ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის შემთხვევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოავლინა. ობიექტის შემოწმების შემდეგ ამოღებული ხორცის ნიმუშები ლაბორატორიაში გადაიგზავნა. იქ კი დაადგინეს, რომ შპს “ლიდერი” ასობით ადამიანს კანონით აკრძალული ხორცპროდუქტით კვებავდა. სააგენტომ ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებითაც აიღო.
საცხობის მეპატრონე თავს “კურიერთან” იმართლებს და ამბობს, რომ თავადაც მოტყუებულია. თავის მხრივ ბრალს იმ პირს სდებს, ვისგანაც ხორცს კვირაში რამდენჯერმე ყიდულობდა. მარეხი ღონღაძე ამტკიცებს, რომ მასთან ყოველთვის კანონის შესაბამისად შემოწმებული პროდუქტი მიჰქონდათ და ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც გვაჩვენებს, თუმცა დისტრიბუციის მისამართს არ აკონკრეტებს და არც ის იცის, საიდან მოჰქონდა ხორცი მომმარაგებელს.
ობიექტი, სადაც კანონით აკრძალული ხორცი აღმოაჩინეს, ჯერ კიდევ ღიაა. ფაქტი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებას გადაეცა.
წყარო: „რუსთავი2“