“ნამოხვანის ჰესების წინააღმდეგ აქტიურობის გამო გამიშვეს” – ვარლამ გოლეთიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს

0
593
28 Views

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი ვარლამ გოლეთიანი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიდან გაათავისუფლეს. გოლეთიანი ამ სკოლაში გალობის ისტორიის მასწავლებლად 2020 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად, ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ვაჟა ჯუღელი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას უთითებს. სკოლაში აღნიშნული პოზიცია არ გაუუქმებიათ და ამჟამად ვაკანტურია.

ვარლამ გოლეთიანს ქუთაისის სასულიერო აკადემია და სემინარია აქვს დამთავრებული. ის თეოლოგიის ბაკალავრია. ტრადიციული მუსიკის სკოლისთვის მანვე შექმნა სასწავლო პროგრამა.

„ჯერ სწავლა არ იყო დაწყებული. 7 სექტემბერს დამიბარეს მერიის შენობაში, სადაც ამ ააიპ-ის ოფისიც არის განთავსებული. ორგანიზაციის დირექტორი ვაჟა ჯუღელი შემხვდა. თავიდან შემომთავაზეს, გათავისუფლებაზე განცხადება მე თვითონ დამეწერა, რომ სიტუაცია თუ შეიცვლებოდა, ალბათ, დირექტივა თუ შეიცვლებოდა, უფრო ადვილად დამაბრუნებდნენ.

ჩავეძიე, ვინ დაგავალათ მეთქი ამ გადაწყვეტილების მიღება და მპასუხობდნენ, შენც ხომ იცი, რატომ და როგორც არისო.

“არაფორმალურ საუბარში მითხრეს, რომ გუბერნიიდან მიიღეს ეს დავალება. პირადად იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის დავალებაა ჩემი გათავისუფლება. ნამოხვანის ჰესების წინააღმდეგ აქტიურობის გამო გამიშვეს სამსახურიდან. სხვა არანაირი მოტივი არ ჰქონდათ.

მითხრეს, მაშინაც პრობლემა იყო, როცა ვაქტიურობდი, მაგრამ მაშინ იმიტომ არ გაგიშვეს, რომ მედია ამბავს ატეხდა, ახლა კი ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს.

სამსახურის უფროსს ვუთხარი, რომ გათავისუფლებაზე განცხადებას მე არ დავწერდი. ამიტომ, თვითონ გამოსცეს ბრძანება“, – უთხრა ვარლამ გოლეთიანმა „მთის ამბებს“.

გოლეთიანი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ 600 დღიანი აქტიური პროტესტის პერიოდშიც კი ცდილობდა, გაკვეთილები არ გაეცდინა: „პანდემიის დროს, როცა დისტანციური სწავლება იყო, სადაც კარავი გვქონდა გაშლილი, იქიდან ვატარებდი გაკვეთილებს – ჟონეთიდან, გუმათიდან. დისტანციური სწავლება რომ არ ყოფილიყო, „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობის გამო, ალბათ, ვერ შევძლებდი მასწავლებლად მუშაობის გაგრძელებას. ერთი პერიოდი მე თვითონ ვფიქრობდი, რომ წამოვიდოდი სკოლიდან, მაგრამ მომწონს ეგ საქმე და მაქსიმალურად ვცდილობდი, სამსახურს არ მოვწყვეტოდი. კვირაში ორი გაკვეთილის ჩატარება მიწევდა. მთელ ამ პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილი ვერ ჩავატარე. არანაირი საყვედური ან რაიმე სხვა ზომა არ გამოუყენებიათ ჩემს მიმართ“, – აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი. მისი ყოველთვიური ხელფასი 470 ლარი იყო.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს. გოლეთიანი აპირებს, საქმის შესწავლის თხოვნით საქართველოს სახალხო დამცველს მიმართოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მან უკვე შეიტანა სარჩელი, რომლითაც გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს.

„მთის ამბებს“ რამდენიმე წყარომ ქალაქ ქუთაისის მერიიდან და იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან დაუდასტურა, რომ ვარლამ გოლეთიანი სამსახურიდან ზვიად შალამბერიძის დავალებით გაათავისუფლეს.

„მთის ამბები“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორთან, ქუთაისის მერიის პასუხისმგებელ პირებთან და იმერეთის გუბერნატორთან დაკავშირებას, თუმცა მათგან განმარტება ვერ მივიღეთ.

მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამოსვლები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო.

ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ დაწყებულ მოძრაობას ათასობით ადამიანი შეუერთდა და პროტესტი უწყვეტი სახით 20 თვის განმავლობაში გაგრძელდა.

წყარო: “მთის ამბები”

Cesko