ბოლო რამდენიმე დღეა გააქტიურდა საკითხი, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის შესახებ. ერთგვარი კამპანია ეხება იმ ფაქტს, რომ რუსები ჩვენთან შემოდიან არა ტურისტებად, არამედ ქვეყანაში დასარჩენად და გარკვეული ბიზნესის წამოსაწყებად, რაც ბუნებრივია, საქართველოს მოქალაქეების გაღიზიანებას და შესაძლოა, შიშსაც კი იწვევს. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ახლოვდება 8 აგვისტო, თარიღი, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. მოახლოებული 14 წლისთავი და რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესია ჩვენს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამ სურათს მეტ სიმძაფრეს სძენს. შესაბამისად, ზრდის შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენონ.
იმის გამო, რომ ამის რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზანს ემსახურება, „ქართულმა ოცნებამ“ საჭიროდ ჩათვალა გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, რომ რაიმე სახის პროვოკაცია თავიდან იქნეს აცილებული.
როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „რადიკალებს ქსენოფობიური კამპანიით უნდათ გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რათა საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში – „ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას“.
მმართველი პარტია მოუწოდებს ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი, მათივე შეფასებით, „საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა“.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ეს კამპანია შესაძლოა სხვა ფაზაში გადავიდეს, კერძოდ, ქართველ ერს რუსებისგან განმათავისუფლებელ „გმირად“ კონკრეტული პარტია მოევლინოს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. როგორც საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში თქვა, ზოგადად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა შეცდომა იყო, თუმცა დღეს, გამწვავებული ვითარების ფონზე, მისი ხელახლა ამოქმედება, კიდევ ერთი შეცდომა იქნება.
„საზოგადოებაში თუ გაფართოვდა და გაძლიერდა ქსენოფობიური განწყობები, ვიღაცა ამით აუცილებლად ისარგებლებს. თოფი ტყუილად სცენაზე დაკიდებული არასდროს არის და ის, ვინც ამ განწყობებით ისარგებლებს, შემდეგ ეცდება, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ანტირუსული განწყობების საფუძველზე. რომელი პოლიტიკური ჯგუფებიდან იქნებიან ასეთი ადამიანები, ვინც ამით დააპირებს სარგებლის პოვნას, ადვილი მისახვედრია.
თუკი მოხერხდა, რომ ანტირუსული განწყობილებები ძალიან გაძლიერდა, შემდეგ გამოჩნდება ლიდერი, რომელიც ამ ანტირუსული განწყობილების შემსრულებლად მოგვევლინება, იმ გმირად, რომელიც იხსნის რუსებისგან ქართველებს და ამ გმირს უკვე მოიყვანენ ხელისუფლებაში.
სავიზო რეჟიმის დაწესება რა საჭიროა ახლა, გამწვავებულ ფონზე?! ზოგადად, არც მოხსნა არ იყო საჭირო, სააკაშვილის შეცდომა იყო სავიზო რეჟიმის მოხსნა. თუმცა, მისი ხელახლა ამოქმედება უკვე ახალი შეცდომა იქნება, რაც გარკვეულ რეაქციებს გამოიწვევს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ქსენოფობიას არ გამოხატავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ თავი დაიცვას.
„სავიზო რეჟიმის შემოღება არ ნიშნავს ქსენოფობიას. რუსეთის ბევრი მოქალაქის შემოსვლა საქართველოში, ბიზნესის წამოწყება და ა.შ. ქმნის გარკვეულ პრობლემას. რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში შემოდის, კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ევროკავშირსაც აქვს შემოღებული სავიზო რეჟიმი ბევრ ქვეყანასთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქსენოფობიას იჩენს.
არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ არის საუბარი. პირველ რიგში, თავად „ქართული ოცნება“ აღვივებს დაპირისპირებას. ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება, როდესაც განსხვავებული აზრის გამოხატვას ხელს არ უწყობ. რუსეთი ღიზიანდება იმაზე, რომ საქართველოს გააჩნია დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველომ თავი უნდა დაიცვას, საუბარი არ არის ქვეყნის ომში ჩართვაზე, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები საქართველომ უნდა განსაზღვროს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
კობახიძის განცხადებით, მათგან, ვინც სავიზო რეჟიმის შემოღებას უჭერენ მხარს, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. „ქართული ოცნების“ ლიდერი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფხიზლად და ფრთხილად იყვნენ, რათა ინციდენტები არ იყოს დაშვებული. კობახიძის თქმით, „საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის“ და ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ირაკლი კობახიძის ინფორმაციითვე, 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, მათ შორის მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 ათასი, საიდანაც უამრავი ეთნიკურად ქართველია.
for.ge