კიდევ ერთი პოლიტიკური ფარსი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო წინა კვირას სასტუმრო „ბალტიმორში“, ყოფილი „იმელის“ შენობაში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელით რომ აპირებდნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატების (ზოგს დეპუტატობა შეჩერებული აქვს) მცირე ჯგუფის წარმომადგენლები ნაცებთან და ნაცების სატელიტებთან ერთად რიგგარეშე (საგანგებო) ვითომ სესიის ჩატარებას.
ვითომ სესიას იმიტომ ვამბობ, რომ იქ დეპუტატების 1/3 -ც არ ყოფილა და სესია როგორ უნდა რქმეოდა?!
ამ სესიამდე ორი დღით ადრე გავრცელდა, რომ უზენაესი საბჭოს დანარჩენმა დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ ე.წ სესიას, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დისკრედიტაციას და პროვოკაცია იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე რომ, სესია კონსტიტუციური ნორმების დარღვევით უნდა ჩატარებულიყო. სესიამდე სოციალურ ქსელებში ისიც გავრცელდა, რომ „მოსკოვიდან აგენტი გურამ აბსანძე ჩამოვიდაო“ (თუმცა არ იყო დაზუსტებული, ვისი აგენტი იყო). აბსანძეს სესიის ჩაშლა უნდაო, ერთი სიტყვით, ბევრი რამ ითქვა და ამიტომ მეც მივედი, რადგან ყოველთვის ვიყავი და ვარ პოლიტიკური ბანდიტიზმის წინააღმდეგი. და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! მართლაც პოლიტიკურ ბანდიტიზმს გადავეყარე, ოღონდ ევროპულ პოლიტიკურ ბანდიტიზმს იმ ფეშენებელურ სასტუმროში, სადაც ადრე მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებს ასწავლიდნენ.
პირველი, რამაც გამაოგნა, სასტუმროს დარბაზში ,,სტრატეგია აღმაშენებელი“-ს ლიდერის გიორგი ვაშაძისა და მისი პარტიის წევრების ხილვა იყო. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს ვაჟბატონები ყოფილან ამ სესიის ორგანიზატორები და კოორდინატორები „ნაცებთან“ ერთად. იქვე პირწავარდნილი ნაციონალი ბათუ ქუთელიაც ბრძანდებოდა, რომელიც ტკბილად და მეგობრულად ესაუბრებოდა უზენაესი საბჭოს დეპუტატობაშეჩერებულ ემზარ გოგუაძეს. ჩემი გაკვირვებაც არ გამოპარვიათ და უხერხულობაც შეეტყოთ…
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ ვითომ სესიის მოწვევა დაკავშირებული იყო ევროკავშირის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან, სადაც ერთერთ პუნქტად წერია დეპოლარიზაცია. ამიტომ ითხოვდა უზენაესი საბჭოს დეპუტატი სოხუმელი რეზო კემულარია, დეპოლარიზაცია ამ დარბაზში დავიწყოთ და ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთსო. ის არ ესმის, რომ ეს აბსურდული მოთხოვნა – დეპოლარიზაცია – შეიძლება თუ არა იქ, სადაც არის მრავალპარტიული სისტემა, იქ შეიძლება პოლარიზაცია არ იყოს? პოლარიზაცია არის ყველგან და მათ შორის ევროკავშირშიც. ხოდა ჩამოთვალონ, რამდენი პოლარიზატორი ჰყავს ევროკავშირსა და მის წევრებს. ზოგი თავისუფლებაშია, ზოგი პატიმრობაში, დღესაც რომ წარმატებით ასრულებენ ევროპული ქვეყნებისა და ევროპის კავშირის პოლარიზაციას. მაგ, უნგრელი ვიქტორ ორბანი, პრემიერ-მინისტრი, ჩეხი ვასლავ ჰაველი, ყოფილი პრეზიდენტი, სულ ახლახან გასამართლებული საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი. ჰოდა, დეპოლარიზაცია არის პოლიტიკური იარაღი, რომ მუდმივად აშანტაჟონ ქართველი ხალხი. აი, რატომ გახდნენ ჭიჭე ვაშაძეები და ნაცები, ეს იმპერიალიზმის აგენტები, ამ სესიის კოორდინატორები და სპონსორები, სადაც იმასაც კი ვერ გაარკვევდი, რამდენი უფლებამოსილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო დარბაზში. იმ ოდიოზური პოლიტიკური პარტიების – ,,სტრატეგია-აღმაშენებელისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ხოლო უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატების მცირე ჯგუფი, რომლებიც მათ დაკრულზე აცეკვდნენ, რეალურად მოქმედებდნენ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ და მათ მიერ ე.