ემიგრანტი მაია ელოშვილი, სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
ვინც ადრე ვერ ხედავდა, დღეს მისთვისაც ნათელია, რომ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს და არც საქართველოს ჰყავს მეგობრები.
ყველა სახელმწიფო, განსაკუთრებით ზესახელმწიფოები, საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების დასაცავად მოქმედებს და ამ პროცესში, იგნორირებულია “დაქვემდებარებული” ქვეყნების სუვერენიტეტი, დემოკრატია, არჩევანის თავისუფლება და ა.შ. როცა “ძლიერთა ამა სოფლისათა სჭირდებათ”, ბოროტება – სიკეთეა, ბნელი კი – ნათელი.
არც ამერიკული, არც ევროპული ღირებულება არ არის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის ხელისუფლების კრიტიკა, ლანძღვა, შანტაჟი და მოსამართლის დასჯა, ვინმესთვის არასასურველი განაჩენის დადგომის გამო.
დასავლური დემოკრატია არ არის, ელჩმა ან ევროპარლამენტარმა, თან მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალ სასამართლოზე ისაუბროს და თან ხელისუფლებას მოუწოდოს, ჩაერიოს და ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტლებაზე.
ისეთი დრო დადგა, იმდენად ამოტრიალდა სამყარო, ისე გაუფასურდა ტყუილ-მართალი, ვეღარ ვარჩევთ ვინ რომელი ქვეყნის წარმომადგენელია – სამართლის უზენაესობაზე დამყარებული, დასავლური დემოკრატიის ქვეყნების, თუ ხიდან ახლახან ჩამოსული, ფოთოლაფარებული პირველყოფილი ადამიანების, რომლებიც არ ცნობენ არც კანონს, არც სამართალს და გავლენებს ძალით მოიპოვებენ. თუმცა, მათაც ჰქონდათ გარკვეული “წესრიგი” და “თამაშის წესები”…
მას შემდეგ, რაც კგბ-ს გამოზრდილი სააკაშვილი დასავლეთის ვარსკვლავად აქციეს, “დემოკრატიის შუქურა” უწოდეს მკვლელს, ქვეყნის მოღალატეს და სისხლისმსმელს, არცერთხელ არ შეიმჩნიეს რეჟიმის მიერ უკანონოდ დახოცილი, ნაწამები, დაპატიმრებული, პატივაყრილი ადამიანები, მითვისებული კერძო საკუთრება, გაყალბებული არჩევნები, დარბეული აქციები, რუსეთზე გასხვისებული ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები,
დარბეულ-დახურული ტელევიზიები, დამტვრეული აპარატურა და ძირს დაყრილი ჟურნალისტები, 9 წელი ტაში უკრეს არაადამიანურ, ავტოკრატიულ-კრიმინალურ რეჟიმს და ახლაც, მათი უკან დაბრუნებისთვის იღვწიან, თითქოს აღარაფერია გასარკვევი.
მაგრამ, ჩვენო დასავლელო მეგობრებო, მაინც გეკითხებით:
– რატომ უწოდებთ პრორუს პოლიტიკანებს – პროდასავლელს, ქვეყნის მოკეთეს და პატრიოტს – პრორუსს, მტერს – მეგობარს, უწიგნურ პარტაქტივისტებს – დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს, დამნაშავე ნაცკრიმინალებს – პოლიტიკურ პატიმრებს, კრიმინალური ფულით დაფინანსებულ პარტიულ ტელევიზიებს – დამოუკიდებელს?
– რატომ აქციეთ ქართული პოლიტიკა და ჟურნალისტიკა კრიმინალების თავშესაფრად და რატომ პატრონობთ და იცავთ მათ დემოკრატიისა და “თავისუფალი სიტყვის დაცვის” სახელით?
– რატომ გავიწყდებათ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლები და ის, რომ საქართველო – მხოლოდ ტერიტორია ან მისი ხელისუფლება არ არის?
საქართველო – ქართველი ხალხია, რომელთაც კარგად გვახსოვს ნაცკრიმინალების სისხლიანი მმართველობა და ვინც არ უნდა მოინდომოს, ნებისმიერ ფასად, არასოდეს დავუშვებთ ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას.
– რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლების ძალადობით შეცვლით შეძლებთ ჩვენს დამორჩილებას და თქვენთვის სასურველი პოლიტიკის გატარებას?
– რატომ ვერ იგებთ, რომ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა და თავად წყვეტს ვინ ჰყავდეს ხელისუფლებაში?
ჩვენ გვაქვს უფლება, ავირჩიოთ მშვიდობა და არ ჩავებათ ომში, რომელიც საბოლოოდ გაგვანაგურებს.
რამდენჯერაც იტყვით, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა იდევნება, ზუსტად იმდენჯერ დაკარგავთ ჩვენს ნდობას. რადგან, ჩვენი მთავარი პრეტენზია “ქართული ოცნების” მიმართ ის არის, რომ დასჯისა და აკრძალვის ნაცვლად, კოჰაბიტაციაში შევიდა კრიმინალურ ძალასთან, მისცა მათ კონსტიტუციის ხელყოფისა და კანონმდებლობის თავზე დამხობის უფლება და მათი აქტივისტები დღეს არიან პარლამენტში, მედიაში, არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველის ოფისში, რომლებიც წერენ და გიგზავნიან დეზინფორმაციას. მათ მტრობას სამშობლოს მიმართ, საზღვარი არა აქვს. და თქვენც, ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ჩვენი ქვეყნის მტრების მხარდაჭერას განაგრძობთ. ხელისუფლებას, რომელმაც ისეთი ტიპის დემოკრატია შექმნა ქვეყანაში, რომ ნებისმიერს შეუძლია სხვისი სახელი ლაფში ამოსვაროს, შეურაცხყოს, ცილი დასწამოს და მათი დასასჯელი ქმედითი მექანიზმი კანონმდებლობაში არ არსებობს, დემოკრატიის ხარისხს უწუნებთ და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებთ.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
გახსოვდეთ! საქართველო გმირთა სავანეა. არა მხოლოდ წარსულის გამო, არამედ აწმყოშიც. “შინდისის გმირების”, გიორგი ანწუხელიძის, ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას ქვეყანას ვერავინ ასწავლის ვერც ქვეყნის სიყვარულს, ვერც სამშობლოსთვის ბრძოლას და თავდადებას.
მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს საამებლად და შექების სანაცვლოდ გავანადგუროთ ქვეყანა, ჩვენი შვილების მომავალი და თუ ამის გამო, ევროკავშირის წევრობაზე (კანდიდატობაზე) უარს გვეტყვით, თქვენ საბოლოოდ დაკარგავთ ქართველი ხალხის (და არა ხელისუფლების) პატივისცემას და მხარდაჭერას.
აშშ და ევროკავშირი, რომელიც მხარს უჭერს ნაცკრიმინალურ რეჟიმს და ქართველი ხალხის ამოწყვეტას, არ და ვერ იქნება ჩვენი მეგობარი.
აშშ და ევროკავშირი, სადაც ისჯება პოლიტიკას თუ მედიას შეფარებული კრიმინალი, სადაც პარტიულ ჟურნალისტს არ უწოდებენ თავისუფალი სიტყვის სიმბოლოს, სადაც ყველას უფლება დაცულია თანაბრად, სადაც იგნორირებული არ არის უმრავლესობის არჩევანი, სადაც პატივს სცემენ ქართულ კულტურას და ისტორიას, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ასეთი ევროკავშირია საქართველოს მომავალი და ასეთი ამერიკა – სასურველი მოკავშირე.
თუ თქვენც რუსი ოკუპანტივით, საქართველო თქვენი გეოპოლიტიკური მადის დასაკმაყოფილებლად, ხოლო ქართველი ხალხი საზარბაზნე ხორცად გჭირდებათ, იმედი უნდა გაგიცრუოთ. შიდა თუ გარე მტრების მიუხედავად, ჩვენ შეგვწევს ძალა, ყველას საკადრისი პასუხი გავცეთ…
საქართველო დიდი კულტურის და ისტორიის ქვეყანაა, რომელსაც ათეული წლებია ატყუებთ, აბითურებთ, ამცირებთ, აშანტაჟებთ, ჭკუას ასწავლით, თითს უქნევთ…
ძლივს, ხელისუფლებამ ხმა ამოიღო, არ დაგეთანხმათ, შეგეწინააღმდეგათ, გაგაკრიტიკათ და ისე ხართ გაგულისებული, რომ მზად ხართ მათ დასამხობად ისევ პოლიტკრიმინალებს შეეკრათ, ოღონდ ომში ჩაგვაბათ, რომ კიდევ ერთხელ შესძახოთ: რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია.
დიახ. ასწლეულებია, რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია და ამის დანახვას არ სჭირდება საქართველოს რუკიდან გაქრობა.
მეგობრები არ ითვლიან გვამებს და მათი რაოდენობით არ ზომავენ ურთიერთობის ხარისხს.
ჩვენ გვინდა დასავლური დემოკრატია და არა მისი პროფანაცია .
ჩვენ გვინდა ჩვენს მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და არა – ვინმეს მიერ ძალით მოყვანილი.
ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და არა – ვინმესგან მართული. და ეს ვინმე, სულერთია ვინ არის: რუსი, ამერიკელი, ევროპელი თუ აზიელი.
ჩვენ გვინდა ყველა ადამიანის თანასწორობა, კანონის უზენაესობა და არა – თქვენგან მხარდაჭერილი, პრივილეგირებული კრიმინალების დაუსჯელობა.
ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და თქვენ არ გვაძლევთ ამის საშუალებას, რადგან მხარს უჭერთ დესტრუქციულ-კრიმინალურ ძალებს და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებთ.
ომი მარტო თოფის გავარდნა არ არის. ჩვენ ომში ვართ მრავალი ათეული წელია. ჩვენ – ოკუპირებული ქვეყანა ვართ. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და არა – მბრძანებლის შესაცვლელად.
ჩვენ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა, დაფუძნებული საერთაშორისო კანონმდენლობასა და ურთიერთპატივისცემაზე და არა – ბატონისა და ყმის დამამცირებელი ურთიერთობა.
ჩვენ გვინდა ნამდვილი მეგობრები და არა – “ცხვრის ქურქში გახვეული მგლები”.
ჩვენ აღარ გვსურს ამდენი სიცრუის მოსმენა და დაცინვის ატანა.
ჩვენ იძულებული გავხდებით გარეთ გამოვიდეთ და ყველას, თქვენც და ხელისუფლებასაც განახოთ ჩვენი ძალა, გაგაგონოთ ჩვენი ხმა.
ჩვენ მოვითხოვთ:
ხელისუფლებამ, დაუყონებლივ მიიღოს ზომები და დაამყაროს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი. დასაჯოს პოლიტიკას, ჟურნალისტიკას და არასამთავრობო სექტორს შეფარებული ყველა დამნაშავე და ნებისმიერის მიმართ, ვინც შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს, უხეშად ერევა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და ხელს უშლის სამართლის აღსრულებას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
არ გააკეთებს ხელისუფლება? – გააკეთებს ქართველი ხალხი.
მაია ელოშვილი, ემიგრანტი