პოლიტიკოსი, “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ წერს. როგორც პარტიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რამდენიმე დღის წინ, ავარიით გარდაცვლილი თამაზ ინწკირველი გაჩეჩილაძის სიძეა.
“მშვიდობით ჩემო მეგობარო, ჩემო თაზო, ჩემი ოჯახის ბურჯო, ჩემო საყვარელო ვაჟკაცო. რამხელა ტრაგედიაა, როცა შენისთანა ახალგაზრდა, რომლიც მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით ცხოვრობდა ბედის უკუღმართობის გამო ტოვებს აქაურ სამყაროს.
ჭეშმარიტება ყოფილა, რომ უფალს მხოლოდ რჩეულები მიჰყავს! ძალან ძნელი იქნება ცხოვრება უშენოდ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, ოღონდ ჯერ არა, რადგან შენი დატოვებული სამი პატარა ანგელოზი გასაზრდელი და გზაზე დასაყენებელი მყავს!
ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც ჩემი სიძის, თამაზ ინწკირველის ტრაგედია გულთან მიიტანა და გულწრფელად გამოხატა თანაგრძნობა!” – წერს გაჩეჩილაძე. მისი წერილი პარტიის “ფეისბუქის” გვერდზე ვრცელდება.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთი-თბილისის გზაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილი თამაზ ინწკირველი პარლამენტში “მწვანეთა პარტიაში” მუშაობდა. ის გასული წლის არჩევნებში კენჭს იყრიდა საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატად.