,,პურის და წყლის კაცი – ეს იყო სოსო გოგინაშვილი”, – წერს ჟურნალისტი ნანა აკობიძე ადამიანზე, რომელმაც ქართულ მედიაში ეპოქა შექმნა _ 1993 წელს დააფუძნა გაზეთი „ახალი თაობა“, რომელსაც მოჰყვა ჟურნალი ,,სარკე”, გაზეთი ,,საღამოს სიახლენი”, ჟურნალები ,,სპორტსიახლენი”, ,,გუმბათი”, არაერთი ლიტერატურული სერია…
თანამედროვე ქართული მედიის არქიტექტორზე ნანა აკობიძე ემოციურ წერილს აქვეყნებს:
,,…ბოლო წერილია ეს ჩემი – პურის და წყლის კაცის ბოლო გზაზე გასაცილებელი ტექსტი. ზღვაში წვეთი – რაც მინდოდა, მეთქვა…
სოსოს გოგინაშვილი – პურის და წყლის კაცი
ჯერ ვწერდით ტექსტს. „ვწერდით“-ში იგულისხმება, რომ სანამ თვითონ ვისწავლიდით კომპიუტერზე ბეჭდვას, მბეჭდავს ვესხედით გვერდით და ვკარნახობდით. მერე ჯდებოდა სოსო, წაიკითხავდა, გასასწორებელს გაასწორებდა („ზმნა ბოლოში!“ – ამას მაინც გიპოვიდა, სხვას თუ ვერაფერს).
მერე ვარქმევდით სათაურს ერთად. შესაძლოა, ტექსტში შეტანილ მცირე კორექტივსაც კი გადაეწყვიტა სათაურის ბედი. ამიტომ თავიდანვე ან გზადაგზა არა – სათაური მხოლოდ ტექსტის დასრულების შემდეგ. ახლა ვწერ ტექსტს, რომელსაც წინასწარვე აქვს სათაური: „პურის და წყლის კაცი“. ასე „დავასათაურე“ სოსო გოგინაშვილი გაცნობიდან მალევე.
„ახალ თაობაში“ ვმუშაობდი, – ამბობენ ჩემი კოლეგები.
„ახალ თაობაში“ ვწერდი, – ვამბობ მე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს არ იყო მუშაობა, სამსახური სამსახურის ტრადიციული გაგებით. ეს იყო ადგილი, სადაც მივდიოდი ან იდეით თავში, ან დაწერილი ტექსტით და „სოსო არის“? – ვკითხულობდი შესვლისთანავე.
როგორც წესი, სოსო ყოველთვის იყო: ან კომპიუტერთან იჯდა და ტექსტს ასწორებდა, ან, როგორც იცოდა, თავსუკან ჰქონდა შემოწყობილი ხელები და დადიოდა ოთახიდან ოთახში. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა სოსო არ იყო, უფერულდებოდა ის დღეც და ახალი სტატიის იდეაც, რადგან სოსოს სახე, უფრო სწორად, თვალები – ეს იყო ბარომეტრი, რითაც იზომებოდა მიტანილი იდეის საინტერესოობა.
(ოთახიდან ოთახში – ისე ვთქვი, თორემ „ახალი თაობა“ – ეს იყო ერთი დიდი სამუშაო ოთახი, საერთო სივრცე, ბოლოში შუშით პირობითად გამიჯნული მცირე სათათბირო სივრცით. კაბინეტი, რედაქტორის მისაღები, მდივანი – ძალიან გაეცინებოდა ამაზე).
თვალები, როგორც ბარომეტრი – ერთი შეხედვით არაფერი შედარებაა, თუ არ გინახავს, იდეის მოსმენისას, დამუშავებისას როგორ ეცვლებოდა თვალებში „წნევა“. შექება, საყვედური, დაეჭვება, გამხნევება, მოწონება, იმედგაცრუება, აღფრთოვანება პატარა ბიჭის აცეტებამდე – კადრის სისწრაფით, ყველაფერი ეხატებოდა თვალებში, ტიტრებივით. ამ „ტიტრებით“ და სულ რამდენიმე სიტყვით გაგრძნობინებდა, რატომ იყავი „მისიანი“, რა მოსწონდა შენს სტილში, რაზე უნდა გემუშავა.
ასე, მაგალითად, მოსწონდა სატირა, სარკაზმი ჩემს ნაწერებში და ისეთ ტექსტებს მიქვეყნებდა, ამ გადასახედიდან 90-იანების ქართული პრესა კი არა, მხოლოდ „შარლი ებდო“ რომ გარისკავდა. საკვირაო ნომრებში მიქვეყნებდა ასევე მინიატურებს – ჩანაწერებს, დღევანდელ ფეისბუქზე რომ ვწერთ სტატუსებს, იმ ტიპისას – ნოვატორი იყო და ეძებდა სათქმელის გადმოცემის ახალ ფორმებს.
