“ძმებ კაკულიებს არც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან და არც არაყიშვილზე დაჭრასთან კავშირი არ აქვთ” – ადვოკატი

0
464
39 Views

დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, მათი დაკავება არც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს არ უკავშირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ანთაძე აცხადებს, კაკულიებს ის იარაღი, რომლის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან, თვალით არ უნახავთ. ადვოკატის თქმით, კაკულიებს იარაღი „ჩაუდეს“.

„ორივე დაკავებულს შევხვდი, მათი დაკავება როცა მოხდა, ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ იარაღის შეძენა-შენახვისთვის არიან დაკავებულები, ოღონდ, თავლით არ ანახეს რა იარაღის შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. ვაკეში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით მათი კავშირი სრული აბსურდია, არანაირი შემხებლობა არ აქვთ და არც ამ საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავებულები. არაფერს ვამბობ სხვა საქმეებზე, რომელთაც ამ ბიჭებს „აწერენ“. რა თქმა უნდა, მეც დავინტერესდი და მათ შეკითხვა დავუსვი კვარაცხელიასთან დაკავშირებით, რადგან საკმაოდ გავრცელებული თემაა. ვკითხე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაბარებულები იყვნენ თუ არა პოლიციაში და ჰქონდათ თუ არა შემხებლობა. მათ აღნიშნულს სრული აბსურდი კი არა, სრული სისულელე უწოდეს, არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ ჰქონიათ, არც დაბარებულები არ ყოფილან საგამოძიებო უწყებაში“, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კაკულიებზე ძებნა იყო გამოცხადებული.

„ეს არის სრული დეზინფორმაცია, არანაირი ძებნა მათზე არ ყოფილა გამოცხადებული. ნაქირავებ სახლში იმყოფებოდნენ, როცა ღამის საათებში, სპეცრაზმი შევარდა და დააკავეს. ერთადერთი, დაკავების დადებითი მხარე თუ შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რა სიბინძურე და ტალახიც არის წამოსული მათკენ და მათი ოჯახისკენ, დარწმუნებული ვარ, ჩამოირეცხება და ყველა გაერკვევა, რომ მათ არანაირი შემხებლობა არც ვაკეში მომხდარ სროლასთან და არც ნიკა კვარაცხელიას საქმესთან არ აქვთ“, – განაცხადა ანთაძემ.

კითხვაზე, რადგან ნიკა კვარაცხელიას საქმეზე კაკულიების კავშირის დადგენა ამ ეტაპზე ვერ მოხდა, ამიტომ ხომ არ ეჭვობენ, რომ მათ იარაღი „ჩაუდეს“, ადვოკატმა ასე უპასუხა: „ამ ვერსიას არსებობის რეალური საფუძველი აქვს. რასაც აბრალებდნენ და რა ინფორმაციაც გავრცელდა, სრული აბსურდია. იარაღი თვალითაც არ უნახავთ, რა იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან, „ჩაუდეს“, ასე გამოდის“, – განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ძმები გუგა და დავით კაკულიები წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Cesko