,,პატარა კუბო იყო, შიგ რა იყო, არ ვიცოდი, რადგან ცხედარი ხომ დაიწვა” – ელდარ შენგელაია

0
429
24 Views

,,ვერა და ვერ გავაგებინე, ბატონო, ვერავის, რომ ალფა პლუს ბეტა, პლუს გამა, პლუს სიყვარული!.. პლუს სიყვარული უდრის აღმაფრენას!” – ასეთია ფრენის ფორმულა, რომელსაც ჩვენი ფილმის გმირი, ხანდაზმული შერეკილი, ქრისტეფორე ქადაგებს. სიყვარული, უდავოდ, უზენაესია ამქვეყნად, ის არის ყოველგვარი აღმაფრენისა და შემოქმედებითობის სათავე. ,,სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი” – ვერტიკალური, ანუ უსასრულობისკენ, ზეცისკენ მისწრაფული და ბრუნვადი, ანუ დედამიწის წიაღში დავანებული, დედამიწის წრებრუნვას აყოლილი… სიყვარულით ვიცხოვროთ, ბატონებო! ყველაფერ პოზიტიურს სწორედ სიყვარულით შევქმნით!” – ელდარ შენგელაია, დიდი კინორეჟისორი, ალეგორიული აზროვნებით, მსუბუქი იუმორით, ახალგაზრდული სულით და ტრაგიკული ცხოვრებით… ელდარ შენგელაია წელს 89 წლის გახდა.

ორი ტრაგიკული დღე

რეჟისორი პირველ დიდ ტკივილს ბავშვობაში შეეჩეხა, როცა მამა, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, გარდაიცვალა და მეორედ – უკვე ყმაწვილკაცობაში, როცა დედა, ქართული კინოს ვარსკვლავი, ნატო ვაჩნაძე, დაიღუპა. ბატონი ელდარი ამ ორ ტრაგედიას ,,სარკესთან” ასე იხსენებს:

– ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ერთ საბედისწერო დღეს კი…

– მამას გული გაუსკდა, – მითხრეს. სიტყვა “ინფარქტს” სასაუბრო მეტყველებაში არ იყენებდნენ.

– მერე რა მოხდა, შეუკერონ, – მიამიტად მივუგე.

ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. მაშინ 9 წლის ვიყავი, ჩემი ძმა, გიორგი – 5-ის. რაც მოხდა, მხოლოდ წლების შემდეგ აღვიქვი. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო… დედა ყოველმხრივ ცდილობდა, ჩვენთვის მამით ობლობა არ ეგრძნობინებინა, ეს დანაკლისი თავად შეევსო. სამი ძმიდან მე შუათანა გახლდით – თენგიზი ჩემზე 7 წლით უფროსი იყო, გიორგი – 4 წლით უმცროსი. თენგიზის მამა, მერაბ ვაჩნაძე, 1938 წელს ციმბირში გადაასახლეს და იქ დაიღუპა.

ჩემი და გიორგის მამა, ნიკოლოზ შენგელაია კი – 1943 წლის 4 იანვარს, კახეთიდან მომავალ გზაზე… დედა ჩვენს პრობლემებს ვაჟკაცურად უმკლავდებოდა.

საკავშირო კინოინსტიტუტში წესად იყო, ვინც კარგად ვერ ისწავლიდა, წლის ბოლოს გარიცხავდნენ. დედა ჩემ გამო ძალიან ღელავდა და მოსკოვში ჩამოფრინდა. იქ სხვა საქმეებიც ჰქონდა. გამოცდები რომ კარგად ჩავაბარე, ძალიან გაუხარდა.

– რაკი კარგად ჩავაბარე, თემიკო ჩირგაძესთან წავალ, – ვუთხარი.

– დროულად ჩამოდი მოსკოვში. დაგელოდები, შენს ჩამოსვლამდე თბილისში არ წავალ, თუ შეგაგვიანდება, ბილეთს დავაბრუნებ, – მომიგო დედამ.

