როგორ შეცვალა ხვიჩამ ქართველი ემიგრანტების ცხოვრება ნეაპოლში

0
608
22 Views

„კვარა სტელა“, „სტელა ნაპოლი“ – ამ სათაურებით გამოვიდა 22 აგვისტოს წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთები. სტელა იტალიურად ვარსკვლავს ნიშნავს. ხვიჩა 3 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მარადონას ქალაქში კი, როგორც იტალიური გაზეთები წერენ, კვარამანია დაიწყო. რა შეიცვალა ნეაპოლში მცხოვრები ქართველებისთვის კვარაცხელიას წარმატების შემდეგ?
„იტალიაში დილა იწყება ყავით და კრუასანით. ნეაპოლში ჩემს მეგობარს პატარა კაფე აქვს. კვარაცხელიას ნეაპოლში გადმოსვლის შემდეგ, რამდენჯერაც დილით მივდივარ კაფეში,   სულ მესმის იტალიელებისგან, რომლებიც ყავაზე განიხილავენ – „ეს ქართველი ფეხბურთელი როგორ სასწაულებს ახდენს და  როგორი კარგია“ – გვიყვება ნეაპოლში მცხოვრები ნინა გორგილაძე.

 

ნინა 5 წელია ემიგრანტია. ნეაპოლში ცხოვრობს და მუშაობს. მისი თქმით, ისედაც ემოციური იტალიელები ქართველი ფეხბურთელის ნაპოლიში გადასვლამ უფრო ემოციურები გახადა.

„მეგობართან ერთად ვცხოვრობ. ხუთშაბათს და კვირას მის პატარა კაფეში ქართული სამზარეულოს დღეები გვაქვს. კვირას მუშაობა რომ დავამთავრე, უკვე დაწყებული იყო თამაში. ნეაპოლში უამრავი ბარია, სადაც დიდი მონიტორებია დამონტაჟებული და ფანები საფეხბურთო მატჩებს უყურებენ. წარმოიდგინეთ, მიდიხარ ქუჩაში, დაღლილი, სადღაც ცხრა მთას იქით შენი სახლიდან და უცებ გესმის „კვარაჩხელიააა, ხვიჩაა, კვიჩააა“ – თან რომ ვერ ამბობენ სწორად სახელს და მაინც გაიძახიან“ – გვიყვება ნინა გორგილაძე ბოლო მატჩის ამბავს, სადაც კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა.

ნინა და მისი მეგობარი თამუნა ნეაპოლში მდებარე ქართულ კაფეში

კვარაცხელია ნეაპოლში რთულ პერიოდში ჩავიდა. ამ ზაფხულს ნაპოლი 3-მა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა: ლორენცო ინსინიემ, კალიდუ კულიბალიმ და დრის მერტენსმა. ამის გამო გულშემატკივრები კლუბის მფლობელზე, აურელიო დე ლაურენტისზე განაწყენდნენ და მხოლოდ საკუთარი ფინანსური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. სოციალურ ქსელებში ნაპოლის გულშემატკივრები ხშირად იყენებდნენ ჰეშთეგს A-16. დე ლაურენტისის ოჯახი სამხრეთ იტალიაში ნაპოლის გარდა კიდევ ერთ საფეხბურთო კლუბს, “ბარის” ფლობს. A-16 კი იმ მაგისტრალის სახელია, რომელსაც ნეაპოლიდან ბარიში მივყავართ. იტალიელი ქომაგებისთვის სრულიად უცნობი ხვიჩა ნაპოლიში სწორედ კლუბის ცოცხალი ლეგენდის, ლორენცო ინსინიეს შემცვლელად ჩავიდა. ჯერჯერობით ნეაპოლელებისთვის ყველაფერი კარგად იწყება: გუნდმა 2-დან ორივე შეხვედრა მოიგო და, ჯამში, 9 გოლი გაიტანა. სოცქსელებში A-16 ჰეშთაგის გამოყენება შემცირდა.

ნინა ამბობს, რომ ქართველი ემიგრანტებისადმი ცუდი დამოკიდებულება იტალიელებს არასდროს ჰქონიათ. თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლამ უფრო მეტად გაზარდა მათდამი ინტერესი და დადებითი განწყობა.

