ჩრდილოეთ კორეამ მინიმუმ ერთი შორ მანძილზე მოქმედი და ორი მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ინფორმაციას BBC-ი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ ერთი გაშვებული რაკეტა, შესაძლოა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ყოფილიყო.
ტოკიომ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაკეტამ იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინა. რაკეტების გაშვების გამო იაპონიის ხელისუფლებამ მიაგის, იამაგატასა და ნიიგატას პრეფექტურებში მოსახლეობა გააფრთხილა, შენობები არ დაეტოვებინათ და დროებით შეჩერდა მატარებლების მოძრაობა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იასუკაზუ ჰამადამ მოგვიანებით განაცხადა, რომ რაკეტას „რაკეტას იაპონიის არქიპელაგი არ გადაუკვეთავს და იაპონიის ზღვის თავზე გაუჩინარდა”.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება დაგმო და აღმაშფოთებელი უწოდა.
ამასთან, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჩო ჰიუნ-დონმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა სატელეფონო საუბრის დროს რაკეტების გაშვების ფაქტს ამორალური და სამწუხარო ფაქტი უწოდეს.