ჩემი მეგობარი თემიკო ჩირგაძე (“ცისფერ მთებში” დირექტორ ვაჟა ზაზაევიჩს თამაშობს) სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამხედრო ავიაციაში განაწესეს, კალუგაში პატარა აეროდრომზე მსახურობდა. მასთან გავემგზავრე მეგობრებთან ერთად და კარგად მოვილხინეთ. მერე დავიძინეთ. ძილი ძალიან მიყვარს. სხვა დროს ბომბიც რომ აფეთქებულიყო, ძილს ვერ დამირღვევდა, მაშინ კი ზუსტად 3 საათზე გამეღვიძა. თემიკოც გავაღვიძე და ვუთხარი:

– მოსკოვში უნდა წავიდე, ახლავე!

– კი, მაგრამ ახლა მატარებლები არ დადის.

– რამე მაინც იქნება, თუნდაც საბარგო მატარებელი, – დავიჩემე.

მართლაც, გავედით ბაქანზე და, ბედად, საბარგო მატარებელიც ჩამოდგა, რომლითაც გავემგზავრე. მოსკოვის შემოგარენში კი “ელექტრიჩკაზე” გადავინაცვლე. მოსკოვში იმ სასტუმროში მივედი. დედამ მითხრა, უკვე ბილეთის დასაბრუნებლად მივდიოდიო.

– სიტყვა ხომ შევასრულე, შენთან ხომ მაინც ჩამოვედი, – მივუგე.

ჩემი უფროსი ძმაც მოვიდა. დედა ავტობუსში ჩავსვით და გავაცილეთ. წავიდა და წავიდა… თბილისში მოფრინავდა.

ნეტავ, არ ჩავსულიყავი დროზე, იქნებ იმ ავბედით რეისს ასცდენოდა!.. დედა 1953 წლის 14 ივნისს დაიღუპა, თავის დაბადების დღეს. 49 წელი უსრულდებოდა… მე 20 წლის ვიყავი, თენგიზი – 27-ის, გიორგი – 16-ის. ყველაზე ცოდო გიორგი გახლდათ, დედაჩემს სულ აკრული ჰყავდა, გვერდიდან არ იშორებდა.

დედა კულტურის სახლიდან გამოასვენეს. დაკრძალვას აურაცხელი ხალხი ესწრებოდა. მსახიობები კუბოს მიაცილებდნენ, რომელზეც იდო ერთი ვარდი. ვერის სასაფლაოზე წაასვენეს. მაშინ სასაფლაოს დიდი აგურის კედელი ერტყა. ხალხმრავლობის გამო კუბო კედლიდან გადაატარეს. შვილები ვეღარ შევდიოდით და ხალხის გაწევა გვიწევდა.

– რატომ მკრავ ხელს? – მისაყვედურა ერთმა ქალმა, – ნატო ვაჩნაძე მარტო შენი კი არა, ჩვენი დედაც იყო…

პატარა კუბო გახლდათ. მე არ ვიცოდი, შიგ რა იყო, ცხედარი ხომ ავიაკატასტროფაში დაიწვა. დრო რომ გავიდა, დეიდაჩემმა კირამ მითხრა, რომ იქ იყო მხოლოდ ხელის მტევანი ბეჭდით. ეს იყო და ეს… მერე გიორგიმ ბევრი იწვალა, რომ ნეშტი დიდუბის პანთეონში გადმოესვენებინა. სამი წლის შემდეგ მამაჩემიც გადმოასვენეს…

დედის გარეშე ცხოვრება ძალიან რთული იყო. ისევ გიორგიმ ივაჟკაცა, ის გვპატრონობდა. “ოთარაანთ ქვრივში” რომ გადაიღეს, ჰონორარი აიღო, მოსკოვში ჩამოვიდა, მკერავთან წამიყვანა და ძალიან კარგი პალტო შემიკერა, ჩემი ძველი პალტო უკვე შელახული იყო.

ჩემი სახელი ოჯახურ ჩრდილში იყო, რის გამოც პიროვნულად ძალიან ვიტანჯებოდი – ჯერ ნატო ვაჩნაძის შვილად მიცნობდნენ, შემდეგ გიორგის ძმად (“ოთარაანთ ქვრივის” შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა), არიადნა რომ ცოლად შევირთე, მერე ის გახდა პოპულარული. ჩემი ვინაობა ვერაფრით დავიბრუნე. ბოლოს, “არაჩვეულებრივი გამოფენა” რომ გადავიღე, რაღაცნაირად მეღირსა, თავი დამემკვიდრებინა.

Cesko