წ. სესიას არავითარი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების აღდგენასთან. აქვე უნდა გავიხსენოთ 30 წლის წინანდელი მასეთივე ფარსი – მაშინაც დეპოლარიზაცია მოიყვანეს საბაბად, რომელიც ამ სესიას ჰგავს ერთი ერთში. როცა ვითომ ტრადიციონალისტმა კაკო ასათიანმა 1992 წლის იანვარში ფილარმონიაში უზენაესი საბჭოს სესიის გამართვა მოინდომა. იმ სესიაზეც იგეგმებოდა სხვადასხვა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები, მათ შორის პრეზიდენტ გამსახურდიას გადაყენება და ამით აპირებდნენ საზოგადოების დეპოლარიზაციას. მაგრამ ხალხმა ამ სესიის გამართვის საშუალება არ მისცა, შეშინებული კაკო და მისი ამფსონები ჩუმად გააპარეს შავი ხვრელებიდან. ამ სესიაზეც ხალხი რომ მისულიყო და სესია შემდგარიყო, იურიდიული მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ უნდა დანიშნულიყო ერთ დროს ტრადიციონალისტი ჯონი ხეცურიანი. შევახსენებ საზოგადოებას, ხეცურიანი თავის დროზე ე.წ სამხედრო საბჭომ დანიშნა იუსტიციის მინისტრად და შემდეგ ტირანმა შევარდნაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ. და თუ ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ჯონი ხეცურიანის დანიშვნის შესახებ მართალია, მაშინ ადვილად შეძლებდნენ ანტიკონსტიტუციური პროცესების გატარებას. მეორე ასეთი დეპოლარიზაციის მაგალითი გნებავთ? ასეთი დეპოლარიზაციის სიმულაცია მოახდინეს 1992 წლის 21 თებერვალს, როდესაც ე.წ სამხედრო საბჭომ და ე. წ. დროებითმა მთავრობამ, ე.წ. ნაციონალურმა კონგრესმა სპორტის სასახლეში თავყრილობა გამართეს და გამოაცხადეს თვითნებურად, ჩვენ აღვადგინეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაო და ამას შედეგად რა მოჰყვა? ის, რომ არძინბამ გამოაცხადა, თქვენ თუ 21 წლის კონსტიტუცია აღადგინეთ, მე მაშინ იმ კონსტიტუციის პროექტს აღვადგენ, რომლის დროსაც აფხაზეთი არ იყო ავტონომია, არამედ იყო საქართველოს სსრ რესპუბლიკის მოკავშირეო. ამ ე.წ. სესიაზეც აპირებდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს. მე რომელი პრესრელიზიც გამომიგზავნეს, იქ თეთრზე შავით ეწერა კონსტიტუციური და ორგანიზაციული ცვლილებების განხილვა, სადაც ერთერთი იყო ახალი უზენაესი საბჭოს არჩევნები. რაც პრესრელიზში იყო მითითებული, არაფერი არ განხილულა, რადგან ეს არ იყო სესია. ეს იყო მხოლოდ ხელის ჩამორთმევის მცდელობა დეპოლარიზაციის მისაღწევად. ამიტომ მოაწყვეს ეს პოლიტიკური შოუ. ამ იმპერიალიზმის ლაქიების მეშვეობით, გამორიცხულია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური ორგანოების ამუშავება. რადგან ესენი კლასობრივი მტრები არიან პრეზიდენტ ზვიად გასახურდიას საპრეზიდენტო პროგრამის და ყველა იმ სამართლებრივ-პოლიტიკური აქტისა, რომელიც მიიღო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ. პირდაპირ უნდა განვაცხადო, იქ მისულმა დეპუტატების მცირე ჯგუფმა მარტო უნებლიე პოლიტიკური შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ ეს იყო მიზანმიმართული გარიგება, რომელიც გარედან იყო დაგეგმილი. ჭიჭე ვაშაძე იქ თქვენი პოლიტიკური პოზიციის გასაცნობად კი არ იყო მისული, არამედ თავისი კერძო მერკანტერული მიზნების განსახორციელებლად. ამიტომაც იყო, რომ სესიის დაწყებისთანავე ჩაეძინა და მშვიდად ეძინა მანამ, სანამ ალა ფურშეტი არ დაიწყო. ყველზე მეტად აღმაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ უზენაესი საბჭოს ეს ვითომ სესია გახსნა მანანა ჯებაშვილმა, სააკაშვილის რევანშისტული მოძრაობის ერთერთმა აქტივისტმა, რომელიც ჭიჭე ვაშაძეს თავისთან ჰყავს პარტიაში დასაქმებული. ეს ქალბატონი ყველა ეთერში მუდმივად გიული ალასანიას გვერდით დგას და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ოღონდ ციხიდან და არა ეშმაკებისგან გათავისუფლებას. იმის გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც გიგა ბოკერიასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ანტიკონსტიტუციურ აქციებში.
