„მამუკა გულში დარდს ატარებდა, რომელიც მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით…“ – რას ჰყვება ნუგზარ კვაშალი მამუკა ონაშვილზე

0
427
27 Views

ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბევრისთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი შეეწირა. 55 წლის ხელოვანი რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს… მისი მეგობარი, მსახიობი ნუგზარ კვაშალი “გზასთან” საუბარში ერთად განვლილ წლებს იხსენებს.

„მამუკას ახლობლებისთვის კი არა, სრულიად უცნობი ადამიანისთვის შეეძლო გვერდში დგომა. ჩვენ არ გვიკვირდა მისი საქციელი, რადგან ვიცოდით, როგორი იყო. იმას, იმ უცნობს გაჰკვირვებია, მერე დამეგობრებულან… მამუკამდე მამამისთან ვმეგობრობდი. მისნაირი კაცის შვილი სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. გენო უნიჭიერესი ადამიანი იყო, ისეთივე უანგარო და კეთილი.

მამუკაზე 16 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი არასდროს ყოფილა. მახსოვს, ჯარიდან რომ ჩამოვიდა, ძალიან გამხდარი იყო, შემდეგ მოიმატა. ყოველთვის და თანაც, მხოლოდ სცენაზე კი არა, მის მიღმაც ვმეგობრობდით, რაღაც საქმეებზე უცხოეთშიც წავსულვართ მარტო, არც იქ იცვლებოდა.

სასცენო ხელოვნებას მამამისმა აზიარა. ისიც არაჩვეულებრივად მღეროდა და ცეკვავდა. მამუკაც ბოლომდე ემსახურა ამ საქმეს. ბუთქუნა იყო და სიარული, ძველებურად აქტიურობა უჭირდა, მაგრამ საქმე ხატვით გააგრძელა. მართლაც, ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო… გულში დარდს ატარებდა, მაგრამ ამაზე სხვას არასდროს უყვებოდა, მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რაღაც აწუხებდა. ამიტომაც იყო დიდებული ადამიანი“, – ამბობს ნუგზარ კვაშალი.

ჟურნალი: გზა

Cesko