„წლებია ნეაპოლში ვცხოვრობ. ქალაქში ერთი დიდი ბაზრობაა, სადაც ხშირად მივდივარ ხოლმე. რამდენიმე გვცნობს კიდეც ამ ბაზრობაზე, ვისთანაც ხშირად ვყიდულობთ რაიმეს. თავიდან, ის ამბავი რომ გავრცელდა – საქართველოდან ნაპოლიში გადმოდიოდა მოთამაშე, ერთი გამყიდველი მაჩერებს ამ ბაზრობაზე და მეკითხება – სინიორინა, რომელი ქალაქიდან ხარ შენ? მე ვუთხარი – ბათუმიდან. მომიტანა ფურცელი – დამიწერე მაგ ქალაქის სახელიო. ყველაფერი ძალიან მოკლე დროში შეიცვალა. ბავშვები, მოხუცები, ქალები, ყველა სკანდირებს – კვარაჩხელიაა. ისეთი ბიჭია, რა, რომ არ იცნობ და მაინც გიყვარს. ამდენწლიან ემიგრაციას, ამდენწლიან გაუსაძლის ამბავს რაღაცა ახალი შთაბერა. სიამაყით გევსება გული და გინდა თქვა: გამარჯობა, მე ვიღაცა კი არა, მეც ქართველი ვარ“, – ამბობს ნინა გორგილაძე.

ნინას თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოკლე დროში მიღწეულმა წარმატებამ მის ირგვლივ გაზარდა საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიების მსურველთა რიცხვი. ამასთან, სხვადასხვა დეტალები აღმოაჩენინა იტალიელებს მათთვის ნაკლებად ცნობილი ქვეყნის შესახებ.

„მოხუცთან ვმუშაობ. გუშინ მისი შვილი მეუბნება – აი, თქვენი ჯორჯიანო (იტალ. ქართველი), რა კარგად თამაშობს. მე მასალები მოვიძიე და თურმე თქვენთან, კვარაცხელიას ქვეყანაში ღვინოს ინახავენ მიწაში და ეს როგორ ხდება? ქვევრში როგორ არის ღვინო, ნეტავ, გამაგებინაო. ძალიან მოკლე დროში შეძლო ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია იტალიაში ხვიჩამ“, – ამბობს ნინა.

რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს ნინია წაქაძეც. ნინია იხსენებს, რომ ჯერ კიდევ არ იყო კვარაცხელია ნაპოლიში გადასული, როდესაც მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა იტალიაში.

„დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, იტალიელი მეგობრები მყავს.  როგორც კი გაიგეს, რომ ქართველ ფეხბურთელს ყიდულობდა ნაპოლი, მაშინვე, ყველა ვინც მხვდებოდა, მეუბნებოდა  – „იცი, ეს ხდება“. მახსოვს, ივლისში ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყავი დედაჩემთან ერთად. ტანსაცმელს რომ ვყიდულობდი, თან დედას ველაპარაკებოდი ქართულად. კონსულტანტმა მკითხა – საიდან ხარო, ქართველი ვარ-მეთქი. თვითონ დაიწყო ხვიჩაზე ლაპარაკი – „ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ ბიჭის, რასაც ვუყურეთ, როგორც თამაშობსო, იმედია, კარგად იქნება ყველაფერიო.  განსაკუთრებულად მოგვექცნენ,  ისე მოგვემსახურნენ, რომ სიამაყით ავივსეთ იმ მომენტშივე“, – იხსენებს ნინია.

ნინიას თქმით, განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა 21 აგვისტო, ნაპოლი-მონცას შეხვედრის შემდეგ ყველა აღელვებული და გახარებული იყო.

„ფაბრიკაში ვმუშაობ, გუშინ სამსახურში რომ მოვედი, პირველი ეგ მკითხეს, თამაში თუ ნახეო. რა მაგარი ვინმეაო. ნაპოლის ფანები ვინც არიან, ისინი განსაკუთრებით გაგიჟებულები არიან. რაც ეგ ბიჭი აქ ჩამოვიდა,  დამოკიდებულება მართლა შეიცვალა. რომ ხვდებიან, რომ ქართველი ხარ, სხვანაირად გელაპარაკებიან და გეპყრობიან. ისეთ შეფასებებს აკეთებენ აქაურები, სიამაყის გრძნობით ვივსებით ყველა“, – ამბობს ნინია.

სერია ა-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ ფლორენციაში „ფიორენტინას“ შეხვდება. მატჩი 28 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

Cesko