ მიღალატებს-მეთქი. ვერ ვიგრძენი. მხოლოდ მაშინ შევშფოთდი, როცა ჩემმა ქმარმა შაბათობით სადღაც წანწალს მოუხშირა. თავის გამართლებას კი ახერხებდა: მეგობართან ერთად სათევზაოდ ვიყავი… მანქანის ხელოსნებს დავდევდი და შემომაღამდა… სამსახურის საქმეებს გადავყევი…
– ღამე მოდიოდა სახლში?
– ხან მოდიოდა, ხან – არა. თუმცა, ამას ხშირად არ აკეთებდა. ეტყობა, ბოლომდე ვერ რისკავდა