„გახარია არის ლუზერი“ – ირაკლი კობახიძე

0
465
35 Views

„ცხადია, შეიძლებოდა არადიპლომატიური გამოსვლებისგან თავი შეეკავებინათ, ხელისუფლებას ჰქონდა მანევრირების საშუალება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება დიდი პოლიტიკური შეცდომა ევროპის მხრიდან“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

საქართველოში ვერ გაურკვევიათ, ვუნდივართ თუ არა ევროპას და აქვთ თუ არა ევროპელებს გრძელვადიანი ხედვა ჩვენს მიმართ. შესაბამისად, ევროსკეპტიკოსებმა უკვე ისტორიულ წახნაგებზე დაიწყეს საუბარი – ვუნდოდით კი ევროპას წინა საუკუნეებში? მე-13 საუკუნეში რუსუდანს დახმარების თხოვნაზე რომის პაპმა მხოლოდ ლოცვა-კურთხევა რატომ გამოუგზავნა? რატომ არ დაეხმარა ევროპა სულხან საბას? ევროპაზე გულაცრუებულნი იმასაც იხსენებენ, რომ მარტო საქართველო არ ყოფილა ამ დღეში, ევროპამ ბიზანტიაც შეატოვა თურქებს მე-15 საუკუნეში. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ჩვენ გვჭირდებიან ევროპელები და ეს დამოკიდებულება ცალმხრივია?

– ევროსკეპტიკოსების დამოკიდებულების მესმის, მაგრამ მათი მხრიდან ისტორიული პარალელების გავლება არ ვიცი, რამდენად სწორია ახლა, რადგან მე-11-12 საუკუნეების, გინდაც მე-17 საუკუნის ევროპა კატასტროფულად განსხვავდება დღევანდელი ევროპისგან. რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მაინც მოგვცემენ, მაგრამ ის, რაზედაც ისინი ლაპარაკობენ, თუკი სკეპტიციზმის საბაბს იძლევა, ეს იძლევა სკეპტიციზმის საბაბს საქართველოს ხელისუფლების მიმართ და არა ევროპელების მიმართ. გასაგებია, ჩვენ მშვენივრად ვიცით, რაც ხდებოდა „ნაციონალური“ მმართველობის დროს, ჩვენ ვიცით დეტალებიც და ნიუანსებიც, რადგან ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით და ამ ყველაფერს ვხედავდით, მაგრამ აქ პრობლემა ის კი არ არის, მედიამენეჯერია ნიკა გვარამია თუ არა და სააკაშვილი უკანონო პატიმარია თუ არა, ეს არც არის და არც იქნებოდა პრობლემა, რომ სამართლიანი სასამართლოს პრობლემა არ გვქონდეს ქვეყანაში. ეს არის უმთავრესი და ამ დროს ჩვენს ხელისუფლებას ისრები სხვა მიმართულებით გადააქვს. გახსოვთ, ალბათ, როდესაც მოსამართლეებს ნიშნავდნენ, რამდენჯერმე იყო მოწოდება, ჯერ რეფორმა გაატარეთ, შემდეგ მოსამართლეები დანიშნეთო. მუდმივად იყო დასავლეთიდან ასეთი მოთხოვნები და დღეს, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი თემები არ არის. კიდევ მეორე პრობლემაა, როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს, „ნაციონალებს“ ევროპარლამენტში ლობისტები ჰყავთო, ხელისუფლებას ვინ დაუშალა და ვინ აუკრძალა ლობისტების ყოლა, გნებავთ, ევროპარლამენტში, გნებავთ, ამერიკის კონგრესში?! თუ ფინანსებზეა ლაპარაკი, ხელისუფლებას გაცილებით მეტი ფინანსები აქვს, ვიდრე ჯამურად აღებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, ივანიშვილს აქ საერთოდ არ ვგულისხმობ. ასე რომ, საქართველოში სკეპტიციზმის საბაბს ევროპა არ იძლევა, სკეპტიციზმის საბაბს იძლევა ჩვენი ხელისუფლება, დღევანდელიც, გუშინდელიც და გუშინწინდელიც.

„ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარია, როგორ ახსენეს სააკაშვილის, გვარამიას გვერდით ბიძინა ივანიშვილი…

– გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და არ ველოდი სანქციებზე ლაპარაკს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპელებს რაღაც სხვა ინფორმაცია აქვთ. ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ რეფორმების მხრივ ჩვენ უფრო წინ ვიყავით, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, კი, ეს ასე იყო, მაგრამ რეფორმები ეხება ყოფა-ცხოვრებას, ყველა სფეროს ეხება. მონოპოლისტური კანონიც რეფორმაა, გარემოს დაცვაც რეფორმაა, მაგრამ სასამართლოს რეფორმაც რეფორმაა. როდესაც რეფორმებზე ვლაპარაკობთ, რაოდენობრიობას აქ იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც მნიშვნელობა აქვს იმას, რეფორმები რომელ სფეროში გატარდა და რა შედეგით. ბუნებრივია, გარემოსა და ბუნების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ დემოკრატიული მიმართულებით რა რეფორმები გატარდა?

რაც შეეხება სანქციებს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე თავშეკავების გამო როცა გვსაყვედურობენ, რატომ არ ახსენდებათ, რომ თვითონ ევროპელებს ბევრად მეტი რესურსები აქვთ და მაინც რუსეთზე არიან ჩამოკიდებულნი?

– სანქციებზე როდესაც ლაპარაკობენ, ათასჯერ ითქვა, საქართველოს პარლამენტშიც და სხვაგანაც, კი ბატონო, შეიძლება ჩვენ ვიცავთ ამ სანქციებს და ჩვენი გავლით რუსეთისკენ არაფერი მიედინება, მაგრამ რა უდგას წინ კანონის მიღებას ან რეგულირებას, რომ საბაჟოზე იყოს კონკრეტული ჩამონათვალი? თუ მაინც ასრულებ ამ პირობას, გააკეთე ეს ისე, როგორც წესია. ეს პრობლემები მართლაც დაგროვდა.

ევროპარლამენტარი ვიოლა კრამონი ამბობს, რომ 24 ივნისამდე ბევრი დროა და ქართველ პოლიტიკოსებს რაღაცების გამოსწორება კიდევ შეუძლიათ. ღარიბაშვილი რომ ჩავიდეს ევროპაში და სიტუაცია შემოატრიალოს, ეს მაინც ხომ შეიძლება?

– ალბათ, შეიძლება რაღაცების გაკეთება. ერთია, რაც გაცხადდა ევროპარლამენტართა რეზოლუციის სახით და მეორეა, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს უამრავი მექანიზმი დააზუსტოს, მოსინჯოს, რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს, ან პირობები წამოაყენოს. არ ვიცი, ხელისუფლება დღეს რისთვის არის მზად და რისთვის არა, მაგრამ დიპლომატიური არხებით უნდა მოხდეს ამის გადამოწმება. ამაზე ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს. დღეს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვისთვის, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვინ რამდენი რეფორმა გაატარა, არ არის არსებითი. მართალია, ლაპარაკობენ რეფორმებზე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები ევროკავშირის მხრიდან. საქართველო რომ ლიდერი იყო, გასაგებია, მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ საქართველომ ბევრი შეცდომა დაუშვა, პირველ რიგში, ეს იყო ღარიბაშვილის და სხვათა არადიპლომატიური გამოსვლები, სხვაგვარად შეიძლებოდა ყველაფერი ეთქვათ, ხელისუფლებას ჰქონდა მანევრირების საშუალება. მიუხედავად ამისა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩვენ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება დათქმები. თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება დიდი პოლიტიკური შეცდომა, პირველ რიგში, ევროპის მხრიდან და ეს არ იქნება პოლიტიკურად სწორი.

Cesko