დააკვირდი, მკითხველო, როგორი ავანტიურისტების გვერდით აღმოჩნდნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატები, ვინც ტყვიას უშენდა საბჭოს, იმათ გვერდით რომ იდგნენ, მათთან გაერთიანდნენ და დეპოლარიზაცია მოითხოვეს. ნუთუ მათ ვერაფერი ასწავლა განვლილმა 33 წელმა?
სესიაზე სიტყვით გამოვიდა უზენაესი საბჭოს დეპუტატი ემზარ გოგუაძე, რომელმაც ისაუბრა ზვიადისა და მერაბის დამსახურებაზე. შემდეგ აჩვენეს ამაღელვებელი ვიდეოკოლაჟი ზვიადისა და მერაბის გამოსვლებიდან, რომელიც საერთოდ არ აინტერესებდა ჭიჭე ვაშაძეს. ზვიად გამსახურდიას რწმუნებულმა ზუგდიდში ცხვიტრიამ დიდი მადლობა გადაუხადა ,,სტრატეგია აღმაშენებლს“, ოღონდ რაში უხდიდა მადლობას, არ დაუკონკრეტებია და ვერც მე მივხვდი. მარტო იმიტომ ხომ არა, რომ რამდენიმე საათი ანებივრა ფეშენებელურ სასტუმროში? ხმა გავრცელდა, რომ ,,სტრატეგია -აღმაშენებელმა“ ამ ვითომ სესიის მოთავეებს 150 000 გადაუხადაო. ჩემთვის ღიმილის მომგვრელი იყო დეპუტატ ნუგზარ შავთვალაძის გამოსვლა ამ ვითომ სესიაზე. თუ რატომ, ახლავე აგიხსნით. შარშან მან მომცა ინტერვიუ, რომელიც „ალიაში“ გამოქვეყნდა და იქ ამბობდა, რომ ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებამ დამაქციაო, რაც დამრჩა, ის სააკაშვილის რეჟიმმა წამართვაო. ახლა შევარდნაძის გამოზრდილი სააკაშვილის ლაქიებთან ერთად არის.
სესია ჩაუვარდათ. ევროკავშირის დაკვეთა ვერ შეასრულეს, რადგან იქ არ მოვიდნენ ის დეპუტატები, რომლებიც ამ დაგეგმილ ავანტიურას არ აყვნენ. მაგრამ ამ შეკრებაზე განაცხადეს, რომ ეროვნული რეორგანიზაციის პროცესის დაწყება გვინდაო. იქნებ, ბევრს არ ახსოვს, თუ არ ახსოვს, საიდან მოდის ეს ტერმინი – რეორგანიზაცია – არგენტინის სამხედრო ხუნტის პოლიტიკას ერქვა ,,ეროვნული რეორგანიზაციის პროცესი“ და ამ რეორგანიზაციის პროცესში არგენტინაში უგზოუკვლოდ დაიკარგა რამდენიმე ათასი ადამიანი. ვერ გავიგე, ეს უზენაესი საბჭოა თუ ხუნტა?
რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, მართლა გურამ აბსანძემ ჩაშალა თუ არა ეს სესია, აუცილებლად უნდა გამერკვია, დავუკავშირდი და სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე მისი ნაამბობი, რომელსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობ:
,,მე ჩამოვედი საქართველოში სწორედ იმისთვის, რომ ეს ე.წ. სესია არ ჩატარებულიყო. ჩემს გვერდით არიან ადამიანები, უზენაესი საბჭოს წევრები, კონსტიტუციური ხელისუფლების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რომლებსაც შერჩათ სინდის-ნამუსი და კაცობა. მათ დაგმეს ამ მცირე ჯგუფის უზენაესი საბჭოს სესია, ამ ჯგუფიდან ზოგიერთს შეჩერებული აქვს უზენაესი საბჭოს დეპუტატობა. მაგ, გელა ჩორგოლაშვილს, რადგან ის გახდა პუტჩისტი. ის თავდაპირველად წმ. ილია მართლის საზოგადოებაში შევიდა და მაშინ შექმნა ქარტია-91 და ესენი ყველანი მხარს უჭერდნენ პუტჩს და მე ახალს არაფერს არ ვამბობ. ემზარ გოგუაძესაც შეუჩერდა უფლებამოსილება. იმ ე.წ. სესიაზე მხოლოდ კემულარიას და შავთვალაძეს არ ჰქონდათ შეჩერებული. რაც შეეხება ჩემზე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში, ეს გელა ჩორგოლაშვილმა და ემზარ გოგუაძემ და მათმა ბოტებმა გაავრცელეს: აგენტი გურამ აბსანძე ჩამოვიდა მოსკოვიდან და იმ სესიის ჩაშლა უნდა, რომელსაც ექვსი თვე ამზადებდნენო. რაც შეეხება იმას, რომ თურმე მოსკოვიდან ჩამოვედი, მოსკოვიდან არ ჩამოვსულვარ, რადგან იქ არ ვცხოვრობ. სესია, დიახ, ჩავშალე. ეს იყო ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ მოღალატეობრივი აქტი. მადლობელი ვარ იმ უზენაესი საბჭოს დეპუტატების, რომლებიც იქ არ მივიდნენ და არ მიიღეს მონაწილეობა ვიღაცა ჭიჭეს მიერ დაგეგმილ ავანტიურაში, რომელიც გარედან იყო შეკვეთილი და ვიცი, რომ სერიოზული დანახარჯები იქნა გაწეული მათ მიმართ, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს ამ ვითომ სესიას, რომელიც საზღვრის გარედან იყო შეკვეთილი. ესენი ვითომ უზენაესი საბჭოს დეპუტატები არიან. რაც შეეხება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩემს კაგებეშნიკობასთან დაკავშირებით, რაც მე ტანჯვა-წამება გავიარე, ციხე, დევნილობა, ცამეტი ტყვია მაქვს ორგანიზმში, ოჯახური ტრაგედიები, ჩემი ახლობლებისა და ნათესავების უბედურებები, დედაჩემი და ჩემი ძმა ჩემს ამბავს გადაყვნენ, ვინმეს აგენტი ვყოფილიყავი, ამდენი რამ გადამხდებოდა? კაცი, შეიძლება, ცხოვრობდე მოსკოვში კი არა, კრემლში და ქართულ საქმეს აკეთებდე, ცხოვრობდე ამერიკაში და უცხო ქვეყნის აგენტი და უცხო ქვეყნის ინტერესების გამომხატველი იყო. შპიონები, ჯაშუშები და ბოზები (რესპონდენტის თხოვნით, ყველა სიტყვას უცლელად ვტოვებთ) თავიანთ წრეში მოიკითხონ“…
ვაი, ამათ პატრონს, უბედურს! მე კი ბოლოს იმას ვიტყვი, რასაც თითქმის ყველა წერილში – ქართველი ხალხი თვითონ თუ არ დაირაზმა და ახალგაზრდა ეროვნული ლიდერები წინა პლანზე არ წამოიწევიან, ესენი ახალ შარში გაგვხვევენ, მერე აღარც დეპოლარიცზაია და აღარც პოლარიზაცია გვიშველის!!!
alia.ge