სხვა მხრივ – ის არ იყო მენტორი. უფრო სწორად, მენტორობა არ იყო მისი სტილი. ისე „შემთხვევით“ გასწავლიდა, იმწამს (და შეიძლება კარგა ხანს) ვერც იგრძნობდი, რომ მისგან ისწავლე.
„მხოლოდ პური და წყალი მქონია და ეს საკმარისია,“- მითხრა ერთხელ, ასე „შემთხვევით“, სიტყვას მოაყოლა, ჩვეულებრივ სამუშაო პროცესში.
„…წლების მერე, როცა არაერთხელ შემიხსენებია ჩემი თავისთვის: „პური და წყალი, ნანა!“ (როგორც ზომიერების საწყაო არც ძალიან მეტისკენ და არც ძალიან ნაკლებისკენ), მიფიქრია იმაზეც, რომ ვერცერთი რელიგია, ვერცერთი სულიერი ლიდერი (რომ მყოლოდა) ვერ შეძლებდა, 19-20 წლის ასაკში ჩაედო ჩემში ეს ერთი შეხედვით ასკეტური შინაარსის, მაგრამ გაცილებით ტევადი, უნივერსალური კოდი, რითაც დღემდე ვაკონტროლებ ჩემი ყოფიერების საზღვრებს.
სოსოს უდროო გარდაცვალება რომ გავიგე, პირველი, რაც გავიფიქრე და დავწერე, ეს იყო: „როგორ ვნანობ, რომ არ ვიჩქარე და არ ვუთხარი, რამხელა კვალი დატოვა ჩემში და რა მნიშვნელოვანი პიროვნება იყო“ -მეთქი.
ახლა ვფიქრობ: ერთადერთი, მხოლოდ იმისთვის ღირდა ამის თქმა, რომ მენახა ტიტრები, რაც ამ დროს „დაეწერებოდა“ თვალებში, თორემ სხვამხრივ, მან ჩვენზე კარგად იცოდა და ხედავდა, თითოეულ „თაობელს,“ მათ შორის მეც, რა გაატანა საგზლად, ვის რამდენის ტარება შეეძლო.
და რადგან უხვსიტყვაობა არ იყო მისი სტილი, ვცდილობ, მოკლედ გავუმეორო საკუთარ თავს, რა გამომაყოლა „ახალი თაობიდან:“
რომ: „პური და წყალი, ნანა“;
რომ: „თუ ეხები, უნდა შეეხო!“ (კენწვლა არაა ჟურნალისტიკა);
რომ: „არასოდეს დაწერო იმისთვის, რომ ვინმეს ასიამოვნო!“.
რომ: „ზმნა ბოლოში! – ქართულს უხდება“….
კიდევ ბევრი ასეთი „რომ“. ბოლოს ისიც, რომ მე შევძლებდი, ვყოფილიყავი რედაქტორი „ახალი თაობის“ საკვირაო ნომრების. ესეც ერთ-ერთი მინიშნება-კოდივით იყო – ამ შემოთავაზებიდან მალევე სხვა გაზეთის რედაქტორი გავხდი.
ჩვენ არ დავრჩენილვართ მეგობრებად – მეგობრობის შეთამამებული, ხშირი ურთიერთმოკითხვის გაგებით. ის რიდი და პატივისცემა, რაც მქონდა, მე ვერ გადამალახვინებდა „ბატონი სოსოს“ იქით ზღვარს, ვერც მერე, როცა ასაკმა წაშალა უფროს-უმცროსობის კვალი.
სოსო რჩებოდა და დარჩება ჩემთვის მეტრად, იმ უკაბინეტო რედაქტორის სიმბოლოდ, რომელიც 90-იანებში, თავისუფალი ჟურნალისტიკის გარიჟრაჟზე, პურზე და წყალზე აკეთებდა გაზეთს.
თუ შეიძლება, რომ დამკვიდრდეს ტერმინი: დამოუკიდებელი საქართველოს ჟურნალისტიკის „დამფუძნებელი მამები,“ სოსო გოგინაშვილი ერთ-ერთი პირველი უნდა ჩაიწეროს ამ ჩამონათვალში, როგორც გამორჩეულად ღირსეული, რომანტიკული მედიაეპოქის შემქმნელი და ახალი მედიასტანდარტის დამწესებელი.
ეს – ქართული ჟურნალისტიკის ისტორიისთვის.
მათთვის კი, ვისაც გაუმართლა და უნივერსალური კოდები იჩუქა მისგან, დარჩება უბრალოდ სოსოდ – ზმნის „წავიდა“ გარეშე.
„სოსო არის?“
კი, სოსო არის.
სულ იქნება”.
,,პურის და წყლის კაცი – ეს იყო სოსო გოგინაშვილი” – ქართული მედიის არქიტექტორი
32 Views