„ხომ ხედავთ რა დაემართა ნიკა მელიას? ოფისში რომ მიდის, დარაჯი კარსაც არ უღებს!.. მელია გახდა მარცხის სინონიმი… ორ ჯოკერში „გაიხიშტა“… – ვატო გელაშვილი

November 6, 21:40
0
438

„ალიას“ ესაუბრება „შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი,  ვატო გელაშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაშია და პოლონეთში იმყოფება.

– როგორია მაქედან, ემიგრაციიდან დანახული საქართველო?

– აქედან ის ჩანს, რომ გამორბიან და გამორბიან ადამიანები საქართველოდან და სულაც არ ცხოვრობენ ემიგრაციაში დალხენილად, როგორც ეს ბევრს ჰგონია. პოლონეთში განსაკუთრებით, აქ არ არის ისეთი ანაზღაურება, რომ ის პრობლემები მოაგვრაო, რა პრობლემებსაც ჩვენ ქვეყანაში ვტოვებთ. ეს პრობლემები იმიტომ კი არ გვაქვს, რომ ზარმაცები ვართ, ან უჭკუოები, ეს პრობლემები იმ ადამიანების შექმნილია, რომლებიც ბოლო 30 წელია არიან პოლიტიკაში. მიიწვევენ მერე ასეთ „პოლიტიკოსს“ ტელევიზიაში, გამოვა და იკითხავს – სად ხართ, ხალხო? – თითქოს თავად არ ძარცვავენ ამ ხალხს წლებია, თავად არ „არეკეტებენ’, თითქოს მათ მიერ შექმნილი პრობლემების გამო არ გარბიან ადამიანები ქვეყნიდან.  ჩემ თავზე ვიტყვი – ნამდვილად არ მქონდა ფინანსური გაჭირვება, მაგრამ 20 ივნისის მერე, 3 თვე შინა პატიმრობა მომისაჯეს გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს და გამომკეტეს სახლში, შემოსავლის გარეშე დამტოვეს პრაქტიკულად. ტურისტულ კომპანიაშიც ვმუშაობდი და იქედანაც წამოსვლა მომიწია, მანქანა ჰქონდა სესხით ნაყიდი ოჯახს და წაგვართვეს, ბინის პრობლემაც დამიდგა…  მე მეგონა, არ იქნებოდა ბევრი ჩემნაირი ემიგრაციაში, მაგრამ შევცდი – ხალხს ყველაფერი ბანკში აქვს ჩადებული, რაც მისმა მშობლებმა და წინაპრებმა დააგროვეს და შექმნეს და იმიტომ არიან წამოსულნი. თან ადრე პოლონეთში თუ ხელფასით იყიდდი 1000 დოლარს, ახლა იყიდი 700–800 დოლარს. თუ ვინმეს ამაზე მეტი აქვს ხელფასი, ესე იგი დღეში 14–15 საათი მუშაობს, რაც წარმოუდგენლად მძიმეა. არ იფიქროთ, რომ აქ ხეებზე კრეფენ ფულს, ან სადმე სხვაგან. ძალიან მეცოდება ჩვენი ხალხი, პრობლემებს გამოქცეული ხალხი, საწარმოში თითქმის ყოველ დღე ისმის მათი დარდიანი ხმა, ისეთი ხმით მღერიან ქართულ სიმღერებს და ისეთი დარდი აქვთ თვალებში, ვერ აღვწერ. ყველას უნდა სახლში დაბრუნება, მაგრამ სად დაბრუნდნენ, როცა სახლი არ აქვთ? ზოგს უკვე წაართვა ბანკმა, ზოგს წაართმევს, რომ დაბრუნდეს. დიდი პრეტენზიები რომ აქვს ახლა გახარიას პარტიას სამართლიან სასამართლოზე, 20 ივნისის საქმეზე მე რომ გამიშვეს სასამართლოში, მაშინ არ იცოდნენ სად მიშვებდნენ? მაშინ არ იცოდნენ, რომ მურუსიძის იყო ის სასამართლო? მაშინ არ იცოდნენ, რომ უსამართლო სასამართლოსთვის მწირავდნენ?

– ან, სანამ გახარიას არ დასჭირდა ექსპერტიზის ჩატარება სამხარაულის ბიუროში, შარდიც რომ ვერ ანდო მერე, მანამდე არ იცოდა, რომ არ იყო სანდო?

– მეტსაც გეტყვი. მე რომ 20 ივნისს ტყვიების წვიმაში მოვხვდი, მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, ორჯერ დამჭირდა ექიმის დახმარება. ერთი საბუთი არ მომცეს, იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად მქონდა დაზიანებები, რომ მეთქვა იმ სასამართლოში, სადაც გახარიამ გამიშვა, აი, მე მივიღე დაზიანებები. არ არის დოკუმენტიო, გამომიცხადეს. არ იყო მაშინ გახარია ხელისუფლებაში? ვერ ხედავდა მაშინ ამას? როცა ხელს აწევ შენ ხალხზე, მერე კიდევ პრეტენზია გექნება, ხმები უნდა მომცეთო და გაბრაზდები, რატომ არ ამირჩიეთო – ალოგიკურია ეს, აბა, რა არის? ჩვენ გვინდა იმედი, გვინდა უკეთესი, არ გვინდა ისინი, ვინც, უკვე ვნახეთ როგორ მოგვექცა, როგორ გვაცხოვრა. სწორედ ესაა მთავარი პრობლემა, ქართული ოცნება როგორ მართვას ქვეყანას ვხედავთ, მაგრამ არ არის ალტერნატივა ოპოზიციის სახით. ჩვენნაირი აქტიური ადამიანები ოპოზიციამ ჩაანაცვლა იმ სახეებით, ვისაც ხედავთ ტელეეკრანებზე და ეს იწვევს სწორედ ადამიანებში ნიჰილიზმს. ხომ ხედავთ რა დაემართა ნიკა მელიას? მისი რეიტინგი უკვე ნულს ქვემოთაა. ოფისში რომ მიდის, დარაჯი კარსაც არ უღებს, მაქვს კომუნიკაცია პარტიის წევრებთან და ვიცი, არ სიამოვნებთ მისი მისვლა ოფისში, ცხადია, გარდა მლიქვნელი ადამიანებისა. და რატომ არ უყვართ? მუდამ დამარცხებულია, ნიკა მელია გახდა მარცხის სინონიმი. ორ ჯოკერში გაიხიშტა – 2020 წელს, მაგალითად.

– ახლა ნიკა მელიას მომხრეები იკითხავენ, აბა, რა უნდა ექნა, რევოლუცია უნდა მოეწყოო?

– რევოლუციას ნიკა მელია ვერ მოაწყობს და ნიკა მელია კი არა, ყველა დროის, მსოფლიო რევოლუციონერები რომ გააცოცხლო და მოიყვანო, ისინიც ვერ მოაწყობენ დღეს საქართველოში რევოლუციას. რევოლუციას აწყობს ხალხი, და აწყობს ის ხალხი, რომელიც თვლის, რომ არსებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ექნება უკეთესი მომავალი, მას თუ არა, მის შვილს მაინც. თუ ხალხს არ აქვს ეს განცდა, ვერავინ მოაწყობს რევოლუციას. 9 თვე გამოიკეტა ოპოზიცია შალიკოს ფანჩატურში, რას შვრებოდნენ ის 9 თვე, არავინ ვიცით. მერე განაცხადეს ერთი და გააკეთეს – მეორე. 20 ივნისის მუხლზე რომ ხელი მოაწერეს (რომელიც 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიას ითვალისწინებს), რა ქნეს ამით? მოუხსნეს დასჯა იმ ადამიანებს, რომლებიც გვარბევდნენ, გვცემდნენ, რომლებმაც თვალები დათხარეს ახალგაზრდებს და რა მოხდა მომდევნო წელს? გამოვიდა აგრესიული ძალა, დაერივნენ ჟურნალისტებს და მოკლეს ლექსო ლაშქარავა – ის, რომ 20 ივნისის მოძალადეები დასჯას გადაარჩინეს, არ იყოს ძალადობის წახალისება ოპოზიციის მხრიდანაც? ადგა მერე ოპოზიცია და თავისი პასუხისმგებლობაც ხელისუფლებას აჰკიდა. არ არის ასე, ოპოზიციასაც აქვს თავისი პასუხიმგებლობა. გამოვიდნენ და თქვან – ვერ ვივარგეთ ჩვენ პოლიტიკოსებად, ვერ გავაკეთეთ საქმე და გაიწიონ, გამოჩნდებიან აქტიური ადამიანები, მეც ჩამოვალ, ჩემზე ბევრად განათლებული და ჭკვიანი ადამიანებიც ჩამოვლენ, ისინი, ვისაც არ ეზარება მუშაობა, ამათ ყველას ეზარება მუშაობა და მთელი დღის წესრიგს აგებენ ტელევიზიების ფეიკნიუსებზე. გააკეთებენ რაღაცა სიუჟეტს, შუადღით ყველამ ვიცით, რაცაა, მაგრამ საღამოს ისევ იგივე პოლიტიკოსები სხდებიან და ამ სიუჟეტს განიხილავენ და ჰყვებიან, აი ოლიგარქია რომ არის ქვეყანაში იმიტომ ხდება ეს და ის… გავიგეთ, რომ არ თმობს ივანიშვილი სადავეებს, ხაზარაძეს რომ ჰქონდეს ქვეყნის მართვის სადავეები ხელში, დატოვებდა? ოქრიაშვილი ვერ მოაშორეს თავის რაიონს, კეთილ საქმეებს აკეთებსო, ასე იძახის ივანიშვილიც, კეთილ საქმეებს მე ვაკეთებ და უნდა ვიყოო, ეგაა ოლიგარქია, აბა, რა არის?

– და მაინც, რა უნდა გაეკეთებინა ნიკა მელიას, ან 2020 წელს, ან 2021 წელს, რომ არ „გახიშტულიყო“?

– უნდა ჩაეტარებინა საზოგადოების გამოკითხვა, მოესმინა ხალხისთვის, ეკითხა, ვისი ნახვა სურთ პარლამენტში, სწორი ნაბიჯები უნდა გადაედგა, სწორი ადამიანები უნდა დაეყენებინა გვერდით, ფოთელებს რომ უგულავა შესთავაზა – რა ნიშნით? აღარ მიიღებს საზოგადოება ამ ძველ სახეებს, აღარ გვინდა ძველის დაბრუნება, გვინდა მომავალი და არა წარსული. გადახედეთ პარლამენტს, ვინ ზის იქ? – კლოუნები, უვიცები, უსაქმურები, კომფორმისტები. ძალიან ცუდი საყურებელია მეათე მოწვევის პარლამენტი და გული ძალიან მწყდება. გული მწყდება საზოგადოებაზეც, რომელსაც გაუჩინეს ტყუილი იმედები, შეუქმნეს წარმოდგენა, რომ ახლა, აი, ეს არის პირველი პრობლემა, და სხვა დანარჩენზე თვალი უნდა დავხუჭოთ. როგორ უკეთ ივლი, თვალდახუჭული, თუ თვალგახელილი? თვალდახუჭული ადამიანი უფრო ხშირად ვარდება ორმოში, თუ თვალახელილი? თვალები დახუჭეთ ნინო ბურჯანაძეზეო, გახარიაზეო… რომელი ერთი ჩამოვთვალო? არმაზ ახვლედიანი მაგალითად, ოპოზიციონერია? მე ასე ვიცი, რომ მას დიდ სამშენებლოებო ბიზნესში რომ არ მისცეს თავის დროზე კვოტები, ის ეწყინა და არაა ეგრე?